რატომ მიაჩნია თაღლითობისთვის დაკავებულ ირაკლი კერესელიძეს ნოდარ ჯავახიშვილი ერთ-ერთ მთავარ მოწმედ?!
„მიკვირს ამ შეხვედრას რატომ ვერ იხსენებს ჩემი მეგობარი ნოდარი“…
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი იურიდიული კონსალტინგური ფირმის ხელმძღვანელი,- უფლებადამცველი ირაკლი კერესელიძე დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების მცდელობა ედებოდა. ირაკლი კერესელიძე საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა, წარსულში – არაერთხელ ნასამართლები, მათ შორის საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის. განსაკუთრებით საინტერესო ამ შემთხვევაში ის აღმოჩნდა, რომ ირაკლი კერესელიძე მის დაკავებას კვლავაც პოლიტიკურ მოვლენებსა და ფიგურებს უკავშირებს. მაშ ასე, რომელ თანამდებობის პირებთან ურთიერთობდა დაკავებამდე კერესელიძე, ვინ ცდილობდა მის გამოყენებას და რას ჰყვება ამჟამად თაღლითობის ბრალდებით დაკავებული?!
პროკურატურის ინფორმაციით
„2016 წლის 3 თებერვალს მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა გამოაცხადა ორეტაპიანი ტენდერი, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში სხვადასხვა კომპანიასთან ერთად თურქული სამშენებლო კომპანია Genc Inshaat Limited-ი მონაწილეობდა, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში დისკვალიფიკაცია მიიღო.
ირაკლი კერესელიძე თურქული კომპანიის წარმომადგენლებს, როგორც კვალიფიციური ადვოკატი გაეცნო და დაჰპირდა, რომ ტენდერში გაამარჯვებინებდა. მათ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ტენდერში გამარჯვების შემდეგ ირაკლი კერესელიძეს ავანსად უნდა მიეღო 80.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
2016 წლის 2 დეკემბერს კერესელიძემ თურქული სამშენებლო კომპანია Genc Inshaat Limited – ის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი წარუდგინა, რისთვისაც ავანსი 60.000 აშშ დოლარი მიიღო, მაშინ როდესაც სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. გამოძიებით დადგენილია, რომ კერესელიძე არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნია საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება – აცხადებს პროკურატურა.“
რა მოხდა სინამდვილეში?
კერესელიძემ ამ ხნის მანძილზე რამდენიმე ადვოკატი გამოიცვალა (როგორც შევიტყვეთ, ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი სასურველი ადვოკატის აყვანას ვერ ახერხებდა). თავდაპირველად სასამართლო პროცესს ესწრებოდა შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც კერესელიძის ინტერესს იცავდა.
შალვა ხაჭაპურიძე: მართალია, კერესელიძე ადვოკატი არ იყო, თუმცა არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია, რომ თურქული კომპანიისთვის იურიდიული მომსახურება გაეწია. ასეთი შეზღუდვა მას, როგორც იურიდიული კონსალტინგის ხელმძღვანელს, სისხლის სამართლის საქმეებზე აქვს და არა სამოქალაქოზე… პრობლემა ის გახდა, რომ თურქულ კომპანიას მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით მიუვიდა შეტყობინება, რომ ტენდერი მოიგო. შეტყობინება ირაკლი კერესელიძეს მათთვის არ გაუგზავნია. პირიქით, კერესელიძემ სასამართლოზე წარმოადგინა მის მიერ თურქული მხარისთვის გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც წერდა, – დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით მიიღეთ, ყალბიაო…
_ საქმეში თუ დევს ინფორმაცია, თურქულმა კომპანიამ ვის რამდენი გადაუხადა?
