თბილისში, ასათიანის 10 ნომერში, ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიული კლინიკა მდებარეობდა, დღეს ცათამბჯენების მშენებლობა მიმდინარეობს. სამოქალაქო მოძრაობა `საბურთალოს პარკი – ასათიანის 10~ მეხუთე წელია, რაც ამ საქმეზე სასამართლოში დავობს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული მშენებლობა ქალაქს საფრთხეს უქმნის. `ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ცათამბრჯენები შენდება, თერმული წყლები გაედინება, მშენებლობამ და ქვაბულების ამოთხრამ გრუნტის ჩარეცხვა გამოიწვია და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი 12 კორპუსი ავარიული გახდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. გარდა ამისა, გაიჩეხა უნიკალური ჯიშის ენდემური ნარგავები და მიუხედავად იმისა, რომ საქმე სამივე ინსტანციაში მოვიგეთ, მერია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს და უცხოურ კომპანიას მშენებლობის ბოლომდე მიყვანაში ეხმარება”, _ აცხადებს ჩვენთან საუბარში
“საბურთალოს პარკი _ ასათიანის 10”_ის წარმომადგენელი, ადვოკატი თემურ გოგსაძე:
`ძველი ფსიქიატრიული საავადმყოფოს უზარმაზარ ტერიტორიაზე, თავის დროზე ენდმური, უნიკალური ჯიშის ხეები შემოიტანეს და დარგეს. ეს ტერიტორია ჩვენთვის ბუნებრივი ნაკრძალი გახლდათ, რომელსაც სერიოზული გაფრთხილება სჭირდებოდა. დღეს აქ შენდება მრავალსართულიანი შენობები და მსგავსი პროექტის განხორციელება დაუშვებელია. მშენებლობა მიმდინარეობს უნიკალურად გამწვანებულ 4ჰა ტერიტორიის განადგურების ხარჯზე და სხვა მრავალი ნიშნითაც უკანონოა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, ეკონომიკის სამინისტრომ საეჭვო გარემოებებში გაყიდა აღნიშნული ტერიტორია, რომლის მესაკუთრეც უცხოური კომპანია, BD Pრეპერტყ გახდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინვესტორი არ უნდა მოდიოდეს და თბილისი არ უნდა შენდებოდეს, თუმცა მშენებლობები ტექტონიკური ხაზების გაუთვალისწინებლად მიმდინარეობს. პრობლემა იმაშია, რომ ამ კანონზომიერებებს არ ვითვალისწინებთ, ვარღვევთ ტექტონიკურ ბალანსს, რაც იწვევს სეისმური ტალღების გადაადგილებას ზღვრული დასაშვები ნორმიდან. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბილისი არის თერმული არტერიების გადაკვეთის ქალაქი, ამიტომ საჭიროა ყველაფრის გონივრულად და ურბანულად სწორად დაგეგმარება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისზე წყლების შემკრები სივრცეები მოდის და ეს პატარა, ვითომ უწყინარი მდინარეები ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ცვლილების და ნორმების დარღვევის შემთხვევაში, სერიოზულ პრობლემას უქმნიან ქალაქს და მის შემოგარენს. აღსანიშნავია, რომ ასათიანის #10-ში შენდება 32 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის სიმაღლეც 100 მეტრს აჭარბებს. ადგილზე იგეგმება ანალოგიური რვა უზარმაზარი შენობის ჩადგმა, რისთვისაც გაიჩეხა ნარგავები. ზოგი ხე მოჭრეს, ზოგს ბენზინი დაასხეს, დაწვეს და ზოგიერთმა ვაიმეცნიერმა ისიც იკადრა, რომ დასკვნები გასცა, ვითომ ხეები დაავადებული იყო და ხმებოდა. რამდენიმე მოსაჭრელ ხეს მიაყოლეს ჯანმრთელი ხეებიც _ ნაძვები, უნიკალური ენდემური ჯიშის ხეები, კოლხური ბზა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი… არსებობს არაერთი საექსპერტო დასკვნა და სპეციალისტების გაფრთხილება, რომ აქ, ეს მშენებლობა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. ვიდავეთ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე და ეს პროცესიც 2015 წლის 15 მაისს მოვიგეთ. ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება, სამართლებრივი თვალსაზრისით ბათილადაა ცნობილი და მიუხედავად ამისა, მშენებლობა მაინც გრძელდება. მეტსაც გეტყვით, მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დრო გაეწელა და სასამართლოს სამივე ინსტანცია იმისთვის გამოიყენა, რომ პარალელურად კომპანიას მისცემოდა კორპუსის მშენებლობის დასრულების საშუალება. ახლა იტყვის მერია, როგორ დავანგრევთ, ბიუჯეტს ძვირი დაუჯდება, ეს ინვესტორის გაქცევას ნიშნავსო და სხვა. არადა, ნებისმიერი ინვესტიცია ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით! ინვესტორს არ მოეთხოვება ჰქონდეს ექსპერტის დასკვნა, მაგრამ ქალაქის მერს, რომელიც არის ლეგიტიმურად არჩეული, მთელი ქალაქი თავიდან ბოლომდე შესწავლილი უნდა ჰქონდეს და არ უნდა გასცეს ასეთი ნებართვა.
მერია ცდილობს, გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მაქსიმალური დრო გამოიყენოს და დამამთავრებელ ეტაპამდე მიიყვანოს მშენებლობა. საკმაოდ ბევრი, 30-მდე სართულია აყვანილი. საძირკველში წყალია ჩამდგარი, ტერიტორიაზე უზარმაზარი სპეციალური ქვაბია ჩადგმული, რაზეც ბჯენები უნდა გაკეთდეს და საკითხავია, სად უნდა წავიდეს ეს თერმული წყლები? არ არის გამორიცხული, რომ მისი ერთი მიმართულებით შეკრება მოხდს, რაც საბურთალოს მეტროებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, რასაც გვირაბებიც არ უშველის. შესაძლოა ამ გვირაბების ფონზე წყლით აივსოს თბილისის მეტრო, მოხდეს გადინებები ვერეს ხეობაში და დაიწყოს მეწყრული პროცესები. ამის საწინააღმდეგოს მტკიცების ერთი ექსპერტიც თუ გამოჩნდება, საერთოდ წავალ იურისპრუდენციიდან. ფაქტობრივად, ქვეყანაში არის ადამიანის დაუცველობის შეგრძნება, სასამართლოს გადაწყვეტილებების უპატივცემულობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ურბანულ კატასტროფასა და ტექტონიკური მიწისქვეშეთის რღვევაზე. ამ მშენებლობის წყალობით, მიმდებარე 12 კორპუსი დაიბზარა და ყველა ავარიული გახდა, წყალია საძირკველში ჩასული, ფაქტობრივად, საცხოვრებელი ბინები ინგრევა. – აცხადებს თემურ გოგსაძე.
პს: აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დავუკავშირდთ, რომელიც მოდავე მხარის მიერ წამოჭრილ პრობლემებსა და ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე მოკლე პასუხით შემოიფარგლა: `თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების (მშენებლობის შეჩერების შესახებ _ ავტ.) აღსრულებასთან დაკავშირებით, ამჟამად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში საქმის წარმოება მიმდინარეობს~.
