რეგიონი

ბიბილოვი ქართველებისთვის ახალგორში სახლების ჩამორთმევას აანონსებს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალ ინიციატივებს ახმოვანებს.  მისი განცხადებით, ახალგორში ქართველებს, რომლებიც იქ ბოლო 5 წელია აღარ ცხოვრობენ,  კუთვნილი სახლები ჩამოერთმევათ და  ოსებს დაურიგდებათ. გარდა ამისა, როგორც „რესპუბლიკის“ დანარჩენ სკოლებში, სწავლება გახდება რუსული, ქართული კი რიგით საგნად  დარჩება.  დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ვისაც სახლების შენარჩუნება სურს, ახალგორში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს, ხოლო ვინც მუდმივად ცხოვრობს, ვალდებულია, აიღოს ე.წ. პასპორტი. ამ „პასპორტის“ მიღებისას კი ერთი რადიკალური მოთხოვნაა, „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობის მსურველმა სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს და ამის შესახებ წერილობითი განაცხადი რეგიონის ე.წ. „კაგებეში“ უნდა წარადგინოს.  კონკრეტულად კი, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მისი დავალებით მალე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ახალგორში იმ კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს, სადაც მფლობელები 5 წელზე მეტია, რაც  არ ცხოვრობენ და სახლები მიტოვებულად ითვლება.

საუბარია იმ სახლებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებშია განთავსებული. ბიბილოვმა ამით ქართველებისთვის სახლების ჩამორთმევა დააანონსა. „ეს სახლები უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემდეგ დაურიგეთ იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლობით, როდის დაგვიბრუნდებიან. მარტივად გადასაწყვეტი საკითხია – საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი“, – განაცხადა მან. როგორც ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, სკოლები ე.წ. რესპუბლიკის საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს, რაც სწავლების რუსულ მოდელზე და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს. „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან. ამიტომ ვალდებულები ვართ, შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ამას არ უნდა მოჰყვეს აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც იკრძალება. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top