ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს – იუწყება BBC. რიგით მე-12 საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია – როჰანიმ ხმების 56% მიიღო. მაღალი აქტივობის გამო, ხმის მიცემის პროცედურა 5 საათით გახანგრძლივდა. ირანის არჩევნებზე პასუხისმგებელი ორგანოს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 56 მილიონი ამომრჩევლიდან წლევანდელ არჩევნებში 40 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ირანს რეფორმატორთა კოალიციის ლიდერის, პრეზიდენტ როჰანის ზომიერი პოლიტიკა ირანს სასიცოცხლოდ სჭირდება.
დასავლეთში ირანის საპრეზიდენტო არჩევნებს 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ოფიციალურ თეირანს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმების ტესტადაც აფასებენ. შეთანხმების თანახმად, ირანმა ურანით გამდიდრება შეწყვიტა, სანაცვლოდ კი, დასავლეთმა სანქციები შეუმსუბუქა. ანალიტიკოსები ამბობდნენ, თუ ირანის მოქალაქეები კვლავ როჰანის აირჩევენ, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ზომიერი პოლიტიკა დასავლეთთან მისაღებია.
