პოლიტიკა

არჩე-ვანი… „გაბედოს უგულავამ და მივიდეს სულიკო ასათიანის ოჯახში!“

ვანის და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის  სურვილი  უკვე არაერთმა კანდიდატმა  გამოთქვა. მათ შორის    არიან: „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა, „მრეწველთა პარტიიდან“ -ზურაბ ტყემალაძე და „ქართული ოცნების“  წევრი – დავით ლორთქიფანიძე.   კულუარული ინფორმაციით, პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის მიერ გამოთავისუფლებული  ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება და არც სხვა კანდიდატების დასახელებაა გამორიცხული.  საინტერესოა, რა არჩევანს გააკეთებს თავად „ქართული ოცნება“ და დაუჭერს თუ არა მხარს  დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც ვანელია და მას ადგილობრივი მოსახლეობაც  ყველაზე უკეთ იცნობს?! როგორც მოგეხსენებათ, ვანის და ხონის მაჟორიტარი  დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი „სუს“-ის  უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო მმართველ პარტიას  თავისი კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია.

სავარაუდო კონკურენტთა შესაძლებლობებს დავით ლორთქიფანიძე  შემდეგნაირად აფასებს:

 

_ როგორ შეიძლება ვანის და ხონის მაჟორიტარი  კანდიდატი გერქვას  და ერთხელ  არ იყო ნამყოფი წამებით მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახში?! მივიდეს  გიგი უგულავა ამ ოჯახში, თუ ამის ვაჟკაცობა ეყოფა  და მერეც თუ მიიღებს  არჩევნებში მონაწილეობას, ეს მის სინდისზე იყოს! მე დარწმუნებული ვარ,  ის  თუ გაბედავს და  ამ ოჯახში მივა, საარჩევნო კამპანია  ჩაეშლება…  მიხვდება, რომ  ამ რაიონის ხალხთან ლაპარაკს ვერასდროს მოახერხებს. სულიკო ასათიანს  ვანში დიდი ავტორიტეტი  ჰქონდა… მის სახელს ახლაც ყველა პატივს სცემს.   პირდაპირ  გეტყვით, გიგი უგულავას ჩემთან კონკურენციის შემთხვევაში   შანსი აქვს  ნოლის ტოლფასი!

_ სულიკო ასათიანი რომ წამებით იყო მოკლული, ამაზე ხმამაღლა საუბარი მისი გარდაცვალებიდან ძალიან მოკლე ხანში დაიწყეთ. მაშინდელი უშიშროების სამსახურს თქვენი დაშინება  არ უცდია?

_ როგორ არა, სცადეს!  „კეთილისმსურველებად“ მომევლინენ ისინი და გაჩუმება მირჩიეს, მაგრამ  „იმის იქეთ“ გავგზავნე და გამწვავება აღარ მოისურვეს. იმ ხანად ისინი ამ  სისხლიანი საქმის ჩაფარცხვით  იყვნენ დაკავებული.

_ხშირად აღნიშნავთ, რომ ვანი  უძველესი ცივილიზაციის ქალაქია, რომელიც სათანადოდ   არ არის დაფასებული.  ნაციონალები აცხადებენ, რომ  სწორედ მათ  ჰქონდათ  მისი ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების გეგმა, რასაც ზოგიერთი მნიშვნელოვანი  პროექტის დაწყება უკავშირდება…

