მცოცავი ოკუპაციის სახიფათო ლაბირინთები : „საჭიროა საზღვართან და მეზობლებთან მიმართებაში უფრო ადეკვატური აზროვნება, დაიცავით საზღვრები!“
europress.ge ჯერ კიდევ 2 ივნისს წერდა მცოცავი ოკუპაციის საფრთხეებზე, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ამჯერად, როცა რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის მიმდებარედ სოფლების – ბერშუეთისა და სობისის განაპირას ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს და ის „ სასაზღვრო ნიშნულიდან“ კიდევ 500 მეტრით აქეთ გადმოსწიეს, ხელახლა შეგახსნებთ 2 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას, „მცოცავი ოკუპაციის სახიფათო ლარიბინთები“.
პერმანენტული „მცოცავი ოკუპაცია“, საზღვრების ხელოვნურად გადმოწევა, მეზობლებთან ჰექტრობით სადავო მიწა, 43-დან 23 დაკარგული უღელტეხილი, ოკუპანტების მიერ მითვისებული სოფლები... ეს საქართველოს მწარე რეალობაა, რომელსაც ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს. „2008 წლის შემდგომ, საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე, თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ გრძელდება და, სავარაუდოდ, ოსი სეპარატისტები რუსეთის მხარდაჭერით აგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას. გამორიცხული არ არის, საფრთხე დაემუქროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გარკვეულ ტერიტორიებსაც,“ _ აცხადებს europress.ge – სთან კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუცევლი არ დატოვოს საზღვრები.
ალექსანდრე რუსეცკი:_ საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებს, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. მათი გეგმის მიხედვით, საზღვარი სოფელ ყარიფალაზე გადაიკვეთა და საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცა. დღესდღეობით, დიდი და პატარა ხურვალეთის დასახლებული ნაწილი, ე.წ. საზღვარს იქეთ აღმოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს მავთულხლართების გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფელ გუგუტიანთკარის დასახლებული ნაწილი. ასევე გაიყო სოფელი ზარდიანთკარი, ღოღეთი. მიტაცებულ ტერიტოროებს შორის აღმოჩნდა სოფლების დვანის, დიცის, ციცაგიანთკარის, ჯარიაშენის, აძვისა და ქვეშის ნაწილები. 2015 წელს, თითქმის მთლიანად მავთუხლართებით შემოიღობა და საზღვრის იქით აღმოჩნდა სოფელი ჯარიაშენი.
საერთო ჯამში, 2008 წლის შემდგომ, საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 – ცხინვალის რეგიონში და 16 – კოდორის ხეობაში), თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ოკუპანტები აგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას სსრკ–ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით. გამორიცხული არ არის, საფრთხე დაემუქროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გარკვეულ ტერიტორიებსაც.
_ აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლს რაც ეხება, აქაც შეცვლილია სურათი და სადავო გახდა ჰექტრობით მიწა, რომელიც როგორც ვიცით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია…
_ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა ამ შემთხვევაში დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.
_ კავკასიონზე გადასასვლელი საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი უღელტეხილებისა თუ სტრატეგიული გზებიდან დღეს რამდენს ვაკონტროლებთ?
_ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის ოკუპირების გარდა, საქართველომ დაკარგა ხევსურეთში სოფელ ნაძვების მიმდებარე, დაახლოებით 10 კვკმ. ტერიტორია, ასევე, ლარსის სასაზღვრო პუნქტის არასწორი განლაგების გამო დაიკარგა ტერიტორიის რაღაც ნაწილი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებულია საქართველოს კონტროლირებადი მონაკვეთი – კოდორის ხეობა. მალევე ქართველი მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში დაეხიათ. თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ–ით გადმოსწია საზღვარი და 24 კვკმ. მიითვისა. ეს იმ სტრატეგიული სიმაღლეებისა და გზების ჩამონათვლია, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიოდა. საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებს 43 უღელტეხილი აკავშირებდა. დღეს ამ 43-დან 23-ს რუსეთი აკონტროლებს, როგორც საქართველოს, ისე საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე. დაკარგული 23 უღელტეხილიდან, თუ სტრატეგიული გზიდან, ნაწილი განლაგებულია როგორც ცხინვალის რეგიონის, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ გარდა ამისა, არის ისეთი უღელტეხილები, რომლებიც სულ მცირე სადავო ტერიტორიაზეა განლაგებული. მაგალითად, ასეთია ყველაზე მსხვილი – მამისონის უღელტეხილი, რომელსაც დღეს ორივე მხრიდან რუსეთი აკონტროლებს. საბჭოთა რუკების მიხედვით, მამისონი ადმინისტრაციული თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაა, თუმცა ამ ზონას არც საბჭოთა და არც შემდგომ, ფსევდო დამოუკიდებლობის პირობებში, სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელმძღვანელობა საერთოდ არ აკონტროლებდა, ის ყოველთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ქვეშ იყო. მამისონის უღელტეხილზე ქართველებმა 20კმ-ით უკან დაიხიეს, გადმოწიეს საზღვარი. როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსებმა მოითხოვეს ეს ტერიტორია, მაგრამ ეს იყო არა წერილობითი, არამედ, ზეპირი მოთხოვნა. 20კმ., რომელიც დღეს ქართულ და რუსულ პოსტებს შორის არის, არც ერთი მხარის მიერ არ კონტროლირდება, ნეიტრალურ ტერიტორიაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სასაზღვრო საგუშაგომ დაიწია 20კმ.-ით უკან და ახლა სოფელ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.
ცნობილი, ყბადაღებული ისტორია იყო ხევსურეთში სოფ. ნაძვებთან დაკავშირებით, როცა რუსებმა გადმოწიეს საზღვარი სოფლის სიღრმეში და სტრატეგიული სიმაღლე და სტრატეგიული მიმართულება დაიკავეს. საბჭოთა რუკების მიხედვით, ყაზბეგთანაც საზღვარი საქართველოს სიღრმეშია გადმოწეული და ის ადგილი, რომელიც ხელში ჩაიგდეს, სტრატეგიული მიმართულებებია, რომლითაც როგორც თუშეთისაკენ, ისე ხევსურეთისაკენ შეუძლიათ კომუნიკაციების კონტროლი.
სხვათა შორის, ინგუშეთის საზღვართან ხევსურთში არის როშკა–არხოტის სოფლის მონაკვეთი, სადაც სამანქანო გზა არა საქართველოს მხრიდან, არამედ ინგუშეთის მხრიდან შედის. იქ ჩვენი საგუშაგო დგას, მაგრამ ჰაერშია გამოკიდებული.
– დარჩათ კიდევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ინტერესი, კვლავ დაიკავონ საქართველოს სტრატეგიული სიმაღლეები თუ საზღვრისპირა სოფლები და რაშია გამოსავალი, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?
– რა თქმა უნდა, არსებობს სახმელეთო და საზღვაო საფრთხეები. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებაში მოშლილია ადეკვატური აზროვნება საზღვართან და მეზობლებთან მიმართებაში. ასევე, პრობლემაა საზღვრების დაუცველობა _ საქართველოს არც ერთი საზღვარი არაა დაცული, ხმელეთის ოთხივე მხრიდან მოსალოდნელია საფრთხე და საზღვრების ხელოვნურად გადმოწევა. პრობლემაა რეგიონის მცირე და დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, უნდობლობის მაღალი დონე. შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, საქართველო, გრძნობს რა მეზობელი ქვეყნებისაგან საფრთხეს, ყველა ხერხით უნდა შეეცადოს ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონში ისეთი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტიას მისცემდა, ხელს შეუწყობდა კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდით გადაჭრას, უმცირესობათა უფლებების დაცვას (პოლიტიკურისაც) და რეგიონის ყველა ქვყნისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.
კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ბაზაზე არსებობს საზღვრების კვლევითი ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სპეციალისტები _ ლიმოლოგები მომზადდნენ. ლიმოლოგია, ან border study საქართველოში არ არის განვითარებული. საქართველოში უნდა შეიქმნას საქართველოს საზღვრის დაცვის ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი ეროვნული პროგრამა, დაცვის პროცესში უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორებმა. არაა გამორიცხული, ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა აქტიური ჩართვა. მეტად მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა და, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასთან. აუცილებელია ამ პროცესების არა მხოლოდ შეჩერება, არამედ კონტროლის აღდგენა იმ ტერიტორიებზე, სადაც კონტროლი დაკარგულია. უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ ამ საკითხს, მუშაობაა საჭირო იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც დაკარგულად ითვლება.
ანა არაბული