სამართალი

უფლებაშელახული ბიზნესმენების ჩვენებიდან საგულისხმო დეტალები

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოხდა, რომელმაც ბევრს 90-იანი წლების შავ-ბნელი ყოფა გაახსენა და არცთუ სასიამოვნო    მოგონებები გაუცოცხლა. აღნიშნულმა ფაქტებმა   საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. ერთი ის, რომ თბილისის ცენტრიდან  ბიზნესმენი გაიტაცეს…  სხვა ბიზნესმენი კი   ნამდვილად რეკეტის მსხვერპლი გახდებოდა,  რომ არა  სამართალდამცველების დროული მოქმედება. europress.ge გთავაზობთ აღნიშნული ბიზნესმენების ჩვენებებსა და  მონათხრობიდან  საგულისხმო დეტალებს.

მაშ, ასე 29  მაისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული ¬ სპეცოპერაციისას ორი პირი – რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ ისინი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდნენ, რომ მათთვის 200.000 აშშ დოლარი დაეთმო. გამომძალველები  სამართალდამცველებმა  მანამ  დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

ბიზნესმენი ა.ლ. შემთხვევაზე ჰყვება და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს:

_ ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საქმეში ვარ ჩართული,მაქვს გაზგასამართი სადგურები,  თბილისსა და გორში. 2007 წელს გაზის კომპრესორი შევიძინე იტალიური დანადგარების ფირმა “საფე სერვისში”. მისი ერთ-ერთი მოწილე კობა ფანგანი იყო, რომელთანაც დროთა განმავლობაში ურთიერთობა დამეძაბა.. მათგან შეძენილი კომპრესორი  გაუმართავი აღმოჩნდა, მაგრამ იმპორტიორებისთვის არაფერი მითქვამს, შევეგუეთ ამ ამბავს. 2012 წელს სხვა გაზგასამართიც შევიძინე, რისთვისაც მეორე კომპრესორი დამჭირდა. სრული თანხა არ მქონდა და შეთანხმებისამებრ, წინასწარ გადავიხადე 50 ათასი ევრო, გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის  მიხედვითაც დარჩენილი 118 ათასი ევრო გრაფიკით უნდა გადამეხადა. თანხა სრულად დავფარე.  არც მათ ჰქონიათ ჩემთან პრეტენზია. მათთან სხვა ვალდებულება არ მქონია. 2013 წლიდან, კობა ფანგანი მის ახლობლებთან, რობერტ ჟორჟოლიანსა და ბერდია ჯაფარიძესთან ერთად მაკითხავდა და საქმეს მირჩევდა. მას ჩემს ბიზნესში უნდოდა შემოღწევა, მაგრამ პარტნიორობაზე უარი  ვუთხარი, რის შემდეგაც გადამეკიდა. ეს ადამიანები 2017 წლის 10 აპრილს ჩემთან  მოვიდნენ ოფისში (ფანგანი, ჟორჟოლიანი და ჯაფარიძე), ვიკამათეთ და ფანგანი ე.წ. კანონიერი ქურდებით დამემუქრა. მერე დანა დამისვა კისერზე, გალახა ჩემი დიაბეტიანი ძმაც. ფანგანი თავდაპირველად 400 ათას დოლარს, მერე – 200 ათასს მთხოვდა და ჩემი ბიზნესის 25%-იანი წილის მისთვის „სანდო კაცზე“  გადაფორმებას. იმავე დღეს, 10 აპრილს, მივმართე სამართალდამცველებს, მეც იარაღს ხომ არ ავიღებდი?! ამის შემდეგ კვლავ შემხვდა კობა ფანგანი და კვლავაც ფულის მიცემას  მაიძულებდა და მემუქრებოდა.  ბოლოს, მისმა ამფსონებმა 29 მაისს დამირეკეს, კაფეში დავთქვით შეხვედრა. მთავაზობდნენ, ქურდებთან ერთად დავმსხდარიყავით და  გველაპარაკა. მისი არაფერი მმართებდა და რატომ ვიყავი ვალდებული,¬ ფული მეხადა ან წილი გამეფორმებინა?! სამართალდამცველებმა გამომძალველები თანხის გადაცემამდე დააკავეს. კობა ფანგანი კი მანამდე, 15 მაისს დააკავეს თავისივე ცოლის საჩივრის საფუძველზე  დააკავეს, თურმე ქალს იარაღით უვარდებოდა და ძალადობდა მასზე“.

 

26 მაისს კი, თბილისში, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრიდან ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გია ჯიბლაძე გაიტაცეს. საქმეზე დაკავებულია ოთხი პირი _ კახა ბახტაძე, ლევან ჩქარეული, ნიკიფორე კუტალაძე და დავით ბერეჟიანი. სასამართლომ ოთხივეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლი წარუდგინა, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ბიზნესმენი გია ჯიბლაძე: _„ საცხოვრებელ სახლთან 4 ნიღბიანი მამაკაცი დამხვდა, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ. მათ თავზე ტომარა ჩამომაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადამიყვანეს. ეს ადამიანები იარაღის მუქარით, 150 ათას დოლარს გადაცემას და 200 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მათზე გადაფორმებას მოითხოვდნენ. როცა ტომარა ამხადეს, პარტნიორ კომპანიასთან დაკავშირებული პირი – ნიკოლოზ ბახტაძე ვიცანი, რომელსაც მანამდე გიორგი ნიჟარაძედ ვიცნობდი. ჩვენ ბაკურიანში ერთ-ერთ პროექტს ვაკეთებთ, მიწა ზურაბ წერეთლის ოჯახის კომპანიის – „მშენებელი 3“-ის იყო. გამტაცებლები წერეთლის წარმომადგენლის ახლობლები არიან. ჩვენ ასეთი პირობა გვაქონდა, რომ აშენებულ ფართში კონკრეტული ქონება უნდა მიგვეცა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა ისე, რომ პიროვნებამ 150 000 მოითხოვა. კონტრაქტში ჩავწერეთ, რომ თანხა მშენებლობის ნებართვიდან სამ თვეში უნდა მიგვეცა. მშენებლობის ნებართვა ჯერ-ჯერობით ვერ გაკეთდა. მერე იყო შემოთვლები, ჩარიეს ყველა. მათ უნდოდათ ორგანიზაციიდან ამ ფულის მითვისება. კომპანია არის ზურაბ წერეთლის, თუმცა თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული“.

როგორც  გატაცებაში ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, საქმეში არსებობს ვიდეო-აუდიო მასალები და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს იმას, რომ გია ჯიბლაძე გაიტაცეს. „ჩვენი ვარაუდით, გია ჯიბლაძემ გატაცებაზე საუბარი იმის გამო დაიწყო, რომ მას სურს ფინანსური ვალდებულებები აირიდოს თავიდან, რომელიც მას კომპანია “მშენებელი 3”-თან გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯიბლაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ გატაცების ამბავს იგონებს. დაკავებულთა მიმართ საერთოდ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა, ვინაიდან მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მათ აქვთ ჩვეულებრივი მეგობრული შეხვედრები.“ – აცხადებს   ადვოკატი, იმედა ბეროშვილი.

 

კომენტარის დატოვება