რატომ ვერ ხდება გახმაურებული საქმეების გამოძიება?
რა უთხრა ჯამბულ გამცემლიძეს ირაკლი შოთაძემ?
რა ბედი ელის გამოუძიებელ გახმაურებულ საქმეებს? ამ თემასთან დაკავშირებით Europress.ge-ს 2008 წლის 8 მაისს, საპატრული თანამშრომლის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე ესაუბრა.
„უკვე 5 წელი გავიდა, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, თუმცა ეს გახმაურებული საქმეები, არანაირად ადგილიდან არ იძვრის. გამოძიება პრაქტიკულად წინ არ წასულა. არადა, ამ საქმეებს გახმაურებული დაერქვა თავის დროზე სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ ოთხი ოჯახი (გამცემლიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის) არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არ ვჩერდებოდით. დიახ, ეს პოლიტიკური ძალები ჩვენი შვილების სურათების ფრიალით მოვიდნენ ხელისუფლებაში. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მაინც ველოდით და ვფიქრობდით, – წავლენ ესენი, მოვა ვინმე, ჯანსაღად მოაზროვნე, ნორმალური პოლიტიკური ძალა, დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, დამნაშავეები დაისჯებიანთქო… თუმცა ეს დღე აღარ დადგა. ჩვენ კი ამისთვის მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ: 300 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ, რათა ბიძინა ივანიშვილისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობა აღედგინათ. უამრავი კოორდინატორი და მეთვალყურე გვყავდა არჩევნებზე… აქედან გამომდინარე, ცუდ სიზმარშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ დღემდე ჩვენი ბიჭების საქმე ასე დარჩებოდა თაროზე შემოდებული და მიფუჩეჩებული. დრო და დრო, პროკურატურა ( ახლა ესეც გაიშვიათდა) დაუძახებს ჩემს მეუღლეს,-ქალბატონ გულიკო, მობრძანდით, თქვენი შვილის საქმეზე უნდა დაგელაპარაკოთო… მიდის ეს , მაგრამ შედეგი არაფერია. გამოძიება წინ არ მიდის და რეალურად, ამგვარი დაძახებაც კუბოზე ყვავილის დადების ტოლფასია. ახლა თქვენთან ვაცხადებ პირველად, ორი წლის წინ ირაკლი შოთაძეს შევხვდი და ველაპარაკე. მან სიტყვასიტყვით ასე მითხრა, – ბატონო ჯამბულ, პირადად მე ვიღებ ჩემს თავზე, რომ თქვენი შვილის საქმე უახლოეს მომავალში დამთავრებული იქნება და დამნაშავეები პასუხს აგებენ… და სიმბოლურად საწერი კალამიც მაჩუქა. მაგრამ არც ამ შეხვედრას მოჰყოლია რამე შედეგი. ველოდები, რომ დღეს ან ხვალ მოხდება რაღაც, მაგრამ ამ მოლოდინს ბოლო არ უჩანს… თანაც ხომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი?! “- განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.