განათლება

„განგაშის ზარები დავარისხოთ!!!… ანუ რა ხდება სკოლებში?!“

Europress.ge გთავაზობთ დაანონსებულ  ინტერვიუს „საქართველოს განათლების ლიგის“ პრეზიდენტთან, მანანა ნიკოლაიშვილთან, რომელიც  განათლების სფეროში არსებულ უმწვავეს პრობლემებს შეეხება. მაშ ასე,   რამდენად საგანაგაშოა  გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემები, რომლის თანახმადაც  საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი  11 000-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა და რა იმალება ამ ყველაფრის უკან?!

მანანა ნიკოლაიშვილი:   ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ იყო ის ფაქტი, რომ საატესტატო გამოცდებზე  11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. უფრო მეტიც, ეს არ არის საბოლოო მაჩვენებლები, მალე მე-11 კლასელების შედეგებიც დაიდება და გაირკვევა, რომ საქმე ბევრად უფრო რთულადაა და შეიძლება, ღირს, რომ  განგაშის ზარი დავარისხოთ!!! შარშანაც თითქმის იგივე მდგომარეობა გვქონდა, საატესტატო გამოცდებზე    20  ათასი  მოსწავლე  ჩაიჭრა, თუმცა ეს  ინფორმაცია  გაასაიდუმლოეს.  სამინისტროს ციფრი საერთოდ არ დაუსახელებია!   ასეთი განათლების სისტემის და მავნებლური რეფორმის მიმდევარი მინისტრი მთელი წელიწადი ზღაპრების განხილვით იყო დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ  მწვავე პრობლემებში გარკვეულიყო და მათი აღმოფხვრის გზები ეძებნა.  თუმცა  საბანკო სექტორიდან მოსულმა მინისტრმა რა  იცის განათლების სფერო?!… დღეს კი სახელმწიფომ  პასუხი უნდა გაგვცეს,  თუ  რატომ ვერ განვითარდნენ,  დამუნჯდნენ და დაყრუვდნენ ბავშვები. დიახ, ყველაფერი  სახელმწიფოს ბრალია, რომელმაც არ გაატარა საჭირო რეფორმები. ის ანტიეროვნული რეფორმა კი, რაც 2004 წელს დაიწყო,  დღემდე წარმატებით გრძელდება.

_რას გულისხმობთ?

