მთავარი

ვახტანგ ბოჭორიშვილის ნაკვალევი…

საბედნიეროდ, არსებობენ  პიროვნებები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებრივ  ცხოვრებაზე ღრმა კვალს ტოვებენ, გამოირჩევიან  ტალანტით, ნათელი აზროვნებით, კეთილგონიერებით,  ადამიანური თვისებებით, საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით.  სწორედ ასეთი გახლდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელიც 1924 წლის 25 მარტს ლაგოდეხის რაიონის სოფელ  გიორგეთში დაიბადა. ეს მრავალმხრივი  ნიჭის მქონე ადამიანი თითქმის ყველას უყვარდა, მათ შორის, კონკურენტებს (სხვადასხვა საქმიანობის სფეროში), ასევე, განსხვავებული  პოლიტიკური შეხედულების  მქონე ადამიანებსაც, რაც იშვიათად არის ადამიანის  ხვედრი.  მისი ავტობიოგრაფია საკმაოდ მდიდარია და ბევრ  საინტერესო ეპიზოდს  შეიცავს. ის ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ   სამხედრო ექიმად მუშაობდა, შემდეგ მოღვაწეობა  ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე განაგრძო. 1969 წლიდან ვახტანგ ბოჭორიშვილი თბილისში გადმოვიდა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას  ჩაუდგა სათავეში. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს,  ვახტანგ ბოჭორიშვილმა ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი, რამაც ფაქტობრივად, რევოლუციური შედეგი მოიტანა. მან პირველმა შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც  სიკვდილიანობის შემცირება უზრუნველჰყო.

ვახტანგ ბოჭორიშვილი 1970–1973 წლებში  საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრიც იყო.   მის სახელს უკავშირდება ე.წ. სეფსის  საწინააღმდეგო  რესპუბლიკური ცენტრის შექმნა, რომლის ბაზაზე ჩამოყალიბებული კლინიკა   დღესდღეობითაც ვახტანგ ბოჭორიშვილის  სახელს ატარებს.  შეიძლება ითქვას, მისი ძალისხმევით ( პროფესიონალ გუნდთან ერთად) მოხერხდა ის, რომ  საქართველოში  სეფსისის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65 % იდან  5- % მდე  შემცირდა!

