მთავარი

SOS! სად უჩინარდებიან არასრულწლოვნები და რატომ ვერ ადგენს ამას გამოძიება?!

დარეჯან დიასამიძე

28 აპრილს, საგარეჯოში  15 წლის არასრულწლოვანი იოსებ გიგაური გაუჩინარდა. დაკარგული ბიჭი პოლიციამ ორი დღის შემდეგ მამის სახლში, დედოფლის წყაროს რაიონის  სოფელ ზემო ქედში იპოვა. ბიჭი ფერმაში მწყემსად მუშაობდა… არასრულწლოვანთა გაუჩინარების შემთხვევებს ყოველთვის მსგავსი ბედნიერი დასასრული როდი აქვს? როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, არასწრულწოვანთა გაუჩინარების შემთხვევები არც თუ იშვიათია ჩვენს ქვეყანაში. ოჯახები  გაუჩინარებულ ბავშვებს წლობით ეძებენ  და მათი პოვნის იმედს არ კარგავენ. იმას, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვები ხშირ შემთხვევაში ოჯახებს არ უბრუნდებიან, ზოგი სამართალდამცველების არაკვალიფიციურობით, ზოგი კი სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობით ხსნის.

საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო 5 წლის (2012 – 2016 წწ.) განმავლობაში საქართველოში უგზო-უკვლოდ 1069 ადამიანი დაიკარგა. მათ შორის 632 მამრობითი სქესია, 323 _ მდედრობითი, 114 კი არასრულწლოვანი. გაუჩინარებულებიდან ცოცხლად ნაპოვნია 572, გარდაცვლილი _ 108. ოფიციალური მონაცემებით, ჯამში, ხუთი წლის განმავლობაში სულ გაუჩინარებულია 389 ადამიანი.

2013 წლის 7 აგვისტოს აჭარაში, სოფელ ახალშენში 16 წლის დარეჯან დიასამიძე დაიკარგა. გაუჩინარებული გოგონას კვალს დღემდე ვერ მიაგნეს. თავის დროზე, ფაქტის ირგვლივ ათასი ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის იყო ისიც, რომ გოგონა მოტყუებით თურქეთში გადაიყვანეს და ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. europress.ge 4 წლის შემდეგ ხელახლა დაუკავშირდა გაუჩინარებული გოგონას ოჯახს.

ამირან დიასამიძე, დარეჯანის მამა:

_ დარეჯანის შესახებ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ბავშვი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავარკვიეთ. მუდმივად ვაწუხებთ საგამოძიებო ორგანოებს, მაგრამ… ჩემი შვილის გზა-კვალი  გაქრა, არ ვიცით, ცოცხალია, თუ – მკვდარი. რა ვიფიქროთ? ოთხი წელი გავიდა, რაც დარეჯანი გაუჩინარდა და დღემდე არანაირი ვერსიაც კი არ გვაქვს. იქნებ ღმერთმა ინებოს და გამოჩნდეს. ოჯახში პრობლემა არ ჰქონია, რომ მისით გაქცეულიყო და გადაკარგულიყო, უფროსების დაუკითხავად არსად მიდიოდა, ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო. რამდენი ჭორი გავრცელდა, ზოგმა ისიც გვითხრა, თურქეთში გადაიყვანესო, ცოცხალია და გამოჩნდებაო… რა ვიცი, რა ვიფიქრო. ძალით თუ წაიყვანეს, მიკვირს, როგორ ვერავინ დაინახა? ვის არ მივმართეთ დასახმარებლად, სამართალდამცველებით დაწყებული, მაღალჩინოსნებით დამთავრებული, ცოცხალი, ან მკვდარი მაინც ეპოვნათ და დაებრუნებინათ ჩემი შვილი, მაგრამ ამაოდ. ეს საქმე მხოლოდ ღმერთისთვისღა გვაქვს მინდობილი.

დარეჯან დიასამიძე

გორის რაიონის სოფელ ბობნევის მოსახლეობა, პოლიცია და მაშველები კარგა ხანს ეძებდნენ ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას, რამაზ ჯინიყაშვილს. ბავშვი 2016 წლის 20 მაისის შუადღის შემდეგ გაუჩინარდა და ბოლოს სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, სოფლის ცენტრში, თანატოლებსა და 5 წლის ძმასთან ერთად ნახეს.

