პოლიტიკასაზოგადოება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საჩოთირო დეტალები „არასერიოზულია დავიჯეროთ, რომ აფგან მუხთარლი ჟურნალისტი კი არა, მოჩვენება იყო“

31  მაისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, რაც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვისაც დამაზიანებელია. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები და შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში. ძალიან არასაერიოზულია ის, რასაც ამბობენ, თითქოს ჟურნალისტი გაიქცა, უპასპორტოდ შევარდა… სცემა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და გაუგებრად გადავიდა საზღვარზე.  და სურთ დავიჯეროთ, რომ  ის საერთოდ,  ჟურნალისტი კი არა,  მოჩვენება იყო. ასეთი ინფანტილიზმი ყველას ცუდად მოგვიბრუნდება. ჩვენ მოვითხოვთ, წესიერად გამოიძიონ ეს საქმე, გაირკვეს სიმართლე და დაისაჯოს დამნაშავე. ასე თუ არ მოიქცევა და პასუხს თუ არ გაგვცემენ,  მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მთელი პასუხისმგებლობის ტვირთი მას დაეკისრება“,    Europress.ge -სთან აცხადებს   აქციის მონაწილე, ჟურნალისტი ლაშა ტუღუში.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ჟურნალისტი უცნობმა პირებმა მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც _ 10 000 ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს დღეს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ სახელმწიფო უსართხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმაც განაცხადა. გომელაურის განმარტებით,  ჟურნალისტი დაკავებულია იქ, სადაც გადასვლას პასპორტი არ სჭირდება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიყოვი ადასტურებს, რომ მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და დაკავებულია. როგორც ადვოკატმა  განუცხადა, მუხთარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს, ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მისივე თქმით, მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. კლიენტზე დაყრდნობით, ადვოკატი აცხადებს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლება მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, ჟურნალისტი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

კომენტარის დატოვება