„სტაროვერი“ ირაკლი წერეთელი ზურაბ ჯაფარიძეს „რელიგიურ არჩევანს“ უწუნებს
ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ირაკლი წერეთელი ყოფილი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“, აწ უკვე რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინოვაციას _ მის მიერ რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ ეხმაურება და „მავნებლური იდეოლოგიის“ მიმართ აღშფოთებას ვერ მალავს.
_ ზურაბ ჯაფარიძის მოღვაწეობა ანტიმართლმადიდებლური, ანტიეროვნული და ანტიქრისტიანულია, რომელიც საერთოდ უნდა აიკრძალოს. ჯაფარიძე როდის აქეთ გახდა რელიგიური მამა და მოძღვარი?! ერთი გაფუჭებული და უმსგავსი კაცია, რომელიც ხან ნარკომანიის თავისუფლებას ქადაგებს და საჯაროდ თესავს მარიხუანას, ხან დეზერტირობისკენ უბიძგებს ახალგაზრდებს, ტაკიმასხარობს და ამით უნდა პოპულარობის მოხვეჭა და პოლიტიკური ქულების დაწერა, ჯაფარიძის მოღვაწეობა ანტიქართულია, თავისი იდეოლოგიით მავნებელია და, მე თუ მკითხავთ, ეს კაცი დასაჭერია, დროზე მიაქციოს ვინმემ ყურადღება! რას ჰქვია, ჯარში არ უნდა წავიდნენ?! უკლებლივ ყველა მოქალაქე უნდა წავიდეს სამხედრო სამსახურში, ყველამ უნდა დაიცვას სამშობლო. ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა, ყველა პასუხისგებაშია მისაცემი. მე ვარ მილიტარისტი და საქართველო უნდა იყოს მილიტარისტული, არანაირი პაციფიზმი!- აცხადებს ირაკლი წერეთელი.
თავად წერეთელს კი თავის დროზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრებასთან გამიჯვნა და სტაროვერების დაჯგუფებაში გაწევრებაც შევახსენეთ…
-ვარ ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ქრისტიანი, უბრალოდ, მაშინ ძიებაში ვიყავი, მაინტერესებდა, სად იყო ჭეშმარიტება. მართალია, რომ მქონდა ამ რელიგიის მიმდევრებთან ურთიერთობა, იქ მეგობრები მყავდა, თორემ ამ დაჯგუფებაში გაერთიანების არანაირი სურვილი და ინტერესი არ გამჩენია. ეს არის სუფთა რუსული მოვლენა. და მე რა მინდოდა იქ, რატომ უნდა გავმხდარიყავი რომელიღაცა რუსული ეკლესიის წარმომადგენელი?! თავს არც არავინ იკლავდა ჩემი იქ შეყვანით, თუმცა ჰქონდათ ამისი სურვილი… ყველა რელიგიურ მიმდინარეობას უხარია, როცა მათი რიცხვი იზრდება. „სტაროვერების“ დაჯგუფებასთან დაახლოებული ვიყავი, რაც დიდი ხნის წინ დამთავრდა“ – განაცხადა წერეთელმა