რამაზ ჯინიყაშვილი

ზურაბ ჯინიყაშვილი, რამაზის მამა: პოლიციელებმა და მაშველებმა მთელი ხეობა, მთა და ბარი გადაჩხრიკეს, მაგრამ რამაზის კვალს ვერსად მივაგენით. ბავშვი ხელჩაკიდებული გავზარდეთ, სულ ეზოში თამაშობდა. გაუჩინარების დღესაც ძმასა და მეზობლის ბავშვებთან ერთად იყო სახლთან ახლოს. ვერც ტყეში წავიდოდა, ვერც – მდინარეზე. იმ საშინელ დღეს ყველანი სახლში ვიყავით – ახალჯვრობას აღვნიშნავდით. ბავშვები გარეთ თამაშობდნენ. ერთი-ორჯერ სახლში შემობრუნდნენ, რამაზიც მათთან ერთად იყო  და მერე ისევ სათამაშოდ გავიდნენ. მტრობა არავისთან მქონია, შური რომ ეძიათ. ერთი წლის შემდეგაც გამოძიებას არაფერი აქვს ჩვენთვის სათქმელი, მხოლოდ იმას გვპირდებიან, პასუხი მოგივათო და დღემდე ველოდებით. რამდენჯერ ვიყავი ნანა გუგუტაშვილთან გორის პროკურატურაში, მაგრამ… თითქოს ცამ ჩაყლაპა ბავშვი. არც თვითმხილველია, არც ამბის მომტანი. მგონია, ბავშვებთან მოთამაშეს ვიღაც უთვალთვალებდა, რამაზი ლამაზი ბავშვია და მისი გარეგნობა მოეწონა, ამიტომაც გამოარჩიეს სხვა ბავშვებისგან და წაიყვანეს. ეჭვი გვაქვს, რომ ეს დანაშაული ჩვენმა თანასოფლელმა ჩაიდინა, ან ხელი შეუწყო გამტაცებელს. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ მგონია, მოტაცებულია ბავშვი. ამ ამბის შემდეგ დედაჩემი დარდით ლოგინად ჩავარდა, მეუღლეს მხედვეობა დააკლდა და გონება აქვს არეული.

რიმა გელენავა, ორგანიზაციის – „განიარაღება და არაძალადობა“ თავმჯდომარე:

_ 2006 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარებისგან დასაცავად. საქართველო ამ კონვენციას არ მიერთებია, რაც არ მიმაჩნია გამართლებულად, ვინაიდან კონვენცია გაუჩინარებასთან ბრძოლის დახვეწილი ინსტრუმენტია და ამ საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს კანონმდებლობა არ კმარა.

