გასული წლის მარტში კლინიკა „ლანცეტში“ ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად ორი პაციენტი – კარლო კეკელიძე და გიორგი ჩუბინიძე გარდაიცვალა. პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ინფორმაციის დამალვის ბრალდებით შპს „ლანცეტის“ მეპატრონე ფარმან ჯეირანლი დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისი სასამართლო პროცესი 12 ივლისსაა ჩანიშნული. ახლახან გავრცელდა ფარმან ჯეირანლის წერილი, სადაც ის გარკვეულ დაინტერესებულ ჯგუფზე საუბრობს, რომელიც მისი და აფგან მუხთარლის ანგარიშსწორებით იყო დაინტერესებული. „მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინც ხელმძღვანელობს აღნიშნულ ჯგუფს საქართველოში და ვინ ხელმძღვანელობს _ აზერბაიჯანულ ჯგუფს, არა მარტო ჩემს საქმეს, არამედ აფგან მუხთარლისა და სხვების საქმეს. პრობლემა რომ გადაწყდეს, ისინი ტყუილად ნუ იფიქრებენ ჩემს ფიზიკურ გადნადგურებას. ეს ინფორმაცია აქვს ჩემს უახლოეს გარემოცვას. ჩემი განადგურების შემთხვევაში, აღნიშნული მაინც გაცხადდება. ყველაფერს სასამართლოზე ვიტყვი“, _ ნათქვამია წერილში.
გელა ნიკოლაიშვილი, ფარმან ჯეირანლის ადვოკატი
_ ფარმან ჯეირანლი 21 მაისს დააპატიმრეს, მანამდე, 4 მაისს, აზრბაიჯანულ მედიაში ქვეყნდება ვრცელი წერილი, რომელშიც სახელისუფლებო ჟურნალისტი წერს აზერბაიჯანულ „ოპოზიციაზე, რომელიც დაბუდებულია თბილისში და ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას, მაიდანს ბაქოში“. წერილში ოპოზიციის ჩამოთვლილ ლიდერთა შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ჯეირანლის, რომელიც თურმე, მათი თქმით, აფინანსებს ოპოზიციას. როდესაც ჯეირანლი დააკავეს, მედიაში ისევ ქვეყნდება წერილი სათაურით – „აზერბაიჯანული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თაღლითობისთვის დააპატიმრეს“. ამას იმიტომ ვუსმევ ხაზს, რომ ამ ადამიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება იყო აბსურდული და ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა. ამის შემდეგ, 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, შემდეგ კი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს ქალბატონი გიოზალ ბაირამოვა – აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე, ანუ იყო აზერბაიჯანელი ე.წ. ოპოზიციონერების დაპატიმრების მთელი სერია რასაც, როგორც ბრალდებული ამბობს, ერთი ხელწერა აქვს და ერთი ჯგუფი ახორციელებს. ჯეირანლის თქმით, მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე (იორმუღანლოელია), შემდეგ წავიდა აზერბაიჯანში, მუშაობდა მოსკოვშიც, იყო აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, არის პროფესორი… როცა ბიზნესში გადავიდა, პარტნიორებთან ერთად 30 მილიონის ინვესტიცია განახორციელა და 2014 წელს თბილისში მაღალი დონის კლინიკა „ლანცეტი“ გახსნა. მისი მიზანი იყო, საქართველოში დაეარსებინა ტრანსპლანტაციის ცენტრი. ყველგან, მსოფლიოში, ეს ოპერაციები ძალიან ძვირი ჯდება და მან მოახერხა აქ 40 000 დოლარად გაკეთებულიყო თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული პროფესიონალი ექიმების დახმარებით. ქირურგი მირჯალალ ქაზიმი, რომელიც თურქეთშიც აკეთებს ოპერაციებს, უძლიერესი სპეციალისტია, მას მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის 26 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აქვს გაკეთებული და საკმაოდ წარმატებულადაც.
