მედიცინა

„ის, რომ ნარკოდამოკიდებულმა პაციენტმა ცენტრიდან მედიკამენტი არ გაიტანოს, გაკონტროლება ძნელია“- ჩანაცვლებით თერაპიაში სიახლე და შავი ხვრელი შავი ბაზრისკენ…

 

ჩანაცვლებით თერაპიაში სიახლე გამოჩნდა. მეტადონის  პარალელურად ამოქმედდა სუბოქსონის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე კერძო დაწესებულება ნარკოდამოკიდებულ ბენეფიციარებს ბუპრექსონით მკურნალობს. თუმცა, გამორიცხული არ არის, მედიკამენტის რამე ხერხით გატანა მოხერხდეს, რაც ხელს შეუწყობს მის შავ ბაზარზე მოხვედრას.

„ბუნებრივია,  ეს არ მოხდება ექიმის ხელშეწყობით, თუმცა მკაცრი კონტროლია საჭირო,“_ აცხადებს ფსიქიკური  ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე – გური მენაბდიშვილი:

_ ბათუმსა და თბილისში ფუნქციონირებს ასეთი რამდენიმე ცენტრი, რომელთაც სახელმწიფოსთან კავშირი არა აქვთ.  კერძო  ცენტრები პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ნარკოდამოკიდებული როგორც ერთ, ასევე მეორე პროგრამაში ჩაერთოს და მას სხვა მიზანი ამოძრავებდეს.

_ რას გულისხმობთ?

_ როდესაც ბენეფიციარს ვაძლევთ მედიკამენტს, შესაძლებელია, ის შეინახოს და გაიტანოს. კერძო ცენტრებიდან წამლის გატანის ერთ-ერთი საშუალებაა, როდესაც პაციენტს ფორმა #100-ის საფუძველზე წოლითი რეჟიმი აქვს და შინ უნდა მიეწოდოს პრეპარატი, ან მივლინების მიზეზით ითხოვს რამდენიმე დღის დოზას. ჩვენსა და კერძო ცენტრებს შორის ინფორმაციული ვაკუუმია, თუ არ დაიწყო ინფორმაციის გაცვლა, შესაძლებელია, მათთანაც მივიდეს ჩვენთან ჩართული ბენეფიციარი და პირიქით… თუმცა მაღალი ფასის გამო, არა მგონია, სახელმწიფო პროგრამიდან კერძო ცენტრებში გადინება მოხდეს. იქ პრეპარატი რამდენიმე ასეული ლარი ღირს, ჩვენთან კი 110 ლარი ჯდება „მეტადონის“ პროგრამაში ნახევარს სახელმწიფო,  ნახევარს კი ბენეფიციარი იხდის, მაგრამ  ივლისიდან  მთლიანად  სახელმწიფო  დააფინანსებს.

პროგრამაში  ჩართვისას პაციენტმა ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა #100 უნდა წარმოადგინოს და ამ დროს ვაწყდებით  პრობლემებს… ყველა პრეპარატს აქვს უკუჩვენება, ინსტრუქციაში ჩამოთვლილია,  მისი გამოყენება რომელი დაავადებებისას არის კატეგორიულად აკრძალული. როდესაც ფორმა #100 ფორმალურად არის გაცემული და მას მსურველი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე იღებს, შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ყველას მოვუწოდებ, პროგრამაში მოხვედრამდე ძირფესვიანად გამოიკვლიონ ჯანმრთელობა, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემა… თუ დაავადება არ საჭიროებს წოლით რეჟიმს და ჯანმრთელობის ცნობა მაინც გასცეს, ჩვენ ადეკვატურ ზომებს მივიღებთ.  ცნობა გადაეგზავნება ჯანდაცვის რეგულირების სამსახურს და დადგება ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი. ყველას ვურჩევ, მეგობრობით, ნათესაობით ან რაიმე ინტერესების გამო არ გასცენ ყალბი ცნობა და არ მიუთითონ წოლითი რეჟიმისთვის შეუსაბამო დაავადება. ჩვენი  ექიმები  აუცილებლად გააკონტროლებენ  მწოლიარე  პაციენტებს.

_ რამდენი ბენეფიციარი გყავთ ჩართული მეტადონის პროგრამაში?