_ არსებობს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ირაკლის ამ კომპანიისთვის უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება და ეს მხოლოდ ტენდერში მათ მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს არ მოიცავდა. თურქულმა კომპანიამ ირაკლის მას შემდეგ მიმართა, რაც დისკვალიფიკაცია მიიღო წითელ ხიდთან დასაგები გზის ტენდერში. მოილაპარაკეს, რომ კერესელიძეს 60 ათას დოლარს გადაუხდიდნენ, ეს უნდა ყოფილიყო ავანსად, თუკი ტენდერს მოიგებდნენ, დამატებით სამ მილიონს მისცემდნენ.
_ ეს კონტრაქტი ( რომელიც თურქულმა კომპანიამ კერესელიძეს გაუფორმა) მისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის გამო საეჭვოდ არ გეჩვენებათ?
_ რა თქმა უნდა…
_ ალბათ, კერესელიძეს იმედი ჰქონდა, რომ ვიღაც დაეხმარებოდა და დისკვალიფიკაციის მიუხედავად, კომპანიას ტენდერში გაამარჯვებინებდა…
_ რაღაც რომ ხდებოდა, ფაქტია, თორემ კერესელიძეს იურიდიული ფაკულტეტი დამთავრებული არა აქვს და ისეთ დიდ ჰონორარს ითხოვდა, სახელიან ადვოკატებსაც კი გვიჭირს მოთხოვნა (?!). მე ვიცი, რომ კერესელიძემ თურქული კომპანიის წარმომადგენელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელ მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს შეახვედრა, რომელიც ასეთ საკითხებზე არავის ხვდებოდა, მით უფრო მაშინ, როცა კომპანიას დისკვალიფიკაცია ჰქონდა მიღებული. ჯავახიშვილმა თურქებს უთხრა, თუ თვლით, რომ კომისიამ დაგჩაგრათ, იდავეთ, თვეების საქმეა, თუ მოიგებთ, გაუქმდება ტენდერის შედეგიო. ამის შემდეგ კერესელიძემ და თურქულმა კომპანიამ დაიწყეს ტენდერის გაუქმებაზე მუშაობა და მიმართეს იმ ორგანოებსა და სტრუქტურებს, ვისზეც ჯავახიშვილმა მიუთითა. ასე რომ, მეც ინტერესით ველოდები, ვის დაასახელებს და გამოძიების მსვლელობას საით მისცემს მიმართულებას თავად კერესელიძე, რომელიც იმდენად განათლებულია, რომ ადვოკატიც არ სჭირდება.
მაშ ასე, რა მიზნით ხვდებოდა კერესელიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს? კომენტარისთვის ამ უკანასკნელსაც დავუკავშირდით.
ნოდარ ჯავახიშვილი: როგორც ვიცი, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზასთან დაკავშირებით ტენდერი დღესაც არ არის გამოცხადებული და ამ თემაზე როგორ ვისაუბროთ?! ( გაუკვირდა ჯავახიშვილს. არადა, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის საიტზევე დევს ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ტენდერის შესახებ…)
_ პროკურატურის ინფორმაციას ვეყრდნობით…
_ კერესელიძესთან არაერთი შეხვედრა მქონდა სულ სხვა საკითხზე, რამდენადაც მე ვიხსენებ, საუბარი იყო, ფოთის წყალმომარაგების პროექტის თაობაზე, სადაც თურქულმა კომპანიამ ვერ გაიმარჯვა…
_ გავრცელებული ინფორმაციით, Genc Inshaat Limited – ის ინტერესებს იცავდა კერესელიძე…
_ მაგას გადამოწმება სჭირდება, მე შეიძლება კონტრატორი ვერ გავიხსენო… მაგრამ კერესელიძის გარდა, იმ კომპანიას ჰყავდა სხვა ადვოკატიც, რომელმაც დაწერა, სამინისტრო და მინისტრი ჯავახიშვილი კორუმპირებული არიანო. მაშინ ირაკლიმ მითხრა, მე იმიტომ მოვედი, რომ ვიცი, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებს გიყენებდნენო. მე მაშინ აღშფოთებული ვიყავი და შევხვდი თურქეთის ელჩს საქართველოში და ვუთხარი, იქნებ კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და მითხრან, რა პრეტენზიები აქვთ-თქო.
