რატომ გადაიდო თბილისის გენგეგმის პროექტის წარდგენა?!
5 ივნისს, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და მისი 8 პარტნიორი ორგანიზაცია თბილისის მერიას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოოდ შემუშავებულ ვარიანტს წარუდგენს, რომლის მნიშნელოვანი დეტალები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, არქიტექტორი ალექსანდრე სალარიძე europress.ge-სთან აცხადებდა, რომ გენგეგმის პროექტით მსხვილი დეველოპერების ინტერესების გათვალისწინება ხდება, რასაც გენგეგმის პროექტის ავტორები არ დაეთანხმნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წარდგენა მერიისთვის მაისის შუა რიცხვებში უნდა მომხდარიყო, თუმცა ის, როგორც მოგახსენეთ, 5 ივნისისთვის გადაიდო. არქიტექტორი ალექსანდრე სალარიძე არ გამორიცხავს, რომ მასში მნიშვნელოვანი ჩასწორებები განხორციელდა. რა იცის არქიტექტორმა გენგეგმის პროექტის გასაიდუმლოებულ დეტალებზე და რატომ ჰქგონია, რომ ის მსხვილ დეველოპერებთან კონსენსუსის შედეგია?! ამის გარკევვა europress.ge- მ თავად ალექსანდრე სალარიძესთან სცადა.
ალექსანდრე სალარიძე: იდეა, რომ ქალაქი არ უნდა გაიშალოს, რა თქმა უნდა, მომწონს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და მისი 8 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენელი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ამ თეზისს სრულად პასუხობდეს.
_ რას გულისხმობთ?
_ახლავე აგიხსნით, გენგეგმას ახლავს კონცეფტუალური ხედვები, რომელთა ნაწილს გავეცანი. რა თქმა უნდა, შენიშვნებიც გამიჩნდა. მაგალითად, ამ ხედვებით სატრანსპორტო განვითარება დაშვებულია მთაწმინდის, კრწანისის, წავკისის, კოჯრის მიმართულებით… მოგეხსნებათ, ტაბახმელისკენ გზა უკვე გაიჭრა, განადგურდა მწვანე საფარი და ნარგავები, გაიჩეხა ხეები. ასეთი შემოვლითი გზის გაკეთების იდეა 35 წლის წინანდელი გენგეგმის მიხედვით არსებობდა და რატომ დაუბრუნდნენ მას, ვერ გეტყვით. საერთოდ, როცა ახალი გზების და ე.წ. შოსეების გაყვანა ხდება, იქ განაშენიანების ჩართვა თანმხლები პროცესია… ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზემოთ დასახელებული მიმართულებით მსხვილი დეველოპერების ინტერესების გათვალისწინება ხდება.
_ რომელ დეველოპერს გულისხმობთ?
_ არ დავაზუსტებ. ამ შემთხვევაში ტენდენციაზე ვსაუბრობ და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი დეველოპერის ინტერესია გათვალისწინებული.
_ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, მერაბ ბოლქვაძე სწორედ ამას აცხადებს, რომ ქალაქი არ უნდა გაიშალოს, თბილისის შემოგარენში განაშენიანება არ უნდა მოხდეს…
_მე როცა გენგეგმით გათვალისწინებგულ კონცეფცია წავიკითხე, იქ ცოტა სხვანაირად ეწერა. ახლა შესაძლოა რაღაც გადათქვეს ან ჩაასწორეს…
_ თქვენ რა წაიკითხეთ?
_ რამდენადაც მახსოვს, იქ იყო მონიშნული ტერიტორიები, რომლის ათვისებაც უნდა მოხდეს. ე.ი. გენგეგმის პროექტის ავტორები პერსპექტივაში მაინც თვლიან, რომ ურბანიზაცია უნდა გაიზარდოს. მაგალითად, მათთვის მისაღებია ქალაქის განაშენიანება დიღმისკენ… სხვა ტერიტორებიც იყო მონიშნული, ახლა არ დავაზუსტებ, რადგანაც არ მსურს, რომ რამე შემეშალოს.
_ რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დიღმის სამხრეთ ნაწილში, ასევე, ლისის ტბის ზემოთ, განაშენიანება არ უნდა მოხდეს…
_ მაპატიეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის უფრო კონცეპტუალური მომენტია მთავარი. მერწმუნეთ, ნაკლებმნიშვნელოვანია გენგეგმის პროექტის ავტორები ქალაქის განაშენიანების მიზანშეწონილობას თბილისის სამხრეთით მოიწონებენ, თუ აღმოსავლეთით… ეს სულერთია. თუ ვამბობთ, რომ ქალაქის განაშენიანება თბილისის შემოგარენში არ უნდა მოხდეს, ე.ი. არ უნდა მოხდეს! სხვათა შორის, ისინი იმაზეც მსჯელობდნენ, თბილისის ზღვისთვის მომარაგების სტატუსი მოეხსნათ თუ არა. (მნიშვნელობას ქვემოთ ავხსნი). არ ვიცი, ეს საკითხი საბოლოოდ როგორ გადაწყდა… მოგეხსნებათ, თბილისის ზღვის შემოგარენის ერთ ნაწილში უკვე განხორციელდა ე.წ. ჩინური ქალაქის მშენებლობა. თბილისის ზღვა არის ხელოვნური წყალსაცავი, რომელსაც მომარაგების სტატუსი მიენიჭა, რადგან წყალმომარაგებაში მთავარ როლს თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვასთან დაცული უნდა იყოს ტერიტორია, სადაც არ მოხდება კანალიზაციის გაყვანა და ასევე, სხვა საშუალებებით მისი გაბინძურება, რაც წყლის ხარისხზე ცუდ გავლენას მოახდენს. სწორედ ამიტომ არ უნდა მოეხსნას ზღვას მომარაგების სტატუსი. ცხადია, მე ამ თემებზე ვსუბრობ იმიტომ, რომ როცა გენგეგმის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყება, მსურს, საზოგადოებამ, მათ შორის არასამთთავრობო სექტორმა და მედიამ ჩემ მიერ გამოყოფილ და აღნიშნულ საკითხებს ჯეროვანი ყურადღება მიაპყროს. თუმცა როგორც უკვე გითხარით, არ გამოვრიცხავ, რომ იმ კოცეფტუალურ ხედვებში, რასაც გავეცანი, შესაძლოა გენგეგმის პროექტის ავტორებმა რაღაც შეცვალეს ან ჩაასწორეს, სიმართლე გითხრათ, მათ მიერ შემუშავებული პროექტი მაინც ყველა მხარის (მათ შორის მსხვილი დეველოპერებიც იგულისხმებიან) კონსესუსის, დათმობის და მორიგების შედეგი მგონია. არადა, არის საკითხები, სადაც პრინციპული ხედვის გამოვლინებაა საჭირო და ამ დროს, უკან დახევა დაუშვებლად მიმაჩნია. ცხადია, გენგეგმის მასშტაბი არ გულისხმობს რომელიმე კერძო, მაგალითად, 10-30 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორიის დაგეგმარებას, ამისთვის არსებობს კიდევ ქვეპროექტები, სადაც კონცეფტუალური ხედვა არის წარმოდგენილი და ის აუცილებლად ზოგად კონცეფციას უნდა დაექვემდებაროს. გენგეგმაზე მუშაობისას კი გასათვალისწინებელია ქალაქის განვითარების პრეისტორია, რომ მისი ბუნებრივად განვითარება მოხდეს. იცით, ქალაქის ბუნებრივად განვითარება რას გულისხმობს?! იმას, რომ ქალაქს თავიდანვე აქვს რაღაც მაქსიმუალური ზომა, რაზეც მოქმედებს რელიეფი, გარემო, რაც ქალაქის გარშემოა. მაგალითად, თბილისის შემოგარენში არის გამწვანებული ტერიტორიები, რომელიც თავად გკარნახობს, რომ იქ განაშენიანება არ შეიძლება. რასაკვირველია, არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი თუ შეეწირება განაშენიანებას, ეს დააზიანებს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს გაგვიურესებს.
_ კიდევ რა არ მოგეწონათ გენგეგმის პროექტის კონცეფციაში?
