ახალი საკანონმდებლო ცვლილებების რისკ-ფაქტორები… „ რატომ დაასახელა გაერომ მარიხუანა სოციალურად ყველაზე საშიშ ნარკოტიკად?!“
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების რისკ-ფაქტორები
„ რატომ დაასახელა გაერომ მარიხუანა სოციალურად ყველაზე საშიშ ნარკოტიკად?!“
„საზოგადოებაში არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, თუმცა ევროპაში გავრცელებულ ძლიერ ნარკოტიკთა შორის, ჰეროინის შემდეგ, ის მეორე ადგილს იკავებს. შეუძლებელია ნარკომანიის მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციებით შეჩერება. რაც უფრო ლიბერალურად მოვიქცევით, უარეს შედეგს მივიღებთ. იმას კი არ ვამბობ, მომხმარებლები ციხეში უნდა ჩავსვათ, მაგრამ მარტო ჯარიმა საქმეს არ უშველის, ადმინისტრაციული ზომები უნდა იყოს ძალიან სერიოზული“, – ასე ეხმაურება პროფესორი, ექიმი-ნარკოლოგი გელა ლეჟავა ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონის ლიბერალიზაციას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანაფისა და მარიხუანის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500-დან 300 ლარამდე შემცირდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი გაუქმდება.
გელა ლეჟავა: ახლახან, ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულმა ცენტრმა (EMCDDA) გამოაქვეყნა რამდენიმე სერიოზული კვლევა, რომლის მონაცემების მიხედვითაც, ზოგიერთ ქვეყანაში მარიხუანას ( იგივე კანაბისის) მოხმარებაზე დარჩენილია სს (სისხლის სამართლის) პასუხისმგებლობა, ზოგან – ადმინისტრაციული სასჯელი. მარიხუანა-კანაბისის მოხმარება სს წესით ისჯება პოლონეთში, სლოვაკეთში, ფინეთში, ლუქსემბურგში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, შვედეთში… მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში კანაბისთან დაკავშირებული დანაშაული ისჯება პატიმრობით 5 წლამდე ვადით. ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულმა ცენტრმა კი გამოაქვეყნა შემაშფოთებული წერილი – „ძირითადი რისკები, რომელიც გაიზარდა ევროპაში“, რომელშიც ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად იზრდება სტიმულატორების მოხმარება და მათი მოხმარების პრინციპები. არსებობდა ასეთი მოსაზრება, რომ თუ მსუბუქ ნარკოტიკს, როგორიცაა ე.წ. ექსტაზი, მარიხუანა და სხვა, მეტ-ნაკლებად დაუშვებენ, მოსახლეობა მასზე გადავა და მძიმე ნარკოტიკის მოხმარებას შეამცირებს, რაც აბსურდია. ევროპაში გაზრდილია ჰეროინისა და სხვა ოპიოიდების მოხმარება. აღარაფერს ვამბობ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომელთა რიცხვი 560-ზე ავიდა, მათ შორის წამყვანია ხელოვნურად დამზადებული კანაბისი. რაც მთავარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა საკუთრივ მარიხუანა-კანაბისის მოხმარება, ასევე გაზრდილია მის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეს გამოწვეულია იმით, რომ კანაბისის პროცენტულ შემადგენლობაში მუდმივად იზრდება ე.წ. ტეტრაჰიდროკანაბიოლი (ძირითადი ნარკოტიკი), ადრე ის თუ 1% იყო, ახლა 28%-მდეა გაზრდილი. ევროპის კვლევის ძირითადი გზავნილი ასეთია _ სიტუაცია ევროპაში დამძიმდა, ნარკოტიკების მოხმარების პრინციპები შეიცვალა და აუცილებელია ევროპის ქვეყნებმა შეიმუშავონ ახალი წესები იმისათვის, რომ შესუსტდეს ამ ნარკოტიკების გავრცელება-მოხმარება.
_ კანონის ლიბერალიზაცია საქართველოში მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვს ხომ არ გაზრდის?
_ რა საკვირველია, გაიზრდება. თვითონ ისინი, ვინც დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ, ამბობენ, დასაწყისში მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება, მერე შემცირდებაო. ეს ძნელი სათქმელია, ვინაიდან, როგორც წესი, მომხმარებლები მარიხუანათი იწყებენ და შემდეგ უფრო ძლიერმოქმედ ნარკოტიკზე გადადიან. ეს გამოკითხვებმაც დაადასტურა. რაც უფრო ლიბერალურად მოვიქცევით, უარეს შედეგს მივიღებთ. იმას კი არ ვამბობ, მომხმარებლები ციხეში უნდა ჩავსვათ, მაგრამ ჩემი აზრით, მარტო ჯარიმა არ უშველის, ადმინისტრაციული ზომები უნდა იყოს ძალიან სერიოზული. როგორიცაა შიდაპატიმრობა, ავტომანქანის მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში ყოველკვირეულად გამოცხადება-შემოწმება და ა.შ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რაღაცნაიარად შევაკავოთ მარიხუანას და სხვა ნარკოტიკების მომხმარებლები.
_ მომხმარებელთა რიცხვი თუ გაიზარდა, სახელმწიფოს გააჩნია მათ სამკურნალოდ რესურსები?