_ ის ადვოკატიც იგივე კომპანიის წარმომადგენელი იყო?
_ კი, კი… და მე თურქეთის ელჩს ვთხოვე, მოიწვიეთ იმ კომპანიის ხელმძღვანელობა და ერთად განვიხილავთ, იმსახურებდა თუ არა კომპანია დისკვალიფიკაციას-თქო. რამდენადაც ვიცი, იმ კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა კიდეც თურქეთის ელჩი და მითხრა, შეგხვდებიანო, მაგრამ ცოტა ხნის მერე განმიცხადა, როგორც ჩანს, არგუმენტები არა აქვთ და არ ჩამოდიანო.
– კერესელიძე თქვენთან ვინ დააკავშირა?
– ვის უნდა დაეკავშირებინა?
– თვითონ მოახერხა თქვენთან მოსვლა? მე რამდენადაც ვიცი, მას მიეცით ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ემოქმედა თურქულ კომპანიას, რომ მომავალში ტენდერში მონაწილეობის შანსი მიეღო?
– ყველა კონტრაქტორს, ვინც მოდის ჩვენთან, ვუმარტავთ ქართულ წესებს, როგორ ტარდება ესა თუ ის ტენდერი, ვინ არის დონორი და რას მოითხოვს…
– მაგრამ დისკვალიფიცირებულ კომპანიას რა შანსი ჰქონდა?
– დისკვალიფიკაციის შემთხვევაში საქმე უკან აღარ ბრუნდება, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამონაკლისი, როცა კომპანიას ის უსამართლოდ აქვს მიღებული. ჩვენ თურქულ კომპანიას დავუსაბუთეთ, რის საფუძველზე მიიღეს დისკვალიფიკაცია და ამით დასრულდა საკითხი.
(ჩვენთვის იმ ხანად უცნობი დარჩა, თუ რატომ აურია ორი კომპანია ერთმანეთში ჯავახიშვილმა, ერთი რომელიც ფოთის წყალმომარაგების პროექტის საკითხზე მუშაობდა და მეორე ( კომპანია Genc Inshaat Limited-i) , რომელიც გამოძიების ინფორმაციით, კერესელიძემ გზებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებაში დაარწმუნა… და ასევე უცნობია, რატომ ვერ გაიხსენა მან Genc Inshaat Limited-ის თურქ წარმომადგენლებთან შეხვედრა. მით უფრო რომ მოგვიანებით, ირაკლი კერესელიძემ ციხიდან ასეთი შინარსის წერილი მოიწერა, რაც მისმა მეუღლემ ქეთი ხომერიკმა გაასაჯაროვა.
ირაკლი კერესელიძე: ,,როგორც გავიგე, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს ამნეზია დაემართა და აღარ ახსოვს თუ როგორ შემხვდა 2016 წლის 16 ოქტომბერს, კვირა დღეს მე და თურქ ბიზნესმენებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკუთარ კაბინეტში. იმისათვის, რომ მალე ირაკლი კერესელიძის სახელი და გვარიც არ დაავიწყდეს, იძულებული ვარ შევახსენო, როგორც ჩვენი ერთმანეთის ახლოს გაცნობის, ისე შემდგომი საქმიანი ურთიერთობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ახლოს გავიცანი 2004 წელს, როდესაც ავტოავარიის დროს გერმანიის მოქალაქის მკვლელობის გამო დააპატიმრეს და ჩემთან ერთად ორთაჭალის ციხეში მოუწია რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფნა. იმ დროს დავმეგობრდით და თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩემთან მეგობრობით ბატონმა ჯავახიშვილმა იმ დროს მრავალი სიკეთე მიიღო! შემდგომი ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მას მერე გაგრძელდა, როცა ის უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა, მე კი იურიდიული კომპანია lchl -ის აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს, ხელისუფლების ხიბლში მყოფი ჩემი ყოფილი მეგობარი, ბატონი ნოდარი ივიწყებს თავად როგორ იყო პატიმარი და სისტემის მსხვერპლი!!! ალბათ სახელისუფლებო კაბინეტს ერთგვარი ამნეზიის ეფექტი და ღირსებისა თუ კაცობის კლების ფორმა ახასიათებს! Genc Inshaat Limited-ის წარმომადგენლები ჩემთან ერთად შეხვდნენ ბატონ მინისტრს 2016 წლის 