კატეგორიის გარეშე

სახალხო დამცველს „ციანიდის საქმის“ დახურულ პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს

2017 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი  თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების მიზნით იმყოფებოდა.  სამწუხაროდ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სახალხო დამცველს არ მისცა შესაძლებლობა, აღნიშნულ სხდომას  დასწრებოდა. მოსამართლის განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობა   დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ სახელდებით  ნორმას არ შეიცავს.

მომეტებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებითა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმის“ მიმდინარეობას და განმარტავს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას სახალხო დამცველს კანონმდებლობა ანიჭებს. საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე აღნიშნა, რომ ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო განხილვის დაუსაბუთებლად დახურვა არ ემსახურება მართლმსაჯულების მიმართ საყოველთაო ნდობის ამაღლებას, გამორიცხავს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას და  არ შეესაბამება არსებულ საპროცესო–სამართლებრივ ნორმებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

ნიშანდობლივია, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე – ორგანული კანონი წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი რანგის მქონე ნორმატიულ აქტს, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. სახალხო დამცველი  აღნიშნული  საკანონმდებლო გარემოებების განმარტების მიზნით უახლოეს დღეებში  თბილისის  საქალაქო სასამართლოს  წერილობითაც მიმართავს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროცესის სრულად დახურვის შედეგად ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. იმ პირობებში,  როდესაც დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სრული უფლებამოსილებით და პროცესის მონიტორინგი  პირადად განახორციელოს.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

პოპულარული

To Top