ინტერView

„ქართლის ცხოვრება დასაწვავია!“… ანუ ვინ აყალბებდა ჩვენს ისტორიას

შოკისმომგვრელი რიტუალები  ქრისტიანობამდელ საქართველოში

 

როგორ  ან ვისი ხელით ყალბდებოდა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები დროთა განმავლობაში?!  რომელი შოკის მომგვრელი ტრადიციები და რიტუალები არსებობდა  ქრისტიანობამდელი ხანის საქართველოში, რაც დავიწყებას მიეცა?! რაზე ღაღადებენ       ისტორიული  ნივთმტკიცებები  და რა  სენსაციურ აღმოჩენებამდე მივიდა  ჩვენი ისტორიით დაინტერესებული რეჟისორი,  რომლის ფილმის გადაღება „დიდ აჭარა -დიდი წიგნი“  უკვე დასასრულს მიუახლოვდა?! ამ და სხვა  არანაკლებ საინტერესო და იმავდროულად, სენსაციურ თემებზე EUROPRESS.GE -ს რეჟისორი, ზურაბ ცინცქილაძე ექსკლუზიურად  ესაუბრა. მანამდე მათ ისაუბრეს ქალები ქირურგიაში -ზე, რომელიც ახლახან ჩამოყალიბებას შეუდგა.

ზურაბ ცინცქილაძე:  როგორც ჩანს, მტერს უფრო მეტი ჭკუაც და ფინანსებიც აღმოაჩნდა იმისთვის, რომ ბევრი რამ ქართული  არაქართულად გაესაღებინა…  სამწუხაროდ,   ჩვენ საკუთარი  ისტორია სათნადოდ არც ვიცით,  შესაბამისად, მას  საკადრის  პატივსაც ვერ მივაგებთ. ახლა ერთ  საინტერესო შემთხვევას გავიხსენებ, ბაქოში ფილმის გადაღებაზე გახლდით, როცა თავად შევესწარი დიდ ფოიერვერკებს და სახალხო ზეიმს ქალაქში.  ამის მიზეზი  გახდა ის, რომ იუნესკომ აზერბაიჯანული ტოლმა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, რითაც  სომხებს „შავი დღე“ გაუთენდათ… ამას ისეთი სიხარული მოჰყვა ბაქოში, რომ ერთი კვირის განმავლობაში რესტორნებში ტოლმა უფასოდ გაიცემოდა… ზუსტად იმავე დღეს იუნესკომ სამი ქართული ანბანი  არამატერიალური ღირებულების  მსოფლიო ძეგლად აღიარა. ჩვენთან რამდენიმე ტელევიზიამ  მოკლედ გადმოსცა ეს ინფორმაცია, დაახლოებით ისე, როგორც  რომელიღაც უბანში წყლის შეწყვეტის შესახებ  გვამცნობენ და ამით მორჩა ყველაფერი… არავითარი ზეიმი,  ფოიერვერკი და სახალხო სიხარულის განცდა  არ გვქონია.  ეს რას ნიშნავს?! იმას,  რომ  რეალურად, ეროვნული ღირებულებებისადმი

გულგრილი დამოკიდებულება გვაქვს.

 

რას უკავშირებთ იმას, რომ არსებობენ ისტორიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რეალურადშოთა რუსთაველი ქართველი არ არის, ქართული ანბანი თითქოს სომეხის შექმნილია და ..

