პოლიტიკა

„შესაძლოა, ჩემ მიერ შექმნილი ვირუსის განვითარებაც მოხდა…“

ალბათ ყველას გვახსოვს,  რომ  თავის დროზე ახალგაზრდა  ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა შექმნა ვირუსი, რომელსაც იმხანად არსებული ვერც ერთი ანტივირუსი ვერ ერეოდა. მსხვერპლის კომპიუტერი ვირუსდებოდა და შედეგად კომპიუტერით ხდებოდა თვალთვალი. სწორედ ასე უთვალთვალებდნენ  „ქართული ოცნების“ წევრებსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ვასილ ჯამალაშვილი (2012 წლის 18 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე) კუდ-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. გააუვნებელჰყვეს  თუ არა მის მიერ შექმნილი ვირუსი უკვე  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?! ხომ არ ხდებოდა მისი  მოგვიანებით გამოყენებაც?! ამ საკითხზე ჟურნალისტ ეკა ასათიანს  ვასილ ჯამალაშვილი ექსკლუზიურად   ესაუბრა ( წყარო  „კვირის პალიტრა“) . კვლავაც  გთავაზობთ ამ საუბრის შინაარსს, რადგანაც არ არის გამორიცხული,  მოახლოებული არჩევნების წინ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების წამოწევა ისევ მოხდეს.

ვასილ ჯამალაშვილი ყველას გასაგონად ვაცხადებ, – თავის დროზე ვირუსის შექმნის გამო მედებოდა ბრალი და არა ფარული ჩანაწერების გადაღება-გავრცელებისთვის. ჩემი შექმნილი ვირუსი კი რასაც  აკეთებდა, ყველამ იცის.

_ მგონი, ახალმა ხელისუფლებამ ეს ვირუსი გააუვნებლა.

_ არ ვიცი, შეიძლება.

_ შეიძლება თუ არა, რომ  ეს ვირუსი კვლავ თვალთვალისთვის გამოიყენონ?

_ ჩვენ რომ წამოვედით, ვირუსზე მუშაობა შეწყდა. ანტივირუსებიც უმჯობესდება და ვფიქრობ, ის ვირუსი უკვე გამოუსადეგარია. თუმცა, შესაძლოა, შემდგომ მისი განვითარებაც მოხდა…

_ როგორ ფიქრობთ, მომავალში შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ  პირადი ცხოვრების ამსახველი    ვიდეო კადრები არ გავრცელდეს?

– ეს შეუძლებელია. ამ მხრივ შსს-ს უმოქმედობაში ვერ დავადანაშაულებ, ის ვიდეომასალების გასვლისთანავე ( როცა ეს ხდება)  ბლოკავს კადრებს, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა ნახოს… მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბერდანაშაულის შემსწავლელი განყოფილება, ამ საქმის გამოძიება ძალიან რთულია და საქართველოს ძალოვანი უწყებები ეფ-ბი-აის გარეშე ვერაფერს გახდებიან. რამდენადაც ვიცი, მიმართეს კიდეც, მაგრამ პროცედურები დიდ ბიუროკრატიას შეიცავს…

ეფ-ბი-აის შეუძლია  „იუთუბიდან“  IP-მისამართის გაგება, თუმცა,  ეს დამნაშავის დადგენას არ ნიშნავს. შეიძლება სხვა ქვეყნის ვთქვათ, ინტერნეტკაფედან აიტვირთოს ვიდეომასალა, რაც გამოძიებას  გაართულებს. გარდა ამისა, კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია IP-მისამართის შეცვლა. ასე რომ, რთულია ასეთი საქმეების გახსნა, თუმცა, ვფიქრობ, რომ  დამნაშავის დადგენა მაინც არ გაუჭირდებათ. ეს ჩემი აზრია და მეტს აღარ დავაზუსტებ…

ეკა ასათიანი

კომენტარის დატოვება