რეგიონი

ზალბერი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს, – ამის შესახებ  ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა  განაცხადა. ის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა.
„მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს  საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე, მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკაშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია,“ – განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

შეგახსენებთ, რომ ზალბერმა შეხვედრები ცხინვალში გამართა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი სოხუმში იმყოფებოდა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული თანამდებობის დაკავება მიულოცა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანიც კი დაიბარეს, ხოლო  ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი  მოითხოვს, რომ   ზალბერი  ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს  ჩამოშორდეს.

 

კომენტარის დატოვება