_ ეს ისევ ჩვენივე უნიათობის და გულგრილობის ბრალია. მაგალითად, ქართული დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ხოლო ზოგი სხვა კავკასიური ენაც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები) კინაღამ   სომეხ მესროპ მაშტოცს მიაკუთვნეს. დიახ, არსებობს  სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემა, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც მე-5  საუკუნის სომეხ ისტორიკოსს,  მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია  მე-5 საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“. კიდევ კარგი, ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია მე-6 საუკუნის ჩანართია. ამასთან, მე-5 საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს… მაგრამ ეს არ არის მთავარი  უბედურება.  რეალურად, ჩვენ არ ვიცით, როდის შეიქმნა ქართული ანბანი, ის ბევრად უფრო ადრეა შექმნილი, ვიდრე ოფიციალური წყაროებით სახელდება.  არქეოლოგიური მონაცემებით მის შექმნას მე-4 –მე-5 საუკუნეებს უკავშირებენ, თუმცა ნეკრესში (კახეთი) 1990, 2000 და 2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი  ბევრად უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდების   მთავარი გამყალბებელი   კი ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენივე „ქართლის ცხოვრებაა“, რომელიც  სხვა ეროვნების ისტორიკოსებს ინსინუაციების საფუძველს აძლევს.

_ ძველი დროის ისტორიკოსებს ედავებით თუ თანამედროვეებს?

_ სამწუხაროდ, სულმდაბალი  ადამიანები ადრეც არსებობდნენ და დღესაც არიან,  რომელთა  მოსყიდვაც  შესაძლებელია. ვერავინ დამაჯერებს, რომ ისინი  მიზანმიმართულად არ ჩადიოდნენ ასეთ საქციელს…  მაგალითად,  „ქართლის ცხოვრებაში“  წერია,  რომ  ჰაოსს ეპყრა მთელი ქვეყანა გურგენის ტბიდან (კასპის ზღვიდან)  პონტოს ( შავ) ზღვამდე… ის იყო ყველაზე ძლიერი, ჭკვიანი, წარმატებული…  ნახეთ როგორ იწყება ქართლის ცხოვრება: „პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა,  ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს.“  ე.ი.  ამიერკავკასიის ხალხს  ერთი მამა  თარგამოსი ჰყავდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი.  სიტყვა „სომეხით“ რომ  იწყება ჩემი ქართლის ცხოვრება, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი და ეს სულისკვეთება ბოლომდე იკითხება.  მერე გრძელდება ასე:„ ხოლო შვილთა შორის მისთა, გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს.“ ე.ი.  სომეხი ჰაოსით იწყება ეს ამბავი, რომელიც  ყველაზე უფრო დიდი გმირი იყო და უზომოდ განდიდებულია ის შემდეგ ეპიზოდებშიც. შემდეგ „ქართლის ცხოვრება“ მოგვახსენებს, რომ თარგამოსმა გაჰყო  ქუეყანა და ნახევარი ჰაოსს მისცა, დანარჩენი ნახევრი კი იმ  „საწყალ“ 7 ძმას, რომლებიც მას მორჩილებდნენ. მათი განმგებელი ყოფილა ჰაოსი. მე თუ მკითხავთ, ეს გაყალბებული „ქართლის ცხოვრება“  საერთოდ დასაწვავია!… ჩვენ კი ამის ნაცვლად, რა გავაკეთეთ?! რამდენადაც მახსოვს,  2000 წელს ერთ-ერთმა ქართულმა  გამომცემლობამ  „ქართლის ცხოვრება“ დაბეჭდა, სადაც   ჩაწერა ის ერთი  წინადადება, რაც ძველ გამოცემაშიც კი არ იყო ნახსენები.  კერძოდ ის, რომ  თურმე ამხელა ტერიტორიებზე რომელსაც ჰაოსი განაგებდა, ენაც ყოფილა სომხური(?!).  ჩვენმა  „ვაი ისტორკოსებმა“  (კიდევ კარგი, ყველას არ ეხება)  გააკეთეს ეს და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს იყო შეცდომა! დიახ, ეს გახლდათ მიზანმიმართული  არაქართული ქმედება და დანაშაული. მე არ ვიცი, რა კანონები უნდა არსებობდეს ისტორიის გამყალბებლების წინააღმდეგ, მაგრამ მსგავსი ქმედებები რომ დასჯადი უნდა იყოს, ეს ფაქტია! ზოგიერთ ქვეყანაში  ამა თუ იმ სიტყვის არასწორი ინტონაციით წარმოთქმისთვისაც კი არსებობს   სასჯელი და ჩვენ ისტორიის გამყალბებლებიც ვერ დაგვისჯია! ბევრი სხვა საშინელებაც წერია „ქართლის ცხოვრებაში“, კერძოდ ის , რომ თურმე  ჰურიათა მოსვლამდე, ჩვენი წინაპრები  გარდაცვლილი ადამიანის ლეშით იკვებებოდნენ, არ იცოდნენ არც ძმა, არც და, დედა, არაფერი…   ამ დროს ჩვენს საუკეთესო ტრადიციებსა და რიტუალებზე იქ არაფერია  ნათქვამი.

