ეკონომიკა

აუდიტის ანგარიშებიდან ფინანსური დარღვევების ყველაზე უჩვეულო და კურიოზული ფაქტები

 ბოლო პერიოდში   აუდიტის სამსახურმა მეტად მნიშვნელოვანი ანგარიშები წარმოადგინა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებაში   აღმოჩნდა. მაშ ასე, როგორია ფინანსური დარღვევების  მეტად უჩვეულო და კურიოზული ფაქტები, რომლებმაც არა იმდენად გაფლანგული თანხების ოდენობით, არამედ  შინაარსით მიიქციეს ყურადღება?! ამ თემით  europress.ge  დაინტერესდა.  

მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტის  2014-2015 წლების საფინანსო – ეკონომიკური  საქმიანობის  შესწავლისას, გაირკვა, რომ  თანამშრომლების სამკურნალო, გამაჯანსაღებელ თუ ესთეტიკურ პროცედურებზე   2800 ლარი  დაიხარჯა.  კერძოდ,  ყოფილი საფინანსო სამსახურის უფროსს, ამჟამინდელ გამგებლის მრჩეველს,  ბიუჯეტის ფულით დაუფინანსდა საჭირო  ანალიზები და ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები, სამკურნალო ტალახი); სოციალური სამსახურის თანამშრომელს და მის შვილს კი წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები, ხოლო საკრებულოს მთავარ სპეციალისტს –  ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაცია. აუდიტორთა მტკიცებით,  ფაქტობრივად, დუშეთის გამგეობამ გაჭირვებულთა ფულით თანამშრომელთა  ესთეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურები დააფინანსა(?!).  აღნიშნული დასკვნა  არასამთავრობო სექტორისთვის   საკმაოდ  თამამი და  სკანდალური აღმოჩნდა…

 

ქეიფი უბანში

მეტალო-კერამიკის კბილების ჩასმა  ბიუჯეტის  ხარჯზე!

ასევე, ვგებულობთ, რომ 2014 – 2015 წლებში გლდანის მუნიციპალიტეტის  მიერ  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი თანხები  სულ სხვა დანიშნულებით დაიხარჯა.  მაგალითად, დაფინანსებულია ფიზიკური პირის მიერ საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაცია – ბინის პრივატიზების მიზნით, ნოტარიუსის ხარჯები, მეტალო-კერამიკის კბილების გაკეთება, ეზოში არსებული ელექტრო-ბოძის გადატანა, ერთ პიროვნებაზე ერთდროულად მოთხოვნილი 58 დასახელების მედიკამენტის გაცემა და სხვა.

 

 „სამგორის გამგეობის ყველა მეორე თანამშრომელს ტელევიზორი  უყიდეს!“

 

ამ შემთხვევაში  აუდიტორთა  ყურადღების ცენტრში სამგორის გამგეობის მიერ ტელევიზორების შესყიდვის ფაქტი მოექცა.  2014 წლის 25 დეკემბერს, გამგეობამ  შპს „ომეგასთან“ გააფორმა ხელშეკრულება  და 35 ცალი ტელევიზორი შეისყიდა,  რომლის საერთო ღირებულებაც  15 ათას ხუთი  ლარი იყო. ( ამის გარდა, 2015 წლის 8 მაისს,  გამგეობამ  4 ათას ცხრაას  ლარად შპს „სუპერ-ტვ“-ისგან ციფრული მაუწყებლობის ქსელის დამონტაჟება-მომსახურებაც შეისყიდა.) აღსანიშნავია, რომ სამგორის გამგეობის თანამშრომელთა რაოდენობა ხარჯის გაწევის პერიოდში  67 ერთეულს შეადგენდა. აქედან გამომდინარე,  ერთი ტელევიზორი ფაქტობრივად,  2 თანამშრომელზე გაითვალისწინეს, ზოგიერთ ოთახში კი სადაც 2 ან მეტი თანამშრომელი მუშაობდა, ორ-ორი ტელევიზორის დადგმა მოუხდათ.   ცხადია, რომ  გამგეობამ უადიტის სამსახურთან  ტელევიზორების შეძენის აუცილებლობა  ვერ დაასაბუთა.

ეკა ასათიანი

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top