_ არ დავმალავ, რომ  ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან დაკავშირებით ნაციონალებმა მართლაც  წარადგინეს პროექტი, რომლის მიხედვითაც  მუზეუმი 2014 წლის აპრილში  უნდა ყოფილიყო დასრულებული. თუმცა სააკაშვილის ხუშტურების გამო, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ  პიარსვლებს უკავშირდებოდა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა…   ის რამდენიმე თვით ადრე  ჩავიდა ვანში, სადაც გვიჩვენეს სახურავმოხსნილი მუზეუმი, რათა რამდენიმე თვეში ეთქვათ, თუ რა  ბევრი  რამ გააკეთეს… რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამისთვის სპეციალურად მოხსნეს მუზეუმს სახურავი.(?!)  ცხადია, ასეთი ქმედება არ იყო პროექტით  გათვალისწინებული და როცა წვიმები წამოვიდა, დასველდა და გაფუჭდა კედლები.  ამის გარდა  მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ნაციონალებს  ფულის მოტეხვაც   და წინა საარჩევნოდ მისი დახარჯვაც ჰქონდათ  განზრახული.  საქმე ის არის, რომ    ამ მუზეუმის მშენებლობა დაევალა ფირმა „სანის“, რომელიც ფაქტობრივად, ახალაიების  ფირმა იყო.  დიახ, მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა ახალაია ხალხს იჭერდა სამეგრელოში,  ადამიანებს  საპროცესო  გარიგების შემდეგ  მითითებულ ანგარიშზე შეჰქონდათ თანხა, რომელიც  ფირმა „სანის“ კუთვნილი აღმოჩნდა. ე.ი. ბიუჯეტში კი არ მიდიოდა ეს ფული, არამედ „სანის“ ანგარიშზე ირიცხებოდა.  ახალაიების ამ ფირმამ  2012 წლის არჩევნებამდე ბევრი ტენდერი მოიგო, ჯამში   40 მილიონის ღირებულების, მათ შორის ერთ-ერთი  სწორედ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას უკავშირდებოდა. საბოლოოდ,  ზემოთხსენებული თანხის 20 პროცენტი, ე.ი. 8 მილიონი „სანის“ ავანსად მისცეს.  თუმცა ამ თანხის ფარგლებში  მას არავითარი სამუშაო იქ არ შეუსრულებია. ვფიქრობ, რომ ეს ფული წინა საარჩევნოდ დაიხარჯა, თუმცა  ნაციონალებმა ეს არჩევნები წააგეს.    შემდეგ  ჩვენ გავხდით იძულებული,  რომ ამ მუზეუმთან დაკავშირებით ახალ  პროექტზე დაგვეწყო ზრუნვა, რადგან ძველი უვარგისი  იყო. მადლიერებით მინდა გამოვყო ეროვნული მუზეუმის, საქართველოს ინფრასტრუქტურის  და ასევე,  ფინანსთა სამინისტროს როლი, მათთან ერთად და  მსოფლიო ბანკთან მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ   ახალი პროექტის  პრეზენტაცია მოვახდინეთ.ახლა უკვე  2018 წლის  შემოდგომისთვის  ზემოთ აღნიშნული მუზეუმი ნამდვილად გაიხსნება, რაც  ვანს ტურისტებს შემატებს.