რაც შეეხება შოთა რუსთაველს, რომელიც თქვენ კითხვაშივე ახსენეთ, ჩემი კვლევებითა და ინფორმაციით, ის ქურუმი გახლდათ. დიახ, ქურუმთა უძველესი ტრადიციები არსებობდა საქართველოში, რომლის შესახებაც  სამწუხაროდ, არავინ არაფერი იცის.  მეც  ფილმის გადაღებისას „დიდ აჭარა , დიდი წიგნი“  შევიტყვე ამის შესახებ…

 

_ რას გულისხმობთ?     

_ სცენარზე მუშაობისას გახლდით აჭარის მთიანეთში, სადაც არის უძველესი ალაგი, ხიხანი ჰქვია.  ხიხანი ჩვენს ძველ ენაზე, კოლხურად,  ხანამდელს ნიშნავს. სამწუხაროდ, ხიხანს რომ ვახსენებთ, ჩვენი ისტორიკოსები და მეცნიერები  ხიხანის  ციხეზე საუბრობენ, რომელიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება.  მე კი ვგულისხმობ ქრისტიანობამდელ ხანას და ალაგს ჩვენს ქვეყანაში, სადაც უძველეს ქვის სარკოფაგს მივაკვლიეთ.  სწორედ ამ სარკოფაგთან დაკავშირებული  ცოდნის ძიებისას  შევიტყვე ამ უძველესი ტრადიციის, ქურუმთა კურთხევის წესის შესახებ…  ქრისტინობამდელ ხანაში, რომელსაც ბნელხანასაც კი უწოდებენ, თურმე  ქურუმები ცხოვრობდნენ, რომელთაც  შეეძლოთ საღვთო ცოდნასთან მიახლება, რასაც  „გარდაცვალების“  შედეგად იღებდნენ. ზოგი ასეთ გარდაცვალებას ლეთარგიულ  ძილსაც უწოდებს, როცა   ცოცხალი გარდაიცვლება, მიიღებს გარკვეულ ცოდნას და უკან მობრუნდება… ზოგჯერ  განგება  ვინმე უბირსაც კი მოუვლენს  საჩუქრად ასეთ რამეს, მომავალ  ქურუმებს კი ასეთი   `გარდაცვალებისთვის  სპეციალურად ამზადებდნენ და შემდეგ უკან მოაბრუნებდნენ.  აირჩევდნენ  განგებისგან ხელდასმულ  პერსონას და სპეციალური დიეტებით ხორცსა და სულს უწმენდნენ.  არსებობს წყაროები, სადაც აღწერილია ქურუმად მომზადებისა და კურთხევის რიტუალი. აქედან ვგებულობთ,  რომ საგანგებოდ შერჩეულ მოწაფეს, წლების განმავლობაში უმუშავებდნენ ცნობიერებას, კონტროლის ჩვევებს, რათა ინიციაციიის პერიოდში შეენარჩუნებინა ცნობიერების სიცხადე და აზრების საჭირო მიმართულებით წარმართვის უნარი. საგანგებო  დიეტა, ბალახებისგან  გამონაწური წვენები,  ორგანიზმის ენერგიისთვის, სისხლისა და სხეულის სისუფთავისთვის გამოიყენებოდა. მას სიკვდილის მოხმობის წესსაც ასწავლიდნენ და ასევე,  შიშის დაძლევას, იმას, თუ  როგორ უნდა მოქცეულიყო ზმანებათა საუფლოში საშიშ მოჩვენებებთან და ცდუნებებთან…  როდესაც მოწაფეებს მომზადებულად მიიჩნევდნენ, სავსე მთვარეობის პირველ დღეს, მზის ჩასვლისას,  პროცესია მიემართებოდა სამარხისკენ, მოწაფეს შეასმევდნენ სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობის გამომწვევ სასმელს და შემდეგ ქვის კუბოში, სარკოფაგში ჩაასვენებდნენ, მძიმე  სახურავს დაახურავდნენ.   (სწორედ ეს სარკოფაგი ზემო  აჭარაში მოძიებულია  და დღესდღეობით დევს ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.)    შემდგომ  დამარხული მოწაფის ცნობიერებაზე ტელეპათიურად ზემოქმედებდნენ ქურუმები, რომლებსაც შეეძლოთ გაეგოთ, თუ რას განიცდიდა სარკოფაგში მყოფი. ის  განიცდიდა თავის მომავალ ბედს, ხელდასმული  და ნათელღებული ღვთაებრივ ცნობიერებას ასე ეზიარებოდა, ქრებოდა  ქვეცნობიერი და არაცნობიერი, გონებაში კი  სიცხადე და სინათლე  ისადგურებდა და მას  ჰქონდა  სიბრძნე და  პასუხები  ყველა კითხვაზე… ხელდასმულს აღარ იზიდავდა არაფერი ამ ქვეყნიური, არ აშინებდა სიკვდილი, რამეთუ  იცოდა, რომ ის  არ არსებობდა!