_ ზოგადად, ნარკოდამოკიდებულების პრევენცია ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე – მკურნალობა. ამერიკელები და ევროპელებიც თვლიან, რომ პრევენციაში ჩადებული 1 დოლარი ზოგავს 12 დოლარს. ევროპა ჩვენზე 10-20-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციაზე (ერთ სულზე დაახლოებით 60-100 ევროზე მეტს ). ჩვენს ქვეყანას არ აქვს ამდენი სახსრები, ამიტომ აქცენტი პრევენციაზე უნდა გაკეთდეს. მარიხუანა ევროპის არც ერთ ქვეყანაში და არც აშშ-ში ოფიციალურად დაშვებული არ არის. ამ ზაფხულს გაიმართა გაეროს სპეციალური სხდომა, რომელიც მიეძღვნა მარიხუანას პრობლემებს, რადგან რამდენიმე ქვეყანამ – ურუგვაიმ, მექსიკამ, კოლუმბიამ შეიტანა გაეროში წინადადება მარიხუანას სტატუსის შეცლის შესახებ. მარიხუანა კონტროლირებად ნივთიერებათა პირველ სიაში იყო, რომელიც სოციალურად საშიშია და განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზომებს მოითხოვს. ისინი შეეცადნენ მარიხუანას სხვა სიაში გადატანას. გაერომ სერიოზულად იმსჯელა და ამაზე უარი თქვა, ვინაიდან მარიხუანა ერთ-ერთ სოციალურად ყველაზე საშიშ ნარკოტიკად დასახელდა. მარიხუანაზე საზოგადოებაში ისეთი წარმოდგენაა, თითქოს ის მსუბუქი ნარკოტიკია, თუმცა ევროპაში ჰეროინის შემდეგ სიძლიერით მეორე ადგილზეა. გაეროს თვალსაზრისით, მსუბუქი და არამსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს, მათ მიერ პირველ სიაში შეტანილი ყველა ნარკოტიკი მძიმეა. მათ შორისაა მარიხუანაც.
_ საბოლოოდ, რა შედეგებამდე მიჰყავს მომხმარებელი ამ ვითომდა უწყინარ ნარკოტიკს?
_ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, სადაც ფართოდ არის გავრცელებული მარიხუანას მოხმარება, იმიტომაა ღარიბი, რომ მარიხუანა თავიდან არხეინობის განცდას ქმნის, შედარებით იაფი ჯდება მისი შეძენა და ამიტომ მის მომხმარებელს უქრება ლტოლვა იმისა, რაღაცას მიაღწიოს. მარიხუანაზე დამოკიდებულება ცვლის თავის ტვინის სიამოვნების განცდის მექანიზმებს, ამიტომ თუ არ მოწევს მარიხუანას, ადამიანს ყველაფერი მუქ ფერებში ეჩვენება. გადის ხანი და, როგორც ყველა ნარკოტიკი, მარიხუანას ეჩვევა ორგანიზმი, ადამიანი ისეთ სიამოვნებას ვეღარ იღებს, ამიტომ სისტემატურად მომხმარებელთა დაახლოებით 20% მძიმე ნარკოტიკებზე გადადის. მარიხუანას ტოლერანტობა ახასიათებს, მას ორგანიზმი ეჩვევა. მომხმარებლები ჯერ დოზას ზრდიან, თანდათან მისით ვეღარ კმაყოფილდებიან და ბევრი მათგანი ფსიქოტროპულ საშუალებებსაც აყოლებს, რათა გააძლიეროს ზემოქმედება. ამის შემდეგ მომხმარებლებს ეწყებათ ჰალუცინაციები, გაორება, ზოგი კი თვითმკვლელობითაც ასრულებს სიცოცხლეს
_ თქვენს ცენტრში პაციენტების რიცხვმა თუ მოიმატა და რამდენი ნარკომომხმარებელია საქართველოში?
_ რა თქმა უნდა, ჩვენს ცენტრში მოიმატა პაციენტების რაოდენობამ, რომელთაც აქვთ მარიხუანასთან პრობლემები და განუვითარდათ ფსიქოზი. საქართველოში ნარკოტიკის ინტრავენური გზით მომხმარებელთა რიცხვი 50 000-მდეა და მგონი, პირველი ადგილი უკავია ევროპაში. ბევრმა მათგანმა სწორედ მარიხუანათი დაიწყო.
_ ცნობილია, რომ ახალ-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები იპყრობენ ბაზარს და არცაა გამოკვლეული, რა შემადგენლობისაა ეს ნარკოტიკები
_ არსებობს გაეროს სია, სადაც შეტანილია კონტროლირებადი ნივთიერებები და არის მოთხოვნილება, დაისაჯონ მათი რეალიზატორები. ფაქტობრივად, ეს დასჯადობა აძვირებს ამ ნარკოტიკებს. ქიმიურ ლაბორატორიებში დაიწყეს ახალი ნარკოტიკების შექმნა, რომლებიც დაახლოებით იმის მსგავს ეფექტს იწვევს, როგორსაც ჰეროინი და მარიხუანა, მაგრამ ბევრად უარესია, ვინაიდან გაურკვეველია მათი შემადგენლობა, ძნელი გასაგებია, როგორ, რა გზით არის ისინი მიღებული. ამ ტიპის ნივთიერებები დღეს 560-ია და არის ძალიან მავნე. საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იყოს დასჯადი, რითაც ევროპას გავუსწარით და რაც მისასალმებელია. ფსიქოაქტიური ნივთიერებებიდან ჩვენთან ყველაზე ხშირად „ბიო“ შემოაქვთ. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ნივთიერებების გამოსაკვლევი და დამდგენი სამსახური არ არის ჩამოყალიბებული და აუცილებელია მისი შექმნა. შეუძლებელია ეს ევროპის მოთხოვნაცაა. კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ნარკომანიის პრობლემას და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ მომავალ თაობაზე.
ანა არაბული