ნაციონალებს ან თუნდაც ყოფილ ნაციონალებს რა აქვთ სალაპარაკო, როცა მათ სახელს უკავშირდება ვანის ერთ-ერთ  სოფელში, მიქელეფონში  სკოლის გაუქმება. იცით, ეს  რას ნიშნავს?! ფაქტობრივად,  ბავშვებს აიძულებდნენ, რომ  მეზობელ სოფელში მდებარე სკოლამდე, რომელიც   14-16 კმ-ის მოშორებით იყო, ფეხით ეარათ. წარმოიდგინეთ პირველი ან  მეორე კლასის მოსწავლე, რომელიც ზამთარსა და ყინვაში   დილის 7 საათზე დგება და  ტყე-ტყე მიდის სკოლაში, რათა იქ 9 სათამდე მიაღწიოს, გზად კი    მგლებისა და ტურების კივილი ესმის… ამის გამო სრულიად სამართლიანად იყო აღშფოთებული  მოსახლეობა.  მათ  მადლობა  მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემთან ერთად იდგნენ აქციებზე და იმ ხელისუფლების შეცვლას ითხოვდნენ. პირნათელი ვარ იმითაც, რომ  ამ ადამიანებისთვის მიცემული პირობა შევასრულე და (ცხადია, ახალი ხელისუფლების თანადგომითა და ძალისხმევით)  სოფელს სკოლა  დავუბრუნეთ.   ნაციონალებმა ასევე, ერთ ლარად გაყიდეს საავადმყოფო ვანში და ებრაულმა კომპანიამ, რომელმაც ის იყიდა, აღარაფერი გააკეთა, პირიქით, პოლიკლინიკაც მიაყიდა და ფული იშოვა! დიდი ბრძოლა და გარჯა დამჭირდა იმისთვის, რომ  ეს ებრაული კომპანია ამ საავადმყოფოსთვის ჩამოგვეცილებინა და ახალი გზები მოგვეძებნა, რათა ვანს საავადმყოფო ჰქონოდა. ხელისუფლების და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის  მხარდაჭერით შევძელით და „ჯიპიაისთან“ ერთად,   „ჯეოჰოსპიტალსის“ პატარა, მაგრამ ევროპულ დონეზე აღჭურვილი  საავადმყოფო გავხსენით.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს მე არა მაჟორიტარი, არამედ, „ქართული ოცნების“  სიით  გასული დეპუტატი ვიყავი პარლამენტში, თუმცა  რაიონისთვის ბევრ რამეს ვახერხებდი. არც შემდეგ შემიწყვეტია აქტიურობა, როცა პარლამენტარი აღარ მერქვა. ინდივიდუალურად ბევრი ადამიანი მომმართავდა  დახმარების თხოვნით და უარს ვერ ვეუბნებოდი.  არაერთი მძიმე დაავადების მქონე ბავშვს  დავეხმარეთ, მახსოვს ერთ-ერთი სამკურნალოდ გერმანიაშიც გავუშვი, რასაც  30 ათასი დოლარი სჭირდებოდა. სახელმწიფოც შევაწუხე და კერძო პირებიც, საბოლოოდ,  საქმეც გამოვიდა, რადგან მთელი გულით მივუდექი ამ  ყველაფერს. რა თქმა უნდა,  ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი თუ გავხდები, ადგილობრივებისთვის  მეტის გაკეთებას შევძლებ.  ბევრი პროექტის მხარდაჭერის  სურვილი მაქვს, მაგრამ აქედან ამჯერად მხოლოდ  ორს გამოვყოფ… მაგალითად, ვანელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ვანი იყოს მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი, რასაც ხელი სერიოზულად უნდა მოვკიდოთ. ამის გარდა ვანში არის ძალიან სერიოზული ორი  ბალნეოლოგიური კურორტი – „სულორი“ და „ამაღლება“, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ.  არადა, იმდენი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ამ კურორტებს!…   ორივეს  გარანტირებული მომხმარებელი ეყოლებათ. აქ ძალიან ბევრი დაავადების განკურნება გახდება შესაძლებელი.  მათ რომ ფუნქციონირება დაიწყონ, ამას სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეწყობა და დახმარება უნდა. არსებობს გეგმა იმისთვის, რომ ამ კურორტებმა ეფექტიანი  ფუნქციონირება დაიწყოს. ასე რომ, შეჩერებას არ ვაპირებ…

_   ზურაბ ტყემალაძემ ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში  მონაწილეობის შესაძლებლობა არ გამორიცხა. მასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_   ჯერ არ ვიცით, რა სურს მას… კერძოდ,  „მრეწველთა პარტიიდან“ უნდა კენჭი იყაროს თუ „ქართული  ოცნებიდან“?! ის  თუ „მრეწველთა პარტიის“ სახელით აპირებს ამის გაკეთებას, მაშინ  პრობლემა არ  არის. აი, თუ  „ქართული ოცნებიდან“ უნდა ეს ამბავი, მაშინ  იგივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ვარ მეც და გუნდის შიგნით, ჩვენს შორის  უნდა მოხდეს დალაპარაკება… ეს კი ჯერჯერობით არ მომხდარა. მე ერთი რამ ვიცი,  თუ ვანსა და ხონში  ჩემი კანდიდატურა დასახელდება, არჩევნებს უპირობოდ მოვიგებ, სხვებს კი ეს შესაძლოა კიდეც გაუჭირდეთ.

ეკა ასათიანი

კომენტარის დატოვება