მედიცინა

ცე ჰეპატიტის პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებიც ისარგებლებენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ  ცე  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას  უკვე ოკუპირებულ  ტერიტორიაზე  მცხოვრები  სტატუს-ნეიტრალური  დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ. აქამდე   აღნიშული პროგრამა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირთათვის იყო ხელმისაწვდომი.

აღნიშნული წინადადებით ჯერ კიდევ  2016 წლის 26 იანვარს სახლხო დამცველმა   მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრს და სთხოვა,    პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო  დოკუმენტის მქონე პირებს ასეთი შესაძლებლობა მისცემოდათ.  ცხადია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული პირველი წერილის თანახმად, ასეთი ცვლილება  პროგრამის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველს  სამინისტროსა და ფარმაცევტულ  კომპანია  „გილადს“  შორის შემდგარი შეთანხმების თაობაზე აცნობეს, რაც ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას იძლეოდა.

კომენტარის დატოვება