ასეთივე ქურუმი  გახლდათ  ზემო აჭარაში წმინდა აბუსერისძე ტბელი და  ჩემი ვარაუდით, შოთა რუსთაველიც, რომლის გაქრობა იმდროინდელი ისტორიიდან ალბათ ამ  საკითხს უკავშირდება…  თანაც  არსებობს ბიზანტიის იმპერატორის განკარგულება, რომლის თანახმადაც,  აიკრძალა ვარსკვლავთმეტყველება  მე -10 საუკუნის დასაწყისში და ის ეშმაკეულ საქმედ ჩაითვალა.  ჩანს, რუსთაველი ამის  მსხვერპლი გახდა, რომლის ბრძნადმეტყველი  „ვეფხისტყაოსანი“ თითქმის  600 წლის მანძილზე აკრძალული იყო და თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. შოთა რუსთაველის კოსმიური აზროვნება, რისთვისაც ვარსკვლავთმრიცხველობა და მსგავსი მისთვის შეიძლებოდა დაებრალებინათ, ამ სიტყვებიდანაც ჩანს: „აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან; მას გააგონე, რანიცა ცეცხლნი უშრეტი მდებიან“. ის იყო დიდ ვარსვლათმცოდნე  და ბრძენი წინასწარმეტყველი,  ის ქურუმი გახლდათ…

 

_ ბატონო ზურაბ, ასეთი განცხადებები მაინც რა  ინფორმაციის წყაროებს ეფუძნება?

