„უცნობი“: უწმინდესმა დამამშვიდა, ნუ იდარდებ, საქართველოში სწორი გადაწყვეტილება იშვიათად მიუღიათო…
ჟურნალისტის თვალით…
წარსულის გაკვეთილები ზოგჯერ საუკეთესო ანალიზის საშუალებას გვაძლევს… ნეტავ, სად დავუშვით შეცდომა, არასწორად რომელი „აგური“ დავდეთ, ვისი მცდარი აზრი მივიჩნიეთ საღად და პირიქით, ვინ სიმართლისთვის შევაჩვენეთ?! და საერთოდ, როდის ვიყავით მართალნი?! იქნებ საკუთარ თავს ერთხელ მაინც გამოვუტყდეთ, კარგად ავწონ- დავწონოთ ყოველივე და გვახსოვდეს, რომ „აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა.“ სწორედ ამ მიზნით, ჟურნალისტი ეკა ასათიანი გთავაზობთ, სხვადასხვა ბეჭდურ საშუალებებში მის მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ მასალებს, რისი ხელახლა წაკითხვაც შესაძლოა მკითხველისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს. იმედია, ამ პროექტს სათანადო გამოხმაურება ექნება.
მაშ ასე, 2010 წლის 25 იანვარს, გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ „უცნობთან“ ( გია გაჩეჩილაძე) ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ჟურნალისტმა ეკა ასათიანმა ჩაწერა. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც გადაცემა „საკანი #5“ დაიხურა, ხოლო გია გაჩეჩილაძე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა , შემდეგ ის მოსალოცად სინას მთაზეც იმყოფებოდა. საქართველოში დაბრუნებული კი „კვირის პალიტრას“ და ჟურნალისტ ეკა ასათიანს ექსკლუზიურად ესაუბრა.
„უცნობი“: უწმინდესმა დამამშვიდა, ნუ იდარდებ, საქართველოში სწორი გადაწყვეტილება იშვიათად მიუღიათო…
გია გაჩეჩილაძე: „მკურნალობის დროს ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, ფსიქოლოგი (არაქართველი), რომელიც ჩემი პრობლემებით დაინტერესდა და გულისყურით მომისმინა. სწორედ მან მითხრა, ჩემი აზრით, ქართველები მტერს გარეთ ეძებთ მაშინ, როცა საკუთარი თავისა და ქვეყნის მტრები უპირველესად თქვენ ხართო.… ერთმანეთს ვერ ვიტანთ. მხოლოდ ქართველს შეუძლია გამოვიდეს და თქვას, „დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბის დაწერილი არ არისო, მხოლოდ იმიტომ, რომ განაწყენებულია ჭაბუა ამირეჯიბზე. მარტო ქართველი თუ ატკენს გულს მერაბ ბერძენიშვილისთანა მოქანდაკეს და მის შემოქმედებას გასაცამტვერებლად გაიმეტებს.…ამ თვისებისგან განკურნება გვმართებს. დაე, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და გავარკვიოთ, საიდან არის დაბუდებული ჩვენში ასეთი შური. ჩემი აზრით, შური უნიჭობის გამოვლინებაა და მეტი არაფერი. …
– უნიჭოები არიანო, ქართველებზე ნამდვილად არ ითქმის…
– გააჩნია, რა შემთხვევაში. ქართული „ნაციონალური“ ტელევიზიებით გამომსვლელებს რომ ვუყურებ და მათთვის საგანგებოდ დაწერილ ტექსტებს ვისმენ, მეჩვენება, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ. როგორ ვთქვა, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი?!
– უიმედობას გამჩნევთ… პოლიტიკური ბრძოლისათვის თავის დანებებაზე ხომ არ გიფიქრიათ?
– ბრძოლის გაგრძელებას აზრი ყოველთვის აქვს. დასახულ მიზანს ხომ უნდა მივაღწიოთ? ქვეყანა დეპრესიის ჭაობშია ჩაფლული და უნდა ამოვიყვანოთ.
-26 მაისს, სტადიონზე ხალხის შეკრება ერთგვარი კულმინაციის წერტილი იყო, მერე დაიწყო დაღმასვლა. შეცდომებზე არ გიფიქრიათ?
– მიფიქრია. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიკითხავს, იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება სამების საკათედრო ტაძართან ხალხის მიყვანა.…ეს შეცდომა იყო. ეს უწმინდესთანაც ვთქვი, მან კი დამამშვიდა, ათი ცხოვრებაც რომ იცხოვრო, მაგაზე ნუ იდარდებ. საქართველოში სწორი გადაწყვეტილება იშვიათად მიუღიათო. არ ვიცი, 9 აპრილი იგულისხმა თუ 90-იანი წლები. იქნებ შემდგომ მოვლენებსაც გულისხმობდა…
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ასეთ შეცდომას აღარ გავიმეორებ და კათოლიკოს-პატრიარქს უფრო მოვუფრთხილდები, უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩავაყენებ. იმ დღეს რაც მოხდა, იმანაც განაპირობა, რომ ნანა კაკაბაძემ შემატყობინა, პატრიარქმა სტადიონზე წამოსვლა გადაწყვიტაო. მერე ეს „მიზეზთა გამო“ ჩაიშალა და ჩვენ წავედით პატრიარქთან. ალბათ, სჯობდა, ნანას არ დაერეკა.
ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ძალის მოკრება მართლაც მესაჭიროებოდა. შობის დღეს, ნაავადმყოფარი, სინას მთაზე ფეხით ავედი და იქ ასეთი ლექსი დაიბადა:
„როგორც ჩემთვის უწმინდესის
ლოცვა არის ლოცვა,
ისე ცუდის გაფიქრებაც
ცოდვა არის, ცოდვა.…
„ცოდვა“ არის ყველაფერი,
რაც უფალმა მისცა მოსეს,
თითო მცნების თითო სიტყვა,
სინას მთაზე შეგვიმოსეს.…
შემდეგ უკვე მას ამტკიცებს,
ღმერთკაცი და მარიამი,
ბეთლემში რომ ბავშვი გაჩნდა,
სიკვდილითვე შარმიანი”.
