ეკონომიკა

უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა?!

უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო  მიწების გაყიდვა? პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  და ექსპერტები  ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან. რა უფრო რეალურია,   საინვესტიციო გარემოს დაზარალების თუ მიწების უცხოელებზე მიყიდვის საფრთხე?!  აღნიშნულის გარკვევას europress.ge  შეეცადა.

თეო ზაქარაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი: – ის, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით  ბლანკეტური აკრძალვა მოხდეს და უცხოელებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ვფიქრობ,  საინვესტიციო გარემოს დააზიანებს და საზღვარგარეთიდან გარკვეული ფინანსური რესურსების შემოსვლას ხელს შეუშლის .  გარდა ამისა,  საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით  ცალსახად აღნიშნა, რომ ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც საკუთრების უფლების გარკვეულ შეზღუდვას მხოლოდ მოქალაქეობას უკავშირებს,  არ არის კონსტიტუციური. შესაბამისად, პარლამენტი თუ მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ გარკვეული შეზღუდვები დააწესოს ისევ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შენარჩუნება-დაცვისთვის, მაშინ ეს შეზღუდვები მოქალაქეობის მიუხედავად  თანაბარწილად უნდა ამოქმედდეს ნებისმიერ პირზე, ვინც ასეთი დანიშნულების მიწას ფლობს.  ის, რომ  მხოლოდ უცხოელებს არ მივცეთ საშუალება შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ვფიქრობ, ეს შემდეგ მიზანს ( დავიცვათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა განადგურებისგან და დაზიანებისგან)  ვერ გაამართლებს და ამასთანავე, საინვესტიციო გარემოსაც დააზიანებს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: „როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, უცხოელებზე მიწების გასხვისება საინვესტიციო გარემოსთვის არანაირი შედეგის მომტანი არ ყოფილა, ამიტომ დრამატიზირება იმისა, რომ მიწების მიყიდვის აკრძალვა საინვესტიციო გარემოს გააუარესებს, არ ღირს. ეს ევროპის პრაქტიკამაც აჩვენა. ასე რომ, რომის პაპზე უკეთეს კათოლიკეობას ნუ მოვინდომებთ. არ არის გამორიცხული, მიწის ბაზარზე  მივიღოთ სპეკულანტური გარიგებები _ უცხოელებმა ნაყიდი მიწები  სპეკულანტურ ფასში ისევ ქართველებს მიჰყიდონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციების შემოღება დასაფასებელია. უცხოელები თუ რეალურ გარანტიებს მოგვცემენ, რომ მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდება და არა სპეკულაციისთვის გამოიყენებენ ქართულ მიწებს, სხვა საქმეა. ვფიქრობ, სიმკაცრე ამ კუთხით აუცილებელია და მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის.

გიორგი ბოტკოველი, „ნაციონალური პარტიის“ წევრი: უცხოელებზე მიწების მიყიდვის საერთოდ აკრძალვა სოფლის ეკონომიკასა   და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს დააზიანებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება გამარტივებაზე და რეგულაციების მოხსნაზე  ფიქრობდეს, გამოდის ინიციატივით, რომ უცხოელებზე მიწების გაყიდვა მთლიანად აიკრძალოს.  გასაგებია, რომ ამ მხრივ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეების მიმართ ერთნაირი მიდგომა არ უნდა არსებობდეს , მაგრამ აქ რეგულაციებზე კი არა, მთლიანად აკრძალვაზეა საუბარი. ჩვენ კარგად დავინახეთ ამ შეზღუდვებმა 2012 წლის შემდეგ რა უკუშედეგები მოგვცა როგორც სავიზო მიმართულებით, ისე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე 3-5 თვეში სავალალო შედეგს მოიტანს, ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს და  საინვესტიციო გარემოს გააუარესებს.

ბექა ნაცვლიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება“: „მიმაჩნია, რომ უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს. ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადგენილი მიწის ბალანსი, ანუ  არ არის აღრიცხული მიწები _  ვისია, რა კატეგორიაა  და ა.შ. ამასთან, არ გვაქვს მიწის მართვის სამსახური, რომელმაც მიზანმიმართულად უნდა მართოს მიწის გასხვისების პროცესი. აქედან გამომდინარე, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება,  მიწების გასხვისებაზე, განსაკუთრებით უცხოელებზე,  ლაპარაკიც არ უნდა იყოს. სახელმწიფოს მთელი  მიწის რესურსი  ოპტიმალური გამოყენებისთვის  მაქსიმალურად უნდა ამოიწუროს  საკუთარი მოსახლეობის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. საინვესტიციო გარემოს რაც ეხება, საქართველოში შემოდის ძალზე მდარე ხარისხის ინვესტიციები, რომლებიც თითქმის არანაირ დამატებით ღირებულებებს არ ქმნიან, ამიტომ ადამიანები, რომლებიც  უცხოურ ინვესტიციებს აფეტიშებენ,  არ არიან პრაგმატულები და შედეგზე ორიენტირებულნი. მითხარით რომელიმე ინვესტიცია, რომელიც  ჩაიდო,  უცხოელზე მიიყიდა მიწა და ამან  რაიმე დამატებითი ღირებულება შექმნა, თუნდაც ტექნოლოგიების თვალსაზრისით? ის, რასაც უცხოელი აკეთებს,  სახელმწიფოსაც  შეუძლია გააკეთოს სხვადასხვა პროგრამებით, რასაც ახორციელებს იმავე კოოპერირების პროგრამით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში  და ა.შ”.

კომენტარის დატოვება