კონვენციის თანახმად, ოჯახის წევრები, რომელთა ახლობელიც გაუჩინარების მსხვერპლია, თავადაც იღებენ მსხვერპლის სტატუსს, დაზარალებულებად ცხადდებიან. ქართული კანონმდებლობის მიხედვით კი, იმისათვის, რომ დაკარგულის ოჯახის წევრმა დაზარალებულის სტატუსი მიიღოს, უნდა დამტკიცდეს, რომ პიროვნების დაკარგვისას სისხლის სამართლის ნიშნები სახეზე იყო. შედეგად საქმის გამჭვირვალობაც არაა უზრუნველყოფილი. კონვენციასთან მიერთების მოთხოვნით არაერთხელ მივმართეთ წერილობით როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებას, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. როდესაც კონვენციასთან მიერთება ხდება, სახელმწიფო კანონმდებლობა უნდა იყოს კონვენციასთან  შესაბამისობაში, კერძოდ: დაამკვიდროს ტერმინი _ გაუჩინარება, შემდეგ ხდება ოჯახის წევრების მსხვერპლად აღიარება, რეაბილიტაცია, გვარდება ეკონომიკური საკითხები _ თანხების ანაზღაურება… ანუ ბევრი თანმდევი პროცედურებია და ეკონომიკური ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ. ვინაიდან საქართველო არ არის მიერთებული კონვენციას, ამიტომაც არ გვაქვს ტერმინი გაუჩინარებული და გვაქვს _ უგზო-უკვლოდ დაკარგული. ასეთი პირი შეიძლება იყოს დაკარგული ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, ავადმყოფობიდან გამომდინარე, მაგ. მეხსიერების დაკარგვის გამო, მაგრამ გაუჩინარება შეიძლება იყოს კრიმინალური ხასიათის _ დაიკარგა მოტყუებით, დაპირებით და ა.შ. როდესაც ადამიანი უჩინარდება, უნდა არსებობდეს საფუძველი იმისა, რომ ამ შემთხვევაში ჩართული იყვნენ ამა თუ იმ სტრუქტურებთან დაკავშირებული პირები, მათი აგენტები, ან წახალისებულები და სხვა. რაც შეეხება ბავშვებს, მათი  გაუჩინარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ტრეფიკინგი, რომელიც ტრანსნაციონალურია და შეუძლებელია ტრეფიკიორს ბავშვები საზღვარზე გადაყვანაში ვიღაც არ ეხმარებოდეს. ამ შემთხვევაში უკვე სტრუქტურიდან ვიღაც არის ჩართული და შეიძლება ტერმინის – გაუჩინარებულის ხმარება.

_ ძირითადად არასრულწლოვნების რა კატეგორია იკარგება ჩვენს ქვეყანაში და რისი მსხვერპლნი ხდებიან ისინი?

_ არასრულწლოვანები, რა თქმა უნდა, გაუჩინარების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადნი არიან _ უფრო მარტივია მათი დაყოლიება, მოტყუება, მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მათი იზოლირება და თუნდაც ტრეფიკინგში ჩართვა და ზეგავლენის მოხდენა. ამიტომაც საქართველოში, სამწუხაროდ, მოზარდების უგზო-უკვლოდ დაკარგვის ძალიან ბევრი ფაქტია. ჩვენ ამას ვხედავთ შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით. არავინ იცის, ეს ადამიანები კრიმინალის, თუ რისი მსხვერპლი გახდნენ. შესაძლოა ზოგიერთ ამ საქმეზე იყოს აღძრული სს საქმე, ზოგზე კი _ არა. საქართველოსთვის ეს დიდი ციფრია, რადგან ჩვენ არ ვართ მრავალმილიონიანი ქვეყანა. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და დამერწმუნეთ, ამ კუთხით იქაც სერიზული პრობლემებია როგორც ზრდასრულებში, ისე, არასრულწლოვნებში. გაუჩინარების პრობლემა საკმაოდ სერიოზულია და, სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოება არ არის იმ დონეზე აქტიური და ჩართული ამ მიმართულებით, რომ მეტად მოხდეს ამ პრობლემის წამოწევა და სახელმწიფო უწყებებმა უფრო კარგი სტრატეგია შეიმუშავონ ამ მიმართულებით.

_ კონკრეტულად როგორ უნდა ებრძოლოს ქვეყანა გაუჩინარების პრობლემას?