შესაძოლოა, არც ისე ბევრმა იცის, რომ ამ ბრწყინვალე სამედიცინო კარიერამდე ვახტანგ ბოჭორიშვილს  თეატრალური განათლება და ამ სფეროში მუშაობის შესანიშნავი გამოცდილებაც ჰქონდა. ის თბილისის  თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე  სწავლობდა და ყმაწვილობისას სხვადასხვა თეატრში  რეჟისორის ასისტენტადაც მუშაობადა.  დიახ, ვახტანგ ბოჭორიშვილი სკოლის დამთავრებისთანავე,  1940 წელს, წარჩინების დიპლომით, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ჯგუფში, რომელსაც გამოჩენილი რეჟისორი,  ბატონი შოთა ახსაბაძე ედგა სათავეში. მეტად გაუსაძლისი და მშფოთვარე  ყოფილა მისთვის სტუდენტობის წლები. ყმაწვილ ბოჭორიშვილს ფრიადოსნის სტიპენდიაც კი ყოფით პრობლემებს ვერ უგვარებდა, რის გამოც ახალგაზრდა ვახტაგ ბოჭორიშვილი იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა სწავლა და თელავში დაბრუნებულიყო, სადაც  თეატრში ტექნიკურ რეჟისორად და მსახიობად დაიწყო მუშაობა. ვახტანგ ბოჭორიშვილი ახალგაზრდულ წლებში პოეზიითაც ყოფილა გატაცებული და ლექსებს თავადაც წერდა. მოგვიანებით კი, უკვე კარგად გვახსოვს პარლამენტის სხდომაზე მის მიერ წარმოთქმული   ლექსის სტრიქონები: „განთიადია, ვგრძნობ ამ გულით, ვიცი ამ ტვინით, ადამიანო, განთიადია!“ რატომ გადაწყვიტა მან მოსულიყო პოლიტიკაში ან გამხდარიყო  პარლამენტის დეპუტატი? ამის შესახებ თავად ვახტანგ ბოჭორიშვილი ასე წერდა: „პოლიტიკაში ჩემი ნამუსის გამო აღმოვჩნდი… ერთი ჟურნალი მომიტანეს, მასში არის წერილი: „კაცი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა ვახტანგ ბოჭრიშვილი“. ის კაცი  2 -3 წლის წინ დავმარხეთ და იყო დიდებული პატრიოტი, ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი და აქტიური წევრი იატაკქვეშა  ორგანიზაციისა – 1942-43 წლებში, სოლომონ ( ცუგრი) თევზაძე… „1942 -ში  7 კაცი დაიჭირეს და შვიდივე დახვრიტეს (ამ ორგანიზაციის წევრები),  ცუგრიმ მაშინ გაგვაფრთხილა: ბიჭებო, ჩვენი საქმე აღარ გამოვა, ამიტომ თქვენ ახალგაზრდები სასწავლებლად წადით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლასო. მერე, 1943 -ში, როცა უკვე საქართველოდან წასული ვიყავი, გავიგე რომ ორგანიზაცია ვიღაცამ გასცა, რომელსაც  ერთ-ერთ შეკრებაზე თავს დაესხნენ. ცუგრი ფანჯრიდან გადამხტარა და გაქცევისას ფეხში დაუჭრიათ.  ჯერ დახვრეტას უსჯიდნენ, მაგრამ მისის სასამართლო პროცესი 1944 წელს  გადავიდა,მაშინ კი უკვე ნაკლებად ხვრეტდნენ, ოღონდ ერთ პირობას უყენედნენ, – თუ გინდათ დახვრეტა გადასახლებით შეგიცვალოთ, მაშინ გვითხარით, გარეთ ვინ დაგრჩათო. ერთ-ერთი „ვინ“ მე ვიყავი. ცუგრი ძალიან ბევრი უწამებიათ, დაც კი მიუყვანიათ მასთან, მაგრამ ცუგრის ის გამოუგდია. ვერაფერი ვერ ათქმევინეს და ბოლოს  14 წლით გადაასახლეს.  ის სიცოცხლის ბოლომდე ანტისაბჭოთა ელემენტად დარჩა. ბოლოს კი  თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა : ის მაინც მოვახერხე, რომ   ქვეყანას 3 აკადემიკოსი გადავურჩინეო, ნიკო ჭავჭავაძე, სიმონ ხეჩინაშვილი და   ვახტანგ ბოჭორიშვილიო.

1989 წელს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის  წევრად ამირჩიეს. იმ წელს არადა, იქ ,  1990 წელს წავედი. ერთხელაც ჩემს მასპინძელთან ერთად ვუყურებ ტელევიზორს და უცბად ვხედავ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც აქეთ-იქეთ  ორი ახალგაზრდა უდგას და ულოცავენ  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას! იქ რაღა გამაჩერებდა! სუყველაფერი მივატოვე და გამოვიქეცი. ჩამოვედი, მაგრამ  სულაც არ მივსულვარ ზვიადთან,  არც ვაპირებდი.  უბრალოდ, მიხაროდა მანამ,  სანამ კიტოვანმა  (ამ უტვინომ)  გადაწყვიტა  ომი და  გაიყვანა რკონში თავისი მოტყუებული გვარდიელები.  აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი იყო მთავრობის სახლის წინ მიტინგებზე, სადაც ბატონი ზვიადი  ხშირად გამოდიოდა“- წერს თავის მოგონებებში ვახტანგ ბოჭორიშვილი.

ის  78   წლის ასაკში გარდაიცვალა, 11 სექტემბერს, პარლამენტმა იმ დღეს მუშაობა შეწყვიტა, იმ ადგილზე კი, სადაც ვახტანგ ბოჭორიშვილი იჯდა, ყვავილების თაიგული გაჩნდა…      ბედნიერებაა, როცა ერს ჰყავს ისეთი ადამიანები, როგორიც ვახტანგ ბოჭორიშვილი იყო, კაცი, ვისაც ქედს მოწინააღმდეგეც კი უხრიდა და პატივს სცემდა, ვინც   თავისი ცხოვრებით  ნათელი კვალი დატოვა.

 

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top