საზოგადოება

რა ღირს მძევალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე?!

არასამთავრობო ორგანიზაცია „განიარაღება და არაძალადობა“-ს თავმჯდომარე რიმა გელენავა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) ადამიანების გაუჩინარების პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს და ამბობს, რომ 90-იანი წლების შემდეგ  სურათი თითქმის არ შეცვლილა. მისივე თქმით, აფხაზეთში გატაცების მსხვერპლნი არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე რუსი ტურისტებიც არიან ვისაც გიტარა უყვარს, რომლებიც ხშირად როგორც შრომითი, ასევე,  სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან. europress.ge-ს რიმა გელენავა ესაუბრა.

_ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანების გატაცება-გაუჩინარებას პერმანენტული ხასიათი აქვს და ეს დანაშაული ძირითადად ანგარების, უთანხმოების, ტრეფიკინგის მიზნით ანპოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე ხდება. 90-იან წლებიდან 2005 წლამდე საქართველოს ყველა რეგიონში ძალიან მოხშირებული იყო ადამიანების გაუჩინარება. დღესდღეობით კი ეს ყველაზე დიდ პრობლემას  ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოადგენს რომლებიც კრიმინალების თავშესაფრად იქცა. აფხაზეთში ბევრი კრიმინალური დაჯგუფება ფუნქციონირებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ინტერნაციონალურია. ამ დაჯგუფებებში შედიან ქართველი და აფხაზი კრიმინალები, რომლებიც ყველა შემთხვევაში შეკრულნი არიან ადგილობრივ მილიციასთან, ასევე, რუსულ საოკუპაციო ძალებთან. გატაცებები ხშირად გალის რაიონში, განსაკუთრებით თხილის სეზონისა და ციტრუსის აღების პერიოდში ხდება, გამოსასყიდის მოთხოვნის, მაშასადამე, ანგარების მიზნით.

_დაახლოებით რა ღირს მძევალი,  გამოსასყიდი თანხა რამდენს შეადგენს?

_საბაზრო ფასი დამოკიდებულია თავად მძევლის, მისი ოჯახის შესაძლებლობებზე. გამოსასყიდი თანხა საკმაოდ სოლიდურია და ის ყოველწლიურად იზრდება. მაგ. მძევლის ფასი 10 წლის წინ თუ  მაქსიმუმ 100 ათას აშშ დოლარამდე მერყეობდა, დღეს უკვე 500 ათას დოლარსაც აღწევს. მინიმალური ფასი კი ათასი დოლარია. ვაჭრობა მაქსიმალური ფასიდან იწყება და დაკლება მძევალის ოჯახის შესაძლებლობიდან გამომდინარე ხდება.   სამწუხაროდ, ასეთი ბევრი ფაქტი არ ხმაურდება, ვინაიდან გატაცებულის ოჯახს არ აქვს იმედი, რომ ძალოვანი უწყებიდან ვინმე დაეხმარება, ამიტომაც გატაცება-გაუჩინარებას ლატენტური ხასიათი გააჩნია. გარდა ამისა, აფხაზეთში ხშირია ტურისტების გაუჩინარებისა და გატაცების ფაქტები, რომლებიც შემდგომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან.  მსხვერპლები ძირითადად,  რუსი ეროვნების  არიან, ვინაიდან სხვა, ევროპის მოქალაქეებისთვის აფხაზეთი სახიფათო ზონადაა მიჩნეული და  რეგიონში ტურისტად ჩასვლას თავს არიდებენ. გამტაცებლებს რუსი ეროვნების გატაცებული მოქალაქეები  პლანტაციებში სამუშაოდ მიჰყავთ. ხშირ შემთხვევაში ისინი როგორც შრომითი, ასევე, სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლნი ხდებიან, მაგრამ ასეთი ფაქტები არ ხმაურდება, ვინაიდან 80%-ზე რეაგირება არ ხდება. ასევე, ხშირია უკანონო დაკავებები საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, წლების წინ, როდესაც დე ფაქტო მილიცია აწარმოებდა ე.წ. ანტიკრიმინალურ და ანტიტერორისტულ ოპერაციებს, გალის რაიონში, ხშირი იყო ადამიანების დაკავება და შემდეგ გაუჩინარება. საბოლოოდ, ზოგ გაუჩინარებულს ცოცხლად, ზოგსაც მოკლულს პოულობენ. ასეთმა ოჯახებმა უნდა მიმართონ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რათა ეს საკითხი  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე განიხილონ. ბევრმა არ იცის, ვის მიმართოს, უფრო აქტიურად რომ იყოს წარმოჩენილი ეს პრობლემა. ჩვენმა ორგანიზაციამ ახლახან გაახმაურა ზუგდიდში მომხდარი საშინელი ტრაგედია, როდესაც 90-იან წლებში ერთი ოჯახიდან სამი ძმა გაუჩინარდა. იმ ხანად  აფხაზები  ე.წ. ანტიკრიმინალურ ოპერაციებს ატარებდნენ, ოჯახებიდან გამოჰყავდათ მამაკაცები, რომლებიც  მერე უჩინარდებოდნენ.  ინფორმაცია ზუგდიდელი ძმების _ ძაძამიების შესახებ არსად გავრცელებულა, ვინაიდან ოჯახი არ იყო აქტიური. ფაქტი ჩვენ გავახმაურეთ და ინფორმაცია  საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდეთ. ოჯახი თავიანთი წევრის დაკარგვის შესახებ არსად აცხადებენ, ვინაიდან ჰგონიათ, რომ გატაცებულს სიკვდილით დასჯიან და ცდილობენ თავისი გზებით მოაგვარონ პრობლემა, გადაიხადონ გამოსასყიდი, ან ჩარიონ კრიმინალები. დღესდღეობით, კრიმინალური დაჯგუფებებს  აფხაზეთის რეგიონი  ზონებად აქვთ დაყოფილი. ტყვარჩელს,  ოჩამჩირეს,  გალს  ყველას  სხვადასხვა  დაჯგუფება აკონტროლებს  და  აქედან გამომდინარე, მოსახლეობაც ცდილობს მათთან მოაგვაროს პრობლემა. აფხაზეთში ადამიანების გატაცება სარფიან ბიზნესად იქცა. ცხინვალის რეგიონს რაც შეეხება, იქაც ხშირია მოსაზღვრე სოფლებიდან ადამიანების გატაცება-დაკავებები, მათ რუსებისგან აქვთ დავალებული, რომ ასე მოიქცნენ. მძევლები ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიჰყავთ და რაც არ უნდა ცინიკური იყოს, საზღვრის  გადაკვეთის ბრალდებით  უკანონოდ აპატიმრებენ და აჯარიმებენ.  დე-ფაქტო ხელისუფლება  ბიუჯეტს ამ გზით ავსებს.

პ.ს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „2016 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო ბრალდებით 134 ადამიანია დაკავებული, რომელთაგან 132 გათავისუფლდა (ერთი პირი გათავისუფლდა 2017 წელს, ხოლო ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაშია). ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სუს-ის მიერ 193 უკანონო დაკავება იქნა რეგისტრირებული. უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებელია.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს, მათ შორის, „ცხელ ხაზსა“ და IPRM (ინციდენტების პრევენციისა და მათზე  რეაგირების შეხვედრებს, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება“.

ანა არაბული

კომენტარის დატოვება