კატეგორიის გარეშე

„დახედეთ ეტიკეტს, თორემ ყველისა და კარაქის ნაცვლად შესაძლოა სულ სხვა პროდუქტი შეიძინოთ!“

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე მარკეტებში არსებული სასუსათო პროდუქტების შემადგენლობა-ვარგისიანობას მუდმივად ამოწმებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტის, თამარ გობეჯიშვილის თქმით,  მათ ცენტრს მომხმარებლებმა მიმართეს საჩივრით, რის საფუძველზეც სპეციალისტებმა გლდანის სხვადასხვა მარკეტებიდან ამოღებული კარაქის შემადგენლობა შეისწავლეს. „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პროდუქტს ეწერა კარაქი, ფასი იყო შედარებით დაბალი, მომხმარებელს ეჭვი შეეპარა და გვთხოვა მისი შემოწმება. სამი შემოწმებული პროდუქტიდან „ვალიო“ (ასაწონი) აღმოჩნდა კარაქი, „დობრო“ და „უკრაინული“ კი _ არა. ორივეში ცხიმის შემცველობა  მხოლოდ 2% იყო, რაც მთლიანად მცენარეული აღმოჩნდა. თუმცა მაღაზია მათ კარაქის დასახელებით ყიდდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოს გავუგზავნეთ ინფორმაცია და მათაც იგივე დაგვიდასტურეს, მეწარმეები დაჯარიმდნენ. მათ პროდუქცია ქსელიდან ამოვაღებინეთ“, _ ამბობს თამარ გობეჯიშვილი. ამავე პროგრამით შემოწმდა არაჟნის დასახელების პროდუქტები და როგორც თამარ გობეჯიშვილი აღნიშნავს, ზოგიერთ სახეობაში რძის ცხიმი საერთოდ არ აღმოჩნდა. სპეციალისტი მომხმარებლებს ურჩევს, გამოიჩინონ დაკვირვებულობა და სასურველი პროდუქტის შეძენამდე კარგად გაერკვნენ მათ შემადგენლობაში. „საჩივარი შემოვიდა პროდუქციაზე _ „ნატურალ+სვანური“, რომელიც მაღაზიის მიერ დაკრული ეტიკეტით  როგორც არაჟანი ისე იყიდებოდა,  პლასტმასის ქილებით. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასში რძის ცხიმი ფაქტობრივად არ იყო, საქმე გვქონდა მცენარეულ ცხიმშერეულ პროდუქტთან. მაღაზიამ დაარღვია ტექნიკური რეგლამენტი, ეტიკეტის კანონი და არასწორად მიუთითა პროდუქტს არაჟნის დასახელება. ამ შემთხვევაში დაჯარიმდა მაღაზია და არა მეწარმე. ბოლო პერიოდში შევამოწმეთ „ორი ნაბიჯის“ პროდუქციაც _ იყიდებოდა ყველის ფორმის პროდუქტი და მომხმარებელმა მოგვწერა, ცუდი გემო აქვს და ყველს საერთოდ არ ჰგავს, იქნებ შეამოწმოთო. მასშიც რძის ცხიმი 0% აღმოჩნდა, თუმცა მაღაზია ამ შემთხვევაში არ არღვევდა კანონმდებლობას იმიტომ, რომ მას ეწერია არა ყველი, არამედ _ პროდუქტი „იმერული“, მაგრამ ვინაიდან ყველის ფორმა ჰქონდა, მომხმარებელი შეცდომაში შედიოდა და  როგორც ყველს, ისე ყიდულობდა.  ცხადია,  აუცილებლად ყურადღება  უნდა მივაქციოთ ეტიკეტზე წარწერას, თუ მასზე არსად არის დასახელება (მაგ. კარაქი, ყველი, არაჟანი), ე.ი. ის არის მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქტი. მაღაზიამ მომხმარებელს პროდუქტის შემადგენლობის წაკითხვის საშუალება უნდა მისცეს და ამის შემდეგ გააკეთოს გააზრებული არჩევანი.“ -აცხადებს თამარ გობეჯიშვილი.

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top