_იმას, რომ ქვეყანაში  სახელმწიფოს მხრიდან არის  დარღვეული განათლების მიწოდების მასობრივი პრინციპი.  თავის დროზე ნაციონალებმა 1200  სკოლა და ამაზე მეტი საბავშვო ბაღი  დახურეს.   როდესაც ქვეყანაში ზემოთ ხსენებული  პრინციპი ირღვევა, განათლების და კულტურის დონეც ეცემა. სამწუხაროდ, ამ მხრივ  „ქართულმა ოცნებამ“    „ნაციონალების“ გზა გააგრძელა.  დაირღვა კონსტიტუციის  მუხლი, მთავარი მოთხოვნა, რომ ბავშვებმა თანაბარ პირობებში მიიღონ განათლება.   ბაგა-ბაღები პირდაპირ არიან სკოლებზე მიბმული. არადა,  მსოფლიო პედაგოგიკური კვლევებით დადგინდა, იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებული იყოს, მან უნდა ჯერ  ბაღში უნდა  იაროს და სკოლისთვის მოემზადოს. განათლების ხარისხი მაშინ იქნება მაღალი, როცა  ბავშვის  განათლებას 2-3 წლამდე ჩაეყრება  საფუძველი.  ბავშვთა  განათლების  დაბალი  ხარისხი ოჯახის ფაქტორითაც  არის განმპირობებული.  ხშირად  ბავშვისთვის სახლში  მთავარი კომპიუტერია,  მას მშობლის ყურადღება აკლია, ხშირად  მშობლები  ცალ-ცალკე  ცხოვრობენ, ერთობიან და შვილების აღზრდა-განათლებას  საკმარის დროს არ უთმობენ.  ბავშვების 95%-მა კითხვაც კი არ იცის წესიერად და ეს იმის ბრალია, რომ ოჯახში წიგნს არ კითხულობენ. ამის გარდა საქართველოში არის ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი, სადაც ბავშვებს სათანადო კვებაც  არ აქვთ. დადგენილია, რომ ბავშვის ნიჭი და მისი განვითარება პირდაპირპროპორციულად  საკვებზეა დამოკიდებული, ადამიანი ისე  არ განვითარდება, ორგანიზმს მისთვის საჭირო ნივთიერებები თუ არ მიეწოდა.  სოციალურად  დაუცველი ოჯახის ფეხმძიმე დედა ისე ვერ იკვებება, რომ შვილი  ჰყავდეს ჯანმრთელი.  ბევრ ბავშვს საერთოდაც გომურში, მიწურსა ან ქუჩაში უწევს ცხოვრება და სკოლაშიც კი ვერ დადის. ასევე,  „ოცნებამ“ ნაციონალების მიერ შემოღებული ეროვნული სასწავლო გეგმა ხელუხლებელი დატოვა და სასწავლო საათების რაოდენობა ტოტალურად შემცირებულია ყველა საგანში. ამის ხარჯზე  ტაშფანდურა საგნებია შემოღებული.  თუნდაც რა საჭიროა  „მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“. ეს ორივე რომ გავაერთიანოთ და საქართველოს ისტორია დავარქვათ,  ვოთომ ამით რა დაშავდება?!  ჩემი აზრით, დაუშვებელია  უცხო ენის პირველივე კლასიდან სწავლება, ბავშვი ჯერ  მშობლიურ ენაში უნდა გაერკვეს და მერე დაიწყოს  სხვა ენის სწავლა. ჩემი აზრით, ასევე,  უნდა შემცირდეს დასვენების დღეები და მათ ხარჯზე გაიზარდოს სასწავლო დღეები. სწავლა  შრომატევადი პროცესია, ამიტომ შაბათიც სწავლის დღედ უნდა გამოცხადდეს.  უნდა აღდგეს გამოცდები 5-დან 11 კლასის ჩათვლით, ყველა კლასში უნდა იყოს კლასიდან-კლასში გადასასვლელი გამოცდები. თანაც გამოცდა უნდა ჩატარდეს არა  ტესტირების სახით, არამედწერითიც და ზეპირიც, თორემ დამუნჯდნენ და დაყრუვდნენ  ბავშვები! უნდა შეიცვალოს საატესტატო გამოცდების ფორმატი, რომელიც მოსწავლეს ფსიქოლოგიურად ანგრევს, თორემ  მართლა ამდენი უვიცი ბავშვი კი არ გვყავს?! ბავშვს ტესტის გასაკეთებლად საკმარისი დრო უნდა მისცე. აუცილებლად უნდა გაიზარდოს გაკვეთილის ხანგრძლივობა, 40-45 წუთი არაა საკმარისი. ევროპაში და ყველგან გაკვეთილის ხნგრძლივობა საათნახევარია, თავისი დასვენებით. სერიოზული პრობლემაა საშინელი სახელმძღვანელოები. მას ერთად უნდა ადგენდნენ  პედაგოგები, ფსიქოლოგები და ამ პროცესში  ექიმების ჩართულობაა საჭირო.  დაუშვებელია საატესტატო გამოცდებზე ყოველ დღე,  ზედიზედ სხვადასხვა საგნის ჩაბარება. თითო გამოცდას შორის ინტერვალი მინიმუმ 3-4 დღე უნდა იყოს, ვინაიდან გამოცდები სტრესთან არის დაკავშირებული და ბავშვს უნდა ჰქონდეს დასვენების, ძალების აღდგენისა და მომდევნო საგნის გამეორების საშუალება. არ არის ნორმალური, როცა ერთ დღეში ორი გამოცდა ტარდება და დასტრესილი ბავშვი ერთიდან მეორე  გამოცდაზე შედის.  დირექტორებად ინიშნებიან ნებისმიერი მოქალაქეები, რომელთაც არ მოეთხოვებათ პედაგოგიური განათლება, რაც მავნებლობაა და  დანაშაული. მასწავლებლის პროფესია რთულია, ამიტომ   მას  მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. ზემოთ აღნიშნული ყველა პრობლემა თუ დადებითად გადაწყდება, ამაღლდება სკოლის მოსწავლეების განათლების ხარისხიც.

 

_ თავად  მინსიტრმა  ჩაჭრილთა  ციფრი  საგანგაშოდ არ მიიჩნია, მათი რაოდენობა მან 2080  სკოლიდან  გადაიანგარიშა   და  თქვა, თითოეულში   „ხუთი-ხუთნახევარი“ ბავშვი ჩიჭრაო.

_ მინისტრს ამ  2080 სკოლისთვის 300-მდე კერძო სკოლაც უნდა დაემატებინა  და შეიძლება ჩაჭრილთა ნაკლები რაოდენობაც მიეღო!  რასაკვირველია, ასეთი მიდგომა  ძალიან არასერიოზულია. იმიტომ, რომ 6 ჩაჭრილი ბავშვიც კი  ძალიან ბევრია სკოლისთვის. მასმედია მიმინოშვილს რომ ეკითხება, რატომ დაიდო ასეთი შედეგიო, ის რა შუაშია?  მიმინოშვილი მხოლოდ  შედეგებს  ზომავს. ეს კითხვა სახელმწიფოს, პრეზიდენტს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას უნდა დაუსვათ.   რა შუაშია მასწავლებელი? როცა ასეთი გლობალური ჩავარდნა ხდება, ამაში სახელმწიფოა დამნაშავე, რომელიც სააკაშვილის დაწყებულ მავნებლურ რეფორმას აგრძელებს .

ანა არაბული

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

პოპულარული

To Top