მაგდა პაპიძე შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართავს
Europress.ge -სთვის ცნობილი გახდა, რომ ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პატიმრის დამ, ლანა პაპიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა.
_ ადამიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს მაშინ, როცა უამრავი რამაა გამოსაძიებელი, ბევრ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი. სამწუხაროდ, განაჩენის გასაჩივრებაზე უზენაესმა სასამართლომ ური გვითხრა, არც სტრასბურგს ექვემდებარება ეს საქმე, ვინაიდან მაგდას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ერთადერთი გზა დარჩა… მაგდა პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნას აპირებს. აბა, სიკვდილისთვის ხომ არ გავიმეტებთ?! გამომძიებელს უთქვამს მისთვის, ისე გაგიხდი საქმეს, ოჯახის წევრებმა ტუალეტის ქაღალდიც კი ვერ შემოგაწოდონო. გამომძიებელი შვილმკვდარ და გაუბედურებულ დედას ამას რომ ეტყვის, ადამიანია?! მაგდა ჯერაც ვერ გამოსულა შოკიდან, დიაბეტი აქვს, ინსულინზეა, ისედაც გაუბედურებული დედაა და 24 საათი კამერების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ყოველთვის უჭმელი იყო, ახლა კი თითქმის აღარ იკვებება. ფიზიკურად ძაან დასუსტებულია. აბაზანაშიც წაქცეულა და თავი დაურტყამს. ბავშვის დაკარგვით მან უზომოდ დიდი სტრესი მიიღო, ამ დროს კი გამომძიებელი ჩვენ გვეკითხებოდა,- ხომ არ იცით, ვიდეოთვალის ფირში ვინ ჩანს, ღამით „მერსედესი“ რომ ჩერდება და ურნაში ნაგავს ყრის, ვისია ეგ მანქანაო?! არავინ გამოიძია, თუ რატომ იყო გასროლილი ომარის იარაღიდან, რატომ ჰქონდა ის დამალული და არა – თან? რატომ იყო 4 საათიდან დაბლოკილი ომარის ტელეფონი… ანძაც ჩემმა დამ ხომ არ გამორთო? ომარი უროთი არაა მოკლული! ის დაჩეხილი იყო, თავი გადაპობილი ჰქონდა და ტვინი გადმოსული, ცალი ყურიც მოფლეთილი ჰქონდა. მაგდა შოკში იყო, თქვა,- თავზე ხელი რომ მოვკიდე, ხელზე ტვინი ამყვაო. და დავიჯერო, რომ მაგდამ მოკლა ამხელა ორმეტრიანი სპეცრაზმელი კაცი და ის არ შეებრძოლა?! ომარს ხელები დაჩეხილი, თითები დამტვრეული, მარცხენა მკლავზე კი ნაფხაჭნები ჰქონდა. ექსპერტიზაზე კი მაგდას ფრჩხილიდან ომარის დნმ არ ამოვიდა! ასე, რომ ეს საქმე არ არის გამოძიებული! წინა დღეებში ოთარ ბერძენიშვილი იმუქრებოდა,- შენს ქმარს ფუკასავით გავაქრობო. მითხრას ვინმემ, რატომ არის დღემდე თვითონ გამქრალი და გადაკარგული? რატომ არ გამოიძიეს წესიერად, სად იყო მკვლელობის მომენტში ეგ ნარკომანი? ან ვის ცოლს „ეფარცქვალებოდა“ _ სპეცრაზმელის, ომმოვლილი და სახელიანი ბიჭის ცოლს? არ გამოვრიცხავ, მას მოეშორებინა ჩემი სიძე. ვერავინ და ვერაფერი დამარწმუნებს იმაში, რომ მაგდამ საკუთარი შვილი – თორნიკე მოკლა. – აცხადებს მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე.
შეგახსნებთ, რომ გასული წლის 20 დეკემბრის ღამით, გრიგოლ ფერაძის 6 ნომერში საზარელი მკვლელობა მოხდა. მამა-შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრები მეზობლებმა გამთენიისას კორპუსის ეზოში ნახეს. პოლიციაში მოწმედ წაყვანილი 26 წლის მაგდა პაპიძე ქმარ-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით იმავე დღეს დააკავეს. ბრალდებულმა ვერდიქტის გამოტანა ნაფიც მსაჯულებს მიანდო, რომლებმაც 2016 წლის 4 ივლისს ის შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის მტკიცებულებებს წარმოადგენდა დანაშაულის იარაღი – ურო და მის თავზე აღმოჩენილი სისხლის ლაქა, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლით გაჟღენთილი ბალიში, ზეწრები და სხვა ნივთები, სისხლის კვალი დერეფანსა და ოთახში, ომარ ქაფიაშვილის დედისა და მეზობლების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პაპიძემ სისხლიანი თეთრეული გასარეცხად დედამთილის ოთახში შეიტანა. ასევე, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი პაპიძის ხელნაწერი, რომელიც პროკურატურამ მკვლელობის გეგმად მიიჩნია და სხვა.