სინას მთაზე ყოფნამ გამაძლიერა, ენერგია შემმატა.
– მომავალში რას გეგმავთ?
– არ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას გაუთავებელი მიტინგებით. ჩვენ ეს გზა უკვე გავიარეთ. ვფიქრობ, ხალხს კონსტიტუციურად რისი უფლებაც ჰქონდა, უკვე ყველაფერი მოსინჯა. ამ საშინელების წინააღმდეგ ბრძოლაში ორი წელია ასიათასობით კაცი პერმანენტულად იკრიბება და ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ხალხმა არ გადააბიჯა საკუთარ თავს, არ წავიდა დაპირისპირებასა და სისხლის ღვრაზე, ამის საპასუხოდ კი ცინიკური დამოკიდებულება მიიღო. მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ხალხი ამდენ დამცირებას აღარ მოითმენს.
პირადად მე არჩევნებს კი არ ველოდები ქვეყანაში, არამედ მიზეზს იმისთვის, რომ ლეგიტიმური გახდება ის, რაც ამ არჩევნების შემდგომ მოხდება.…
არჩევნები ხელისუფლებას უკვე მოგებული აქვს. შესაძლოა, არჩევნები ვიღაცისთვის 2 ან 5 ადგილი იყოს საკრებულოში, ჩემთვის კი პროცესია, რითაც იქნებ წერტილი დაესვას კოშმარს, რომელშიც 6 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ. ტელევიზიით, რადიოთი თუ სხვა საშუალებებით ვიბრძოლებ ისევ იმ იდეისთვის, რისთვისაც ვიბრძოდი.
– მაგრამ არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც გიგი უგულავას კანდიდატურას უჭერს მხარს, თუნდაც იმიტომ, რომ თბილისი დაგვილაგა. მერი თბილისელებს ათასგვარი სოციალური პროგრამების ამოქმედებას ჰპირდება.
– მერია “მაგრად ასუფთავებდა” ქალაქს, როცა ხალხი რუსთაველზე იდგა. ფიქრობთ, ადამიანებს ეს ყველაფერი დაავიწყდათ? იმას, ვინც მაშინ რუსთაველს ასუფთავებდა, თავში ურტყამდნენ, პოლიციაში იბარებდნენ. სოციალური დაპირებები კი მხოლოდ საარჩევნო პიარის შემადგენელი ნაწილია, რომელიც იქვე გაჩერდება, როცა არჩევნების თემა დამთავრდება. სახურავების გადახურვა, ლიფტების შეკეთება და სხვა დაპირებები აღარავის გაახსენდება.
– იყო დრო, როცა ოპოზიციამ გაერთიანება შეძლო ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის ირგვლივ. იგივე რომ მოხდეს მერის არჩევნების წინ, გამორიცხულია?
– გამორიცხული არაფერია. ოპოზიციის ძირითადი ნაწილის კანდიდატი ვინ იქნება, ეს ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ მალე აუცილებლად შეიტყობთ.
– “მაესტროს” ეთერში “საკანი #5″ აღარ დაბრუნდება. სხვა პროექტი ხომ არ გაქვთ?
– ჯერ არაფერი ვიცი,…თავში ძალიან ბევრი პროექტი მაქვს. ჩემი ვარაუდით, ერთ თვეში ან ორ კვირაში აუცილებლად გაჩნდება ისეთი რაღაც, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე.
– იდეებსა და პროექტებზე თქვენ და ეროსი კიწმარიშვილს აზრთა სხვადასხვაობა ხომ არა გაქვთ?
– ბოლო ხანებში ჩვენ შორის პრივატული საუბარი შედგა. ვისაუბრეთ იმ პროექტებზეც, რომლებიც იდეაში მაქვს. ის მზად არის, გადაცემა მქონდეს “მაესტროში”. დავინტერესდი “მაესტროს” რეორგანიზაციის საკითხითაც. ეროსი კიწმარიშვილი ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც იკისრა.
თებერვლის ბოლოს კიდევ უფრო განახლდება ფორმატი, გაჩნდება ახალი ნიუსები, წამყვანი გადაცემები და ტოქშოუები.…
– იქნებ დააზუსტოთ, რა იწვევს თქვენ შორის აზრთა სხვადასხვაობას?
– იმაზე, რასაც შინაგანად ვგრძნობ, რომ გაამართლებს, ეროსი არ მეთანხმება. მიაჩნია, რომ იმავე იდეის ხორცშესხმა სხვა ფორმით უკეთესი იქნება.…
– “საკანმა #5″-მა არ გაამართლა?
– ეს თქვენი და საზოგადოების შესაფასებელია.
– საქართველოდან თქვენი წასვლისთანავე ატყდა აჟიოტაჟი, ბოლო “საკანი 5″-ის ჩანაწერს “პირდაპირი ეთერი” ეწერა და ეს სიცრუეაო. ეს რამ გამოიწვია?
– სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რა ეწერა იმ გადაცემას. დრო ცოტა მქონდა და ამიტომ ჩავწერე დღისით გადაცემა. ცხადია, მაყურებლისთვის უნდა მეთქვა, რას ვაპირებდი. დღისით ჩაწერილი საღამოს გავიდა, ეგ იყო და ეგ. გურამ დონაძემ რა როგორ გამოიყენა, არ მაინტერესებს. მთავარია, საკუთარ თავთან მართალი ვარ.
ეკა ასათიანი