საზოგადოება

სომხების შავი გაზაფხული იუნესკოში – ტოლმა აზერბაიჯანულ კულტურას მიაკუთვნეს

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის თაობაზე.
მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.
ეს იყო  სრული შოკი  სომხებისთვის და აი, რატომ.
მსოფლიოში არსებულ 14 ძირითად დამწერლობას შორის, ერთ–ერთი ქართულია. ამავე დროს, ბრიტანულ ენციკლოპედია ,,ბრიტანიკას“ ვებ–გვერდზე 2013 წლამდე ქართული ანბანის შემქმნელად სომეხი მოღვაწე (სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული) მესროპ მაშტოცი იყო მოხსენიებული.
ციტირება ბრიტანიკიდან:
,,ქართული და სომხური დამწერლობა მეხუთე საუკუნეში სომეხმა წმინდანმა მესროპ მაშტოცმა შექმნა. ქართული დამწერლობა არამეულ დამწერლობას ეკუთვნის,“– ამ სიტყვებით ხდებოდა  ინტერნეტ-ენციკლოპედიაში საქართველოს ისტორიის გაყალბება.
ამავე ენციკოპედიაში საუბარი იყო იმაზე, რომ სომხეთის მეფე სუმბატ პირველი XI საუკუნეში კლარჯეთს, ქართლს, კავკასიის ქედამდე და აზერბაიჯანს შანქორამდე აკონტროლებდა. რაც შეეხება სომხური ეკლესიის დამფუძნებელ გრიგოლ განმანათლებელს, ის მოხსენიებულია, როგორც ქართველთა, აფხაზთა და ალანთა განმანათლებელი.
არადა, ბრიტანიკი  მსოფლიოში ერთ–ერთ უძველეს და უნივერსალურ ენციკლოპედიად არის ცნობილი.  1768–1771 წლებში ედინბურგში, შოტლანდიაში (დიდი ბრიტანეთი) გამოიცა და მას შემდეგ ,,ბრიტანიკამ“ მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი საერთო ენციკლოპედიის სახელი მოიხვეჭა. ის  დღესაც ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს საცნობარო წიგნად ითვლება.
დღეს-დღეობით ,,ბრიტანიკა“ ეტაპობრივად გადადის ელექტრონულ ვერსიებზე, რომლებიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. ,,ბრიტანიკა“-ს სტატიები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც კორექტული, გადამოწმებული, სანდო და გამართული. ის დღემდე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით. თუმცა, ქართული ანბანის შექმნაზე ინფორმაცია როგორც ჩანს არ გადაუმოწმებია. ქართული ანბანის შექმნაზე ინფორმაცია ,,ბრიტანიკა“-ს სომეხმა მეცნიერებმა მიაწოდეს, რათა მიზანმიმართულად გაეყალბებინათ საქართველოს ისტორია. დაუჯერებელია,  ამ ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა არ იცოდნენ, რომ ქართული ანბანის შემქმნელი ფარნავაზ ქართველთა მეფეა?!
შორს რომ არ წავიდეთ, თანამედროვე სომეხი აკადემიკოსის სურენ აივაზიანის კვლევებით,  ზაქარია ფალიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, შოთა რუსთაველი და სხვა ცნობილი ქართველები ეროვნებით სომხები იყვნენ.
,,ფიროსმანიანი კახელი სომეხი იყო.  სტალინის მამა ადელხანოვი იყო, ხოლო დედა გელაძის ქალი კი არა, გელიანი გახლდათ. მაშინ კახეთში 90% სომხები ცხოვრობდნენ, ეს მერე გააქართველეს ისინი. რა თქმა უნდა, ფიროსმანიანის ნახატები ქართული კულტურის კუთვნილებაა. კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ფალიანი იყო, ხოლო კოტე მარჯანიშვილი – მარჯანიანი. მაგრამ მათ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს. ილია ჭავჭავაძე ჭავჭავიანი იყო, თუმცა ის ქართულ ენაზე წერდა და თქვენს ლიტერატურას ამდიდრებდა. იგივე შეეხება შოთა რუსთაველსაც. მისი ,,ვეფხისტყაოსანი“ სპარსული ,,შაჰ-ნამედან“ სომხურად თარგმნა სომეხმა თავადმა სარქის თმკაბერციმ, რომელსაც ქართველები თურმე  სარგის თმოგველს ვეძახით და ეს ხელნაწერი, სახელად ,,ვაგრენაგორი“, იერუსალიმში იყო, როგორც სომხური ხელნაწერი და შემდეგ ის ეჩმიაძინს აჩუქეს. ამის მერე ქართველებს ჩაუვარდათ ხელში და შოთა რუსთაველმა ის ქართულად გადათარგმნა. საერთოდ მასზე ამბობენ, რომ აშოტა ერქვა და სომეხი იყო წარმოშობით ჯავახეთის რუსთავიდან“. აი,  ამ სიტყვებით გვიყალბებს ისტორიას სომეხი აკადემიკოსი.
მაშასადამე, 2013 წლამდე სწორედ ამ სახით იყო „ბრიტანიკა“-ში ქართული ანბანის წარმომავლობა გადმოცემული. 2014 წლის დასაწყისში მოხდა ჩასწორება და ქართული ანბანი ქართველებს მიაკუთვნეს. როგორც ჩანს, გვიან, მაგრამ ქართველ მეცნიერებს მაინც შეუტოკდათ სინდისის ძარღვი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე, ძალზე მნიშვნელოვანი  იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიერ „ქართული ანბანის სამი სახეობის “ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა.
აქვე დავძენთ, რომ ეს იყო მეორე იმედის გაცრუება სომხებისთვის. პირველი იყო, როდესაც აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ იუნესკოს განაცხადით მიმართა, ტოლმის აზერბაიჯანის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღიარების მოთხოვნით და დააკმაყოფილეს კიდეც.

კომენტარის დატოვება