მსოფლიო

როგორ შეუყვარდა რევოლუციონერ სტალინს თავადის ქალი?!… გაუხმაურებელი სიყვარულის დეტალები

 

ვინ იყო სტეფანია პეტროვსკაია?! ის სტალინის  საყვარელი ქალი იყო, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი არის ცნობილი. ისტორიკოსმა თენგიზ  სიმაშვილმა  მისი  სარეგისტრაციო ბარათი საქართველოს საისტორიო არქივში შემთხვევით  აღმოაჩინა და მისი  ყურადღება მიიპყრო წარწერამ  ”სასიყვარულო კავშირი –  ჯუღაშვილი“. ამის შემდეგ კი, მან   პეტროვსკაიას შესახებ ცნობების მოპოვება სცადა, რომელიც საკამოდ მწირი აღმოჩნდა.

 

თენგიზ სიმაშვილი:  მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი ცნობები  ამ ქალაბატონის შესახებ არ მოიპოვება, მაინც დავადგინე, რომ  სტეფანია ოდესაში დაბადებული­ თავადის ასული იყო, რომელსაც რატომღაც რევოლუციური მისწრაფებები ჰქონია.  სტალინსაც შეჰყვარებია თავადის  ქალბატონი, რომელიც ­ საკმაოდ დახვეწილი და განათლებული იყო. ცხადია, საიდუმლო პოლიციას, ჟანდარმერიას ან „ოხრანკას“ ასეთი სასიყვარულო­ კავშირის შესახებ ცნობები არ გამოეპარებოდა.  როგორც ვიცით, 1908 წლის მარტში, სტალინი  ბაქოში დააპატიმრეს და გადაასახლეს (სოლვიჩეგოდსკში). პირველად სწორედ იქ შეხვდა  ის  სტეფანია პეტროვსკაიას, ეს უკანასკნელიც  მოსკოვში  რევოლუციური საქმიანობისთვის იყო დაჭერილი­ და გადასახლებული. სტალინი ამ გადასახლებიდან გამოიქცა და რევოლუციური საქმიანობის გასაგრძელებლად  ისევ ბაქოში­ დაბრუნდა. მალევე  სტეფანია პეტროვსკაიაც  გათავისუფლდა  და ოდესაში ან მოსკოვში კი არ დაბრუნდა, სტალინთან  ჩავიდა ბაქოში. მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. 1910 წლის მარტის დასაწყისში  ისინი   ერთადვე დააპატიმრეს. ჩემ მიერ მოძიებულ დოკუმენტებით ჩანს, რა უპასუხა  დაკითხვისას ჟანდარმერიას სტეფანიამ, როცა  მას ჰკითხეს, თუ რა აკავშირებდა იოსებ ჯუღაშვილთან.  „ინტიმური კავშირი“- მოკლედ უპასუხა თავადის ქალმა.  ჯუღაშვილმა კი იგივეს შეკითხვას შემდეგნაირად  გასცა პასუხი: ”მე მას გადასახლებიდან ვიცნობ!“

ასევე, არსებობს­ ცნობა, სადაც დაპატიმრებული სტალინი ბაქოს ქალაქისთავს წერს: „მე მინდა სტეფანია პეტროვსკაიაზე დაქორწინება და გთხოვთ, ამის ნებართვა მომცეთ.„ სტალინს ნებართვა კი მისცეს, მაგრამ ისევ გადასახლებაში უკრეს თავი, რაც მისი პეტროვსკაიასთან დაშორების მიზეზი გახდა. მათ წლების მანძილზე ურთიერთობა აღარ ჰქონიათ. ჯერჯერობით დღემდე უცნობია, თუ რა ბედი ეწია სტეფანია ლეანდრეს ასულ პეტროვსკაიას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხზე  მუშაობის პროცესში დამატებითი ცნობებიც ამოტივტივდეს. ასეა თუ ისე, სტალინის და თავადის ქალის რომანი უიღბლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, თავად სტალინის წარმომავლობას…  ალექსან­დრე ციხითათრიშვილის ცნობებით (რომელიც 1936 წლით თარიღდება) „ჯუღაშვილების წინაპრები გორში არ დაბადებულან,  ისინი ცხოვრობდნენ სოფელ გერში,­ გორის მაზრაში, ლიახვის ხეობაში და როგ­ორც ამ ხეობის ყველა მცხოვრები, ისინიც მაჩაბლების ყმები ყოფილან.“

ეკა ასათიანი

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top