16 ოქტომბერს და ამ ფაქტის დადასტურება მნიშვნელოვანია ჩემი ბრალდების საქმეზე, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. ერთადერთი ჩემი სურვილი ისაა, რომ საქმეზე დადგინდეს სრული სიმართლე და ჩემს მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალდება, რაც შეიძლება მალე გაბათილდეს! თუმცა როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს და მათ შორის ნოდარ ჯავახიშვილსაც მომხდარი ფაქტები ,,აღარ ახსოვთ“… მინდა ყველა ჩემს მეგობარს და გულშემატკივარს გითხრათ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, რასაც ხელს ვერ შეუშლის ის დიდი ზეწოლა,რომელსაც მე და ჩემი მეუღლე და ოჯახის წევრები განვიცდით! მჯერა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია საკუთარი სიმართლის დამტკიცება, თუნდაც მრავალი უსამართლობისა და უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე“
ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძის მეუღლე: _ „ირაკლი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს მის დაკავებას, არ აღიარებს დანაშაულს, კერძოდ, თაღლითობის მუხლს არ ეთანხმება. ამბობს, რომ 60 ათასი დოლარი არის ჰონორარი, რომლის ნაწილიც აღებული აქვს. ამ თანხიდან დაახლოებით 30-35 ათასი დოლარი, რომელიც თურქულმა მხარემ ხელზე მისცა, კონტრაქტის თანახმად ოფიციალურ ანგარიშზე უნდა გადმოერიცხა, მაგრამ მათ დაარღვიეს კონტრაქტი. ირაკლი ამბობს, რომ არ გაუყალბებია მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილი და მისი სახელით არაფერი გაუგზავნია. პირიქით, ის მივიდა მუნიციპალური განვითარების ფონდში და სცადა, გაერკვია, ვინ გაგზავნა თურქულ მხარესთან ცრუ ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ ირაკლისთან თურქული კომპანია თავიდანვე პროვოკაციის მიზნით დააკავშირეს. სავარაუდოდ, იგეგმებოდა პროვოკაციის მოწყობა ნოდარ ჯავახიშვილისთვისაც, მაშინ ერთ-ერთი თურქული კომპანიის ადვოკატი ჯავახიშვილს კორუფციაში ადანაშაულებდა… შესაძლოა, ვიღაცას ამ საქმეში ირაკლის გამოყენება სურდა. თუმცა დეტალები არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, ალბათ ირაკლი თავად იტყვის… “
ჩანს, რომ ამ საქმეს სკანდალური გაგრძელება ექნება. მით უფრო საქმის არსებითი განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. ვინ არის ნოდარ ჯავახიშვილი, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის სამიზნე თუ უბრალოდ, თაღლითობისთვის დაკავებული კერესელიძის „მეგობარი ნოდარი“, რომელიც ადვოკატს დახმარებას სთავაზობდა?! ალბათ ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ, მით უფრო , რომ ამ სკანდალური საქმის არსებითი განხილვა მალე დაიწყება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაუგზავნა თურქულ მხარეს წერილი ტენდერში გამარჯვების შესახებ? ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ ირაკლი კერესელიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული პასუხი „დააფორვარდა“, შინაარსი კი შეცვალა, რაც მარტივად გასაკეთებელია. თუმცა ამას დადასტურება სჭირდება.
პ.ს. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას მოადგილედ დაინიშნა. ლაშა თორდიას გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე უფლებამოსილება 2017 წლის ივლისში ეწურება. პოლიტიკურ კულუარებში ვარაუდობენ, რომ მას სწორედ ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლებს.
ეკა ასათიანი