სამართალი

„ციანიდის საქმის“ მთავარ მოწმესთან დაკავშირებით სასამართლო ირაკლი ფირცხალავას დაკითხავს

 

29 ივნისს,  ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც პროკურატურის მოწმე,იურისტი  ლილიკო გელაშვილი დაიკითხა: „იცით, რომ  სასამართლო პროცესი დახურულია, ამიტომ   ბევრს ვერაფერს გეტყვით.  მხოლოდ იმის დაზუსტება შემიძლია, რომ ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე მოგვმართა ირაკლი მამალაძემ, მტკიცებულებები წარმოგვიდგინა და რჩევა გვკითხა… ჩვენ მას  ვუთხარით, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიემართა სამართალდამცავებისთვის და ის წავიდა პროკურატურაში.“   – განაცხადა ლილიკო გელაშვილმა europress.ge-სთან საუბრისას. ბრალდებული გიორგი მამალაძის  ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით კი, ლილიკო გელაშვილს   სასამართლოსთვის ახალი და მნიშვნელოვანი არც არაფერი უთქვამს. „მისი დაკითხვა ჩვენთვის საინტერესო ნამდვილად  არ ყოფილა, არც რამე  ახალი მოგვისმენია.  ამ  პროცესზე ერთადერთი მნიშვნელოვანი  სიახლე  ის იყო, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა მოვითოვე და მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  ეს  იმას ნიშნავს, რომ ფირცხალავა ერთ ან ორ კვირაში აუცილებლად დაიკითხება.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის  შესახებ აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ მისი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის პერიოდში  გადაიბირეს და  მეტსახელად „პრესა“ დაარქვეს.   ირაკლი ფირცხალავას თქმით, მამალაძეს ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფირცხალავას მიერ გაჟღერებულმა  ინფორმაციამ  ირაკლი მამალაძე ძალიან გააღიზიანა. მან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოც კი  დატოვა, რაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, სტრესის  მოსახსნელად  სჭირდებოდა.  თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის კვლავ საქართველოში დაბრუნდა და როგორც თავად განაცხადა, ტელეკომპანია რუსთავი2-სა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავის დაწყება დაანონსა.

კომენტარის დატოვება