_ თუმცა ქაზიმსა და ექიმების მის ჯგუფს საქართველოში ტრანსპლანტაციის ოპერაციების ჩატარების ნებართვა არ ჰქონდათ
_ ქაზიმს თურქეთსა და აზერბაიჯანში არა, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით აქ სჭირდებოდა ტრანსპლანტოლოგიაზე ნებართვა, რათა გაეკეთებინა ოპერაცია. ქირურგს ჰქონდა ერთწლიანი ლიცენზია, რომელსაც 2015 წლის დეკემბერში ვადა გაუვიდა. 2016 წელს იანვრიდან მან მოითხოვა ვადის გაგრძელება და ეს პროცესი გაჯანჯლდა, მარტისთვის (როცა ეს ორი ოპერაცია ჩატარდა) მას და სხვა ექიმებსაც კიდევ არ ჰქონდათ ლიცენზიებზე თანხმობა მიღებული. „საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ“, 11-ე მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ უცხოელმა ექიმმა უნდა მიიღოს ნებართვა, მაგრამ წერია ისიც, რომ თუ ოპრაცია სასწრაფოა, მას შეუძლია ოპერაცია გააკეთოს და შემდეგ მიიღოს ნებართვა. სამწუხაროდ, კარლო კეკელიძისა და გიორგი ჩუბინიძის ოპერაციები ფატალური შედეგით დასრულდა _ ორივენი ოპერაციიდან ერთ კვირაში გაუგებარი მიზეზით გარდაიცვალნენ, რის გამოც იმხანად არავის უჩივლია. კეკელიძის ოჯახმა ოპერაციის 40 ათასი დოლარი გადაიხადა, რაც ბუღალტერიაში ოფიციალურად გატარდა. კლინიკის მეპატრონის მხრიდან მაშინ იქნებოდა თაღლითობა, გადახდილი თანხა თუ არ დაფიქსირდებოდა. ჟეირანლიმ შემდეგ გამოიტანა 75 ათასი ლარი, რაც კანონის დარღვევა არ არის, ვინაიდან ის საავადმყოფოს მეპატრონე იყო, სადაც ფული აქვს ჩადებული და ჰქონდა ამისი უფლება, ეს ბიზნესია, საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არ იყო? მან თურქეთთან შედარებით გადანერგვის ოპერაციებს იმიტომ დაადო ნახევარი ფასი, რომ აქ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქებს, არამედ უცხოეთიდან ჩამოსულებსაც გაეკეთებინათ ოპერაცია, შემოსავალი ჰქონოდა და ამიტომაც მოიწვია მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. რაც შეეხება ჩუბინიძეს, მას განუვითარდა ღვიძლის კარის თრომბი, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ვინაიდან ოჯახს ხელთ ფული არ ჰქონდა, გადაწყდა, რომ გაეფორმებინათ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება. როდესაც კლინიკამ ვალის გადახდა მოთხოვა, ოჯახმა მაშინ მიმართა არასამთავრობოს, მან კი პროკურატურას, ფულს თაღლითურად სთხოვენო. „ლანცეტს“ ფული რომ არ მოეთხოვა, ალბათ ოჯახი არც იჩივლებდა, თან ეს არ მომხდარა ცხელ გულზე, ერთი წელი იყო გასული. ჯეირანლის ბრალად ედება თანხის თაღლითურად მითვისების მცდელობა. როცა ოპერაცია 16 საათს გრძელდება, ამდენი ექიმია ჩამოყვანილი, ნახევარი ფასია იმისა, გაუგებარია, რაში მდგომარეობს თაღლითობა. ასეთი რთული ოპერაციის მერე ადამიანი თუ გარდაიცვლება, ეს გასაკვირი არ არის, მსოფლიოში ტრანსპლანტაციის ოპერაციების 20-30% სრულდება გარდაცვალებით. ახლახან, სამწუხაროდ, ექს-პრემიერ მინისტრ თენგიზ სიგუას შვილიშვილი გარდაიცვალა თურქეთში, რომელსაც ოპერაცია გაუკეთა ექიმმა, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს სპეციალისტთა ათეულში შედის და არის მირჯალალ ქაზიმის მასწავლებელი.
_ მირჯალალ ქაზიმი გამოვა მოწმედ პროცესზე? როგორ ჩაიარა მასთან თქვენმა ვიზიტმა ბაქოში?
_ მიუხედავად იმისა, რომ მთელ ამ ისტორიაში ეს ადამიანია მთავარი მოქმედი ფიგურა, მან გააკეთა ოპერაცია, ქაზიმს არავინ არაფერს ედავება. ოპერაცია თუ არასწორად გაკეთდა, პასუხი ქირურგს არ უნდა მოსთხოვონ? ეს ადამიანი დაკითხულიც კი არ არის და ამიტომ გავემგზავრე მასთან ბაქოში თარჯიმანთან ერთად. ქაზიმი თავიდან გვემალებოდა, ბოლოს კაბინეტთან ჩავუსაფრდით და უარი ვეღარ გვითხრა. ავუხსენით, რომ გვინდოდა იმის გაგება, იყო თუ არა ოპერაცია გასაკეთებელი, რა სჭირდათ იმ ადამიანებს, რა მიზეზით გარდაიცვალნენ და რა როლი ჰქონდა ამ საქმეში ფარმან ჯეირანლის. ქირურგმა გვიპასუხა, ჯეირანლი ოპერაციისას არც შემოსულა, რა ესაქმებოდა, ჩემი გუნდი მყავდა ჩამოყვანილიო. ოთახში ქალბატონი შემოვიდა, კლინიკის იურისტად გაგვაცნო, მაგრამ აშკარად სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ვთხოვდით ქაზიმს, ხან მოვითხოვდით მისგან მოეცა ჩვენება, მაგრამ გვითხრა, აქ ისეთი სიტუაციაა, რამე რომ ვთქვა, სამსახურს დავკარგავ, ან დამიჭერენ, თანაც ჯეირანლი აქ ოპოზიციის ლიდერადაა მიჩნეულიო. ვუთხარი, ოპერაციაზე ილაპარაკე, მას საერთოდ ნუ ახსენებ, თუგინდ ლანძღე, რომ ოპოზიციონერია და არ ემხრობით-თქო. მარტო ის მაინც დამიწერე, რომ მოწმედ გამოსვლაზე თანახმა ხართ, ისიც სკაიპის საშუალებით, თბილისში ჩამოსვლას არ გთხოვთ-თქო, ამაზეც უარი თქვა. გვეუბნებოდა, ფარმანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საფრთხის ქვეშ ვარო. მოკლედ, არაფერი გამოვიდა. ამ ყველაფერმა დამარწმუნა იმაში, რომ აქ სამართლებრივ დევნაზე კი არ არის საუბარი, ფარმან ჯეირანლის დაკავებას მართლაც პოლიტიკური სარჩული უდევს. აზერბაიჯანში რეჟიმია ისეთი, ოპოზიციონერების ხსენებაზე ყველა კანკალებს.
ნანა ფიცხელაური
