რუსეთის ავიაციაში ფინანსური კრიზისია
რუსული სამხედრო შეიარაღების განხილვისას საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ავიაციის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა. ამას მოწმობს ჩავარდნილი პროექტებიც. მაგალითად: რუსულმა ლაინერმა МС-21–მა, რომელსაც დასავლური წარმოების თვითმფრინავები უნდა ჩაენაცვლებინა, აეროდრომზე საგამოცდო სვლა სულ რამდენიმე დღის წინ გაიარა. სვლა ახალი ლაინერის ფუნქციონალური გამართვისა და პრეზენტაციისთვის გაიმართა. როგორც საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირკუცკში გაემგზავრა, რადგან თავად დასწრებოდა აეროდრომზე ახალი ლაინერის პირველ გამოსვლას. ინფორმაცია, თუ როდის გახდება შესაძლებელი თვითმფრინავით მგზავრების გადაყვანა, ჯერ კიდევ უცნობია.
ზემოთ ხსენებული ახალი თვითმფრინავის აწყობა და მისი ჩაშვება ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა ვერ მოხდა. ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, ლაინერის წარმოების შეფერხება რუსულ ავიაციაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. რუსეთის 2013–2025 წლების საავიაციო პროგრამა 12%–ით, ანუ 10,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლისთვის დაგეგმილი იყო 198 ლაინერის წარმოება, თუმცა გეგმა სრულყოფილად ვერ შესრულდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი 2016 წლისთვის 390 ვერტმფრენის წარმოება უნდა მომხდარიყო, თუმცა, ჯამში წარმოებამ 190 ვერტმფრენს ვერ გადააჭარბა.
როგორც რუსული პრესა წერს, რუსეთის ავიაციის დაფინანსების შემცირება სანქციების ნეგატიური გავლენაა. იმასაც ამბობენ, რომ რუსულ არმიაში დღეს პრიორიტეტად სახმელეთო არმიის მომარაგებას მიიჩნევენ. 2018–2025 წლების სახელმწიფო პროგრამაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სახმელეთო არმიის საკითხებს დაუთმო.
„რუსეთში გრძელდება ახალი ვერტმფრენების დამზადება, რათა უფრო გაუმჯობესდეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტება და გაძლიერდეს საჰაერო ძალები. გრძელდება სამხედრო საზღვაო ფლოტის განახლებაც. 2017 წლისთვის ფლოტის შემადგენლობაში 24 ხომალდით მეტია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.