„ყოველ წამს მზად ვიყავით სახლის დასატოვებლად!..“
ქართველი ახალგაზრდის თვალით დანახული სტიქია ტეხასში
ტეხასში თავს დმტყდარ სტიქიურ უბედურებას FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ქართველი მონაწილე, ნათია მეტონიძე ეხმაურება. europress.ge დაინტერესდა, თუ როგორ გრძნობს ის თავს ტეხასის შტატში, ვინაიდან ქართველი ახალგაზრდა პეარლენდში იმყოფება, რომელიც ჰიუსტონთან ძალიან ახლოს არის. შეგახსენებთ, რომ ნათია მეტონიძე უფრო ადრე ლეონარდო დავინჩის კონკურსის პრიზიორი და ნავთობკორპორაციის რჩეული გახდა. მან მაშინ მეგობრებთან ერთად საინტერესო მეცნიერული პროექტი წარადგინა, რომელიც შავი ზღვიდან გოგირდწყალბადიანი წყლის ამოღებას, გოგირდწყალბადისგან კი წყალბადური ენერგიის და გოგირდის მიღებას ითვალისწინებდა. ცხადია, წყალბადური ენერგიის საწვავად, გოგირდის კი სოფლის მეურნეობისთვის გამოყენება შეიძლება, სუფთა წყალი კი ზღვას დაუბრუნდება…
ნათია უკვე მე-12 კლასშია და სკოლის ბოლო წელს ის სწორედ ტეხასში დაამთავრებს.
„ ერთი თვეა რაც, FLEX-ის გაცვლითი პროგრამის წყალობით, ამერიკაში ვარ და ვცდილობ შევეჩვიო აქაურ ცხოვრებას. ერთი შეხედვით, ძალიან მაგარია, ბევრი მილოცვა მივიღე, ბევრსაც ჩემს ადგილზე ყოფნა უნდა, მაგრამ არც ისე მარტივია დატოვო ყველაფერი და წახვიდე იქ, სადაც არავინ გიცნობს. რეალურად, ახლიდან დავიწყე ცხოვრება. ვეგუები ახალ ოჯახს, ახალ სკოლას, ახალ ქუჩებს, ახალ სახეებს. როცა გავიგე, რომ ტეხასში ვიცხოვრებდი, სიცხეებთან შესაგუებლად მოვემზადე, თუმცა ჩამოსვლიდან ორ კვირაში გადაუღებელი წვიმები დაიწყო. მზის დაბნელება და ქარიშხალი აქ ვნახე პირველად. ქარიშხალს წყალდიდობა მოჰყვა და სკოლა ორი კვირით დაიხურა. სხვებთან ერთად ჩემი ქალაქის ნაწილშიც ევაკუაცია გამოცხადდა. ჩვენც ყოველ წამს მზად ვიყავით სახლის დასატოვებლად, თუ საჭირო გახდებოდა. საბედნიეროდ, ჩემი სახლი არ დატბორილა, მაგრამ ვუყურებდი როგორ ტოვებდა ხალხი საცხოვრებელ ადგილს და მიდიოდა თავშესაფარში. ზოგი ვერც ახერხებდა სახლიდან გამოსვლას, წყლით დაიფარა ყველაფერი. ვხედავდი, როგორ ცდილობდნენ ადამიანები ერთმანეთის დახმარებას. დაცურავდნენ ნავებით და ყველა დაზარალებულთან მიჰქონდათ საკვები, ტანსაცმელი, ყველაფერი, რაც მათ სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩავები. ყველა ეს პროდუქტი რიგით ადამიანებს მიგვქონდა ეკლესიებში, თავშესაფრებში. უამრავი მოხალისე დღე და ღამე ყველაფერს ვაკეთებდით ხალხის დასახმარებლად. ახლა უკვე სიწყნარეა და აღარ წვიმს. სასწავლო პროცესიც მალე აღდგება და ჩემი ამერიკული ცხოვრებაც გაგრძელდება.“