_ არ მომეწონა ისტორიული ნაწილის მიმართ კონცეპტუალური მიდგომა, სადაც გარემოს გაკეთილშობილებაზეა საუბარი. დადგენილია იმ ტერტორიების საზღვრები, სადაც ნახევრად დანგრეული შენობების გამო ცუდი პირობებია. შემიძლია ვთქვა, რომ იგეგმება ამ ტერიტორიებში კაპიტალის შეშვების პროცესი, მოსახლეობის გაყვანა – უკეთესი პირობების შეთავაზებით, მეტი კვადრატული მეტრების ათვისება და ა.შ. არაგონივრული გამჭიდროებისთვის გამოყენებული ეს ხერხი ადრეც არსებობდა და ახლაც არსებობს, თუმცა შედეგად კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი საკითხი მე 20 საუკუნის 70- იანი წლების გენგემიდან არის აღებული და გადმოტანილი. მაგალითად, დეცენტრალიზაციაზე საუბარი სწორედ ამ ძველი გენგეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. სიმართლე გითხრათ, თბილიში 5 ცენტრალური არეალის მონიშვნაზე საუბარიც აბსურდულად მიმაჩნია, რაც ძნელად განსახორციელებლად მეჩვენება. იმ ადამინებს რას ვუშვებით, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან არსებულ ცენტრალურ ადგილებში და გარეუბნებიდან დადიან?! მათ სხვა ცენტრალური არეალი როგორ უნდა მოვუწყოთ მაშინ, როცა არც სივრცული მოწყობა გვაქვს წინასწარ განსაზღვრული, არც ის ვიცით, რა ადმინისტრაციული მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ხომ საერთოდ, აღარაფერს ვამბობ… მოკლედ, ეს თემა ძალიან საკამათოა. ასევე, გენგეგმის პროექტის ავტორები საუბრობენ ქალაქის შიდა რესურსებზე, სადაც შესაძლებელია განაშენიანება და ასევე, რეაკრეაციული ზონების შექმნა… ( იგულისხმება ყოფილი მიტოვებული ქარხნების ტერიტორიები და უკვე შეთანხმებული პროექტები სახით არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომელთა დიდი ნაწილი 6,5 მილიონ კვ.მ ფართობზეა გათვალისწინებული. პირადად მე ყოფილი საწარმოების ნარჩენების ალაგმვა და მათ ადგილზე კიდევ ახალი კორპუსების აღმართვა დაუშვებლად მიმაჩნია. მართალია, ახლა ამ ადგილებში საცხოვრებელი შენობების აშენებაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ეს აკრძალულიც არ არის და იგულისხმება, რომ განაშენიანება სწორედ ამგვარად, მოხდება. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს, ამ ტერიტორიებზე რეკრეაციული ზონები შეიქმნება, ესეც თვალში ნაცრის შეყრა მგონია, რადგან ასეთ ზონებად შეიძლება ჩაითვალოს კორპუსების გასწვრივ 3 მეტრის სიგანის და 10 მეტრი სიგრძის განზონები. სამწუხაროდ, უფრო ოპტიმისტურად ვერ ვუყურებ ამ გეგმის პროექტს და ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავ. ასევე, გაუგებარია, რაზეა საუბარი, როცა უკვე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმებს ქალაქის განვითარების შიდა რესურსად მიიჩნევენ?! რას ნიშნავს, ეს შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმა? იმას, რომ ვიღაც კერძო პირმა, მსხვილმა დეველოპერმა მოიფიქარა რაღაც განაშენიანების პროექტი, რომელიც მერიასთან შეათანხმა?… ხშირ შემთხევვაში კი მერიამ მცდარად მიიღო გადაწყვეტილება, მიზეზი შესაძლოა იყოს არაპროფესიონალზმი ან კორიფციული გარიგება. გამოდის, ქალაქის მერიამ რეგულირების გეგმების კეთება კერძო პირებს გადააბარა, როცა ამას ქალაქის მთავრობა თავად უნდა აკეთებდეს. ყველაზე ცუდი შედეგიც ეს არის! არადა, პირიქით, მერია უნდა კარნახობდეს კერძო პირებს პირობებს, ახლა – პირიქით ხდება. კერძო პირი ქმნის პირობას და მერიასთან ათანხებს, რასაც შემდეგ ქალაქისთვის უამრავი ნეგატიური შედეგი მოაქვს. ეს სამწუხარო რეალობაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყოვლად დაუშვევებელია ქალაქის ხელმძღვანელობამ ქალაქდაგეგმარების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება კერძო პირს გადააბაროს! სულაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ეს კერძო პირი, მსხვილი დეველოპერი, არქიტექტორი თუ პრემიერ-მინისტრი… ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე საჭიროა, საზოგადოების მეტი აქტიურობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ისევ აღვირახსნილი მშენებლობები დედაქალაქში, როცა ამ მხრივ, ისედაც კატასტროფული მდგომარეობა გაქვს.
ეკა ასათიანი