_ სხვადასხვა ინფორმაციის წყაროებს ეფუძნება. თავდაპირველად ამა თუ იმ ადგილის სახელწოდების,  ეტიმოლოგიიის გაშიფვრით ვიწყებ რომელიღაც ადგილის, ნივთმტკიცებულების და ინფორმაციის წყაროს  ძებნას, რომლის შესახებ მოთხრობილი იქნება   ფილმში „დიდ აჭარა –  დიდი წიგნი“…

ეს ფილმი შარშან უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ  სწორედ ამ ეტიმოლოგიის გაშიფვრამ, კონკრეტული ადგილების შესწავლამ მოგვცა ცნობები არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთელი ქვეყნის და  ამიერკავკასიის  ისტორიული წყაროების შესახებ… ზღვა მასალა დაგროვდა და ფილმის დასრულება დროში ამიტომ გაიწელა.   სწორედ აჭარაში ვიპოვე მერქანი, რომელის წვა რკინასაც ადნობს. ის რომ რკინის ღუმელში  შედოთ, რკინა დადნება.  აღმოჩნდა, რომ 4 ათასი  წლის წინ ამ მერქანის მეშვეობით რკინას ადნობდნენ.  დიახ, მე ძალიან ამაყი ვარ იმ ისტორიით, რომელიც ჩვენს ქვეყანას 4 ათასი წლის წინ ჰქონდა.  აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია საიდუმლო სადნობები, ქურები, სადაც რკინა დნებოდა.  ეს რომ ამ ხნის  არის, საიდან მტკიცდება?!  რკინა ხომ  რაღაც მასალისგან გადნა,  დარჩა წიდა,  რომელიც  გერმანიის ლაბორატორიაში  გაიგზავნა  და ჩამოვიდა პასუხი, რომ ის არის 4000 წლის წინანდელი. რკინის გამოდნობა, იცით, რას ნიშნავს?! იმას, რომ ვიყავით ზესახელმწიფო, რკინით დავჭედეთ ცხენის ნალები, მაშინ როცა, უნალო ცხენი 7-8 კილომეტრს გადიოდა, ნალიანი კი 30 კმ-ს… ხელში რკინის, მკვეთელი ხმალი გვეჭირა. სხვები რომ მიწას ჩიჩქნიდნენ, ჩვენ გუთანი გვქონდა. ე.ი. ეკონომიკური და    სამხედრო ძლიერება გაგვაჩნდა  და ეს იცის მსოფლიოს მეცნიერებმა, ჩვენ კი არა! რატომ ვამბობ  იმას, რომ ეს არ ვიცით და სათანადოდ არ ვაფასებთ?!  ახლავე აგიხნით, აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რომ მიხვალთ, ამ  ქურას და ზედ წიდას უზარმაზარი  ძვლების ჩონჩხი ადევს.  ვერ დავინახე ხეირიანად  ქურა დაწიდა, გავწვალდი,  შევძვერი ძვლების ქვემოთ ამხელა კაცი და ისე ვათვალიერებდი საამაყო წარსულის ნიმუშს… „ეს რა არის, მომაცილეთ!“, – ვთხოვე მუზეუმის დირექტორს. რას ამბობთ, ამ ძვლების სანახავად მოდის აქ ხალხი!- მიპასუხა…

თურმე სადღაც 60 -იან წლებში ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ერთ-ერთი გემის ეკიპაჟს დაუჭირავს დიდი, 30 მეტრი სიგრძის ვეშაპი… ამ გემზე ქართველი მეზღვაურიც  ყოფილა, რომლისთვისაც (ალბათ გამოვლენილი სიმამაცის გამო) უჩუქებიათ  ვეშაპის ძვლები, იმას ჩამოუტანია  და დაუდია აქ მუზეუმში.   ქურის თავზე დევს ვეშაპის ძვლები და ის თურმე უფრო საინტერესო ექსპონატი ყოფილა მნახველისთვის, ვიდრე ჩვენი რკინის ქურა და ქვის სარკოფაგი. ეს ამბავი  სიმბოლურად მივიჩნიე და  ახლა თქვენს მკითხველთან ვაცხადებ პირველად,   დიახ, ჩვენს  უძველეს ისტორიას  ვეშაპის თავი ადევს  და უფრო დიდი ეროვნული ღირებულების თუ რამე გვაქვს, სამწუხაროდ, არ ვიცით…

ეკა ასათიანი

 

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top