საზოგადოება

ვინ იზეიმა ახალი წელი წინასწარ?!… 2017 წლის კურიოზული ფაქტები

შესაძლოა, 2017  წლის კურიოზული გადაწყვეტილებები და ფაქტები  არც ისე ბევრი იყო, მაგრამ უდავოდ, დასამახსოვრებელი…  მაშ ასე, ამ მხრივ ვინ იკავებს   მოწინავე პოზიციებს?!

არ გვეგონა, თუ  თბილისის მერიაში `დახვეწილობის კურსების~ შემდეგ რამე გაგვაოცებდა… (მერიის თანამშრომლებისთვის დანა-ჩანგლის სწორედ მოხმარების სწავლებას და ამის დაფინანსებას ვგულისხმობთ).  თუმცა გაირკვა, რომ  ნარმანიას უწყებას  2017 წელსაც არ  ჰყოლია ბადალი… 2017 wels, თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!)

დიდი აჟიოტაჟის და  სოციალურ ქსელებში ამ თემის  საჯარო განხილვის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურმა პირად საქმეში ¬ საყვედური გამოუცხადა ზედამხედველს, ვისაც ამ საქმიანობის გაკონტროლება ევალებოდა. მისი სახელი და გვარი დღეს  კაციშვილმა არ იცის, სამაგიეროდ, ნარმანიას მერობის დროს ლიანდაგზე  დაგებული ასფალტი კიდევ კარგა ხანს არავის დაავიწყდება!…

წლის კურიოზული გადაწყვეტილება დუშეთის მუნიციპალიტეტში თავად აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა…  კერძოდ,   აუდიტორული შემოწმებისას გამოვლინდა  ფაქტი, რომ თურმე გამგებლის გადაწყვეტილებით,  საფინანსო სამსახურის  უფროსს ბიუჯეტის ფულით დაუფინანსდა ბალნეოლოგიური თერაპია და  ტალახის აბაზანები; სოციალური სამსახურის თანამშრომელსა და მის შვილს – წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები და მასაჟები, ხოლო საკრებულოს მთავარ სპეციალისტს – ცხვირის ძგიდის ოპერაცია… ამბობენ, იმ პერიოდში გამგებელი უცოლო ბრძანდებოდა და თანამშრომელთა ესთეტიკური მხარე მისთვის ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

აი, ვანში კი თურმე ნაადრევად ზეიმობენ ახალ წელს!… მიზეზი ბანალურია,- ცუდი წელი ჰქონიათ და ურჩევნიათ მალე დაამთავრონ! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ვანში საახალწლო კონცერტი 29 დეკემბერს, ხოლო ნაძვის ხესთან თეატრალური სანახაობა- 31 დეკემბერს, 12 საათის დადგომისთანავე დასრულდება. ვანის ახლადარჩეულ მერს, ალეკო გიგირიშვილს განმარტებისთვის მივმართეთ.

_ დიახ, 29 დეკემბერს  გვაქვს კულტურის სახლში დაგეგმილი ღონისძიება. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები საახალწლო კონცერტს ჩაატარებენ და რა  არის ამაში გასაკვირი?! ვერ ხედავთ, ევროპული ქალაქები  თვენახევრით ადრე იწყებენ ახალი წლის აღნიშვნას…

_ და სად იყო საერთოდ ზოგიერთი მათგანი,  როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო და კოლხეთის ამ მიწაზე  აიეტმა შემოდგა ფეხი, ხომ?!

_  დიახ, ასეა… ვანს სიძველით ბევრი ქალაქი ვერ შეედრება.  ახალი წლის ღონისძიებებს რაც შეეხება,  31 დეკემბერსაც გვექნება  12 – ის ნახევარზე თეატრალური წარმოდგენა  ნაძვის ხესთან, ქალაქის ცენტრში, რაც 12 საათზე ფოიერვერკით დასრულდება…

_ ანუ კონცერტი 31 დეკემბერს  ნაძვის ხესთან არ იქნება…

_არა, როგორც გითხარით, მხოლოდ თეატრალური წარმოდგენა…

_ და ისიც  ახალი წლის დადგომისთანავე დასრულდება?

_დიახ…

_ ალბათ, ვანისთვის 2017 წელი მთლად კარგი წელი არ იყო და სჯობია რომ მალე დამთავრდეს, არა?

_ სიმართლე გითხრათ, მომავალი წლისგან უფრო მეტს ველით. ქალაქის ცენტრი  ისე ვერ არის მოწესრიგებული, როგორც უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვცდილობთ რომ გავალამაზოთ. მე ახლადარჩეული მერი ვარ  და საკმაოდ ამბიციური გეგმები მაქვს.  არაერთი ისეთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომ ვანი დაახლოებით ორ წელიწადში  ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი  ცენტრი  გახდება.

_შეიძლება ითქვას, სტარტი უკვე აღებული გაქვთ და  წარმატებებს გისურვებთ!

_ დიდი მადლობა.

ეკა ასათიანი

კომენტარის დატოვება