_ მათი რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. წამალდამოკიდებული პირების ჩანაცვლების თერაპიაში ჩართვა, პირველ რიგში, უზრუნველყოფს შავ ბაზარზე ნარკოტიკის შეძენისა და შესაბამისად, გასაღების სიმცირეს. ადამიანს არ უწევს შავ ბაზარზე ძვირად ღირებული ნარკოსაშუალებისთვის თანხის მოძიება, არ ჩადის დანაშაულს, ჩართულია თერაპიაში, დოზა კორექტულად აქვს შერჩეული…

გია ქადაგიშვილი, შპს „გ და გ+“- ის  დამფუძნებელი: _ ჩვენ პაციენტებს „ბუპრექსონით“ ვმკურნალობთ. ეს პრეპარატი საკმაოდ ძლიერია. გვაქვს ორი ცენტრი ბათუმსა (რეგისტრირებულია 102 პაციენტი) და თბილისში (12 პაციენტი). ბენეფიციარების ვინაობა, მათი მოთხოვნისამებრ, ანონიმურია. პაციენტის  ერთი ვიზიტი (2 მგ-იანი მედიკამენტი და ექიმთან ვიზიტი) 20 ლარიდან იწყება.

_ როგორ აკონტროლებთ, რომ პაციენტმა მედიკამენტი არ გაიტანოს ცენტრიდან?

_ დაცვის პოლიციელები აკონტროლებენ, დამონტაჟებულია ვიდეოკამერებიც. ექიმი პაციენტს აბს დაქუცმაცებული სახით აწვდის, რომელსაც იქვე სვამს. „ბუპრექსონს“ ისეთი კონსისტენცია აქვს,  მისი გატანა  შეუძლებელია,-  უმალ დნება პირში (ინდური პრეპარატი ნაკლებად ხსნადია). ჩვენი აბები ხარკოვის წარმოებისაა, მისი კბილის ღრუში ჩადება, თუ ენის ქვეშ დადება შეუძლებელია.

_ ფორმა #100-ის ან სამივლინებო ცნობის გადამოწმება თუ ხდება?

_ სამივლინებო ცნობა ჯერჯერობით, არავის მოუტანია… თუმცა არის სიტუაციები, როცა პაციენტმა შინ უნდა წაიღოს მედიკამენტი და მოიტანოს ექიმის ცნობა, სადაც წერია, – წოლითი რეჟიმი, მაგალითად, 5 დღით. იურიდიულად ამ ფორმის გადამოწმების უფლება არა მაქვს, მაგრამ თუ მაინც ასე დადგა საკითხი,  ჩვენი სოცმუშაკი  პაციენტს გაუფრთხილებლად მიადგება სახლში. ყველაფრის გაკონტროლება ძნელია. მაგალითად, თუ პაციენტი მოიტანს  სამივლინებო ფურცელს, მოვთხოვთ ბოლო 6 თვის სახელფასო ამონაწერს, მაგრამ თუ შპს-ს გაცემულ ამონაწერში ყველაფერი წესრიგშია, ეჭვის შეტანის საბაბი ნაკლებია…

ჩვენთანაც რომ უფასო თერაპია იყოს, მაშინ მართლაც იქნებოდა ნარკოდამოკიდებულის ორივე პროგრამაში ჩართვის საშიშროება, მაგრამ პაციენტს ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან აქ მოსვლა არ უღირს. იქ 110 ლარში არავინ უკრძალავს საჭირო დოზის მიღებას, იმდენის, რამდენსაც ორგანიზმი ითხოვს, ამიტომ კიდევ სადღაც რაღაცის ძებნა არ სჭირდება. ეს არ არის სახელმწიფო პროგრამა და ერთი არასწორი ნაბიჯი შეგვილახავს სახელს, ავტორიტეტს. ამიტომ მირჩევნია, მყავდეს 5 და არა 50 პაციენტი და მართალი ვიყო ყველასთან – სახელმწიფოსთან, ადამიანთან, ღმერთსა და საკუთარ თავთან. პროგრამა ითვალისწინებს მაღალი რისკის შემცველი მედიკამენტით მომსახურებას და მის ბრუნვაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ვართ ანგარიშვალდებული. თერაპიული ჩანაცვლების პროგრამით ბევრი რამ დალაგდა. ადამიანი დაცულია შიდსისგან, ცე ჰეპატიტისა და სხვა მძიმე დაავადებისგან. ათასიდან სამი კაციც რომ ჯანსაღი  დაუბრუნდეს ოჯახს,  ეს დიდი გამარჯვებაა.

ნანა ფიცხელაური

 

კომენტარის დატოვება