ქვეყანაში 50 მილიონამდე ყალბი ფული ტრიალებს?!
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, მამუკა ხუციშვილის აზრით, მიმოქცევაში ყალბი მონეტების და კუპიურების რაოდენობამ საგანგაშოდ მოიმატა.
„მარტო ერთ კვარტალში, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოქცევიდან 57 ათასი ლარის ოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღეს. ჩემი გათვლით კი ქვეყანაში 50 მილიონამდე ყალბი ფული ტრიალებს. პირადად, როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს წლის განმავლობაში ყალბი კუპიურებით და მონეტებით 25 „ლარი“ დამიგროვდა. ისინი თავად არ მიძებნია, ხურდაში მომცეს და ვინახავ. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ სამ მილიონამდე მოქალაქეს ჩემსავით დაუგროვდა გაყალბებული კუპიურები და მონეტები, დაახლოებით 20 ლარის ოდენობით მაინც. 20 კი სამ მილიონზე რომ გადავამრავლოთ, 60 მილიონი ლარია. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ყალბი ფულის მიმოქცევა იწვევს ინფლაციას, ფასების გაძვირებას, უმუშევრობის დონის გაზრდას და ეკონომიკურ კოლაფსსაც კი… ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რაც ვფიქრობ სახელმწიფოს ძალისხმევის გარეშე ვერ გადაწყდება. – განაცხადა მამუკა ხუციშვილმა