_ სხვა ქვეყნებში არის სპეციალური სააგენტოები, რომლებიც იძიებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს და მუშაობენ ბავშვთა საკითხებზე. სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით შეიძლება კვალიფიკაციის ამაღლება თუნდაც ძალოვანებისა  დაკარგულ პირთა მოძიების მიმართულებით. ბავშვები ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო გარბიან სახლიდან და იკარგებიან, ვერ ეგუებიან მშობლებს, განსაკუთრებით რაიონებიდან გამორბიან დედაქალაქში და ქუჩაში ცხოვრობენ. იყო შემთხვევა, როცა ორჯერ გამოქცეული ბავშვი იპოვა პოლიციამ, შინ დააბრუნა, მაგრამ მაინც გაიქცა და მის კვალს ვეღარ მიაგნეს. ყველას პოვნა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვინაიდან ზოგი მათგანი არა თავისი ნებით, სხვისი ზეგავლენის შედეგად უჩინარდება, მაგ. ვიღაცამ გაიტყუა და გაიტაცა. ძალოვანი სტრუქტურების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დაკარგულთაგან  უმრავლესობის პოვნა ვერ ხერხდება, რაც არასაკმარისი კვალიფიკაციითა და  სათანადო რესურსების უქონლობითაც შეიძლება აიხსნას. მაგ. ამერიკაში ძალიან კარგადაა განვითარებული ეს სისტემა. იქ საქმეში სამოქალაქო საზოგადოებაც ჩართულია, აბსოლუტურად მობილიზებულია ყველა ორგანიზაცია, ყველა ფაქტზე გამოქვეყნებულია ქეისი და საზოგადოება ძალზე ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით, ოჯახებიც უფრო აქტიურები და მომთხოვნები არიან ამ პრობლემის მიმართ, ვიდრე საქართველოში არიან. აქ არც დონორი ორგანიზაციების მხრიდან არის დიდი ინტერესი და არც საზოგადოების მხრიდან. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, მაგრამ გაუჩინარებულთა საკითხთან მიმართებაში არ მუშაობენ.

_ რატომ არ არის ეს პრობლემა პოპულარული და მიმზიდველი თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის?

_ იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ამ კუთხით ერთსულოვანი არ არის, გაუჩინარება არ მიიჩნევა ისეთ სერიოზულ პრობლემად, რომ უფრო მეტი ხმაური იყოს და მოთხოვნა, მეტი ყურადღება მიექცეს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერა მოიპოვონ. ამისათვის საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდაცია, უფრო მეტად მოითხოვონ ამ თემის წინ წამოწევა. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებიც იქნებიან უფრო მეტად აქტიურები. საერთაშორისო პრაქტიკაა, როცა გაუჩინარებულთა ოჯახის წევრები ერთიანდებიან, ქმნიან ორგანიზაციებს, ასოციაციებსა და კავშირებს. სხვა ქვეყნებში ისინი აქტიურები არიან და ამ მიმართულებით შედეგსაც ხშირად აღწევენ. სამწუხაროდ, აქ როცა ადამიანი უჩინარდება, ცოტა ხანს ეძებენ და მორჩა. ფაქტია, რომ საქართველოში ადამიანები უჩინარდებიან, მაგრამ, არ გვაქვს გამოძიების საბოლოო შედეგი, თუ რატომ უჩინარდებიან, არ ვიცით, არსებობს თუ არა რაიმე კრიმინალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ გაუჩინარებულების პრაქტიკაზე, თუ არსებობს რაიმე კორიდორი, საიდანაც გადაჰყავთ ტრეფიკინგის მსხვერპლად, ტრანსპლანტაციის მიზნით, თუ რისთვის. ამიტომაა უპრიანი, რომ ეს თემა მაქსიმალურად იყოს წამოწეული და განხილული არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.

p.s. მიმდინარეობს თუ არა აქტიური სამძებრო სამუშაოები  გაუჩინარებული ბავშვების ადგილსამყოფელის დასადგენად და აქვს თუ არა გამოძიებას აღნიშნულ საქმეებზე ახალი დეტალები,  ამის გასარკვევად europress.ge  შსს-ს  დავუკავშირდათ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, „რამაზ ჯინიყაშვილისა და დარეჯან დიასამიძის გაუჩინარების გამო   სისხლის სამართლის საქმე 143-ე მუხლის 3-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითაა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.  გარდა ამისა, 16 წლის მოზარდის დაკარგვის თაობაზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად შსს-მ საქართველოს ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს აცნობა (რის  საფუძველზეც  ინტერპოლმა გოგონაზე ძებნა გამოაცხადა). ამასთან, ინფორმირებულ იქნა საქართველოს შსს-ში შემავალი ყველა ოპერატიული დანაყოფი, დიასამიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ტელევიზიის საშუალებითაც, რომელსაც თან ახლდა ფოტო და სავარაუდო ჩაცმულობის აღწერილობა, ბათუმში დარიგდა დაკარგულის ფოტოები. ამჟამად, დარეჯან დიასამიძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გრძელდება ყველა საჭირო ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები“.

ნანა ფიცხელაური

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top