ექსკლუზივი

86 წლის მესტიელი ეთერ ხერგიანი: „ჩვენი მოსპობა უნდათ!!!“

მესტიაში, მდინარე მესტიაჭალაზე ორი საშუალო სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იწყება. ეს ინფორმაცია ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შევიტყვეთ, რომლებიც ფაქტით აღშფოთებას ვერ მალავენ და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ღვარცოფული ხასიათის მესტიაჭალაზე ორი კაპიტალური ჰესის აშენება დიდი პრობლემის წინაშე დააყენებს ადმინისტრაციულ ცენტრს. მეტიც, მესტიასა და რამდენიმე სოფელს წალეკვა ელის. სვანები მთავრობას დროულ დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივაში“ მოსახლეობის აღშფოთებას უსაფუძვლოდ არ მიიჩნევენ და როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, „აღნიშნულ შემთხვევაში გარემოს რისკები არ არის შეფასებული, ეკოსისტემას განადგურება ელის, მდინარის ხასიათიდან გამომდინარე კი, გამორიცხული არ არის, დევდორაკის ტრაგედია განმეორდეს“.

ეთერ ხერგიანი, მესტიაში მცხოვრები, 86 წლის: _  მდინარე მესტიაჭალაზე ორ ჰესს აშენებენ – ერთს მესტიის შუაგულ ცენტრში, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს, მეორეს კი ჭალაადის მყინვარზე. ადგილზე მოყვანილია ტექნიკა, გაიჩეხა ტყის მასივები… ჰესების ხარჯზე  უნდათ ამისთანა ბუნება წაახდინონ და სვანური სოფლები  საფრთხის წინაშე დააყენონ?! მესტიაც და მდინარის ახლოს მდებარე სოფლები საერთოდ წაილეკება. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ბედი ეწევა ლენჯერს, ლატალს, ეცერს, ცხუმარს და ქაშვეთს. ლახამურას წმინდა გიორგის ეკლესია ზედ მდინარის ნაპირზე დგას, იმას საერთოდ ძირს გამოუთხრის. გამგეობა გვამშვიდებს, გლეხობას გვატყუებს, არაფერია საშიში, პატარა ჰესებიაო. დიდია თუ პატარა, ჩვენს კოშკებსა და ცენტრს მაინც წალეკავს. მდინარის  პირას ხალხი ცხოვრობს, იმათ რას უპირებენ, ნეტავ?! ღმერთმა იცის, რა მოგველის, დროზე მოგვხედოს მთავრობამ!  სადაც ჰესი აშენდება, იმ მიდამოებში მოსახლეობა როგორ გაჩერდება? ჩვენი გადასახლება და  მოსპობა თუ უნდათ, პირდაპირ გვითხრან?! ამბობენ, მდინარეს ტურბინებში მოამწყვდევენო, მესტიაჭალა ისეთი ღვარცოფული მდინარეა, ეს გამორიცხულია. ჩვენ აღარც მოსავალი გვექნება, აღარც _ ტყის მასივი, საქართველო კი კარგავს ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრს. აირჩიონ _ ან ტურიზმი, ან ჰესები. სვანეთი მთლიანად იწირება!  ეს ყველაფერი სადმე განაპირა სოფელში ხომ არ ხდება, შიგ მესტიის ცენტრში.

დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი:

_ როგორც ვიცი, ამ პროექტის ნებართვა გაცემულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ და ხელშეკრულება გაფორმებულია სააქციო საზოგადოება „სვანეთის ჰიდროსთან“, სამეთვალყურეო საბჭოში კი ერთი ავსტრიის  მოქალაქეა. ქვეკონტრაქტორები არიან თურქები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ მშენებლობისთვის დაიქირავა. საუბარია საშუალო სიმძლავრის ჰესებზე (27 და 24 მეგავატიანი) ხელშეკრულებაში ახალი ცვლილებები ხელმოწერილია ა.წ. თებერვალში, რის მიხედვითაც, „მესტიაჭალას“ ექსპლოატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ მთლიანად გამომუშავებული ელექტროენერგიის 20%   5,5 ამერიკულ ცენტად უნდა შეისყიდოს.  ხელშეკრულებაში სმკ არ მონაწილეობს. ენერგეტიკის სამინისტრო თავად საზღვრავს გაუგებარ ტარიფებს,  რატომ დადგინდა 5,5, ან საიდან მოდის, რომ სახელმწიფომ მთლიანად გამომუშავებული ელექტროენერგიის  მხოლოდ 20% უნდა შეისყიდოს, რას ეფუძნება ასეთი დაშვებები? როცა ეს ჰესები აშენდება, 5 წლის შემდეგ, რა იცის სამინისტრომ, რა რეალობა გვექნება,  საჭიროებების შეფასება გააკეთა? ან ვინმემ დათვალა, რა ზიანი მიადგება მდინარეს? პრობლემა იმაშია, რომ ასეთ დროს, როგორც წესი, მდინარეში  10%  წყალს ტოვებენ,  რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარე, პრაქტიკულად,  აღარც არის. ადამიანები ამ წყალს სასმელად, ან სარწყავად მოიხმარენ და როცა მდინარეში წყალი აღარ იქნება, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ორი ჰესი უკვე კაპიტალური ტიპის ჰესია, ანუ გამოვა წყალი ტურბინებიდან და შევა მეორე ჰესის წყალაღების მილებში, რის შედეგადაც საკმაოდ დიდი ტეროიტორია  წყლის გარეშე დარჩება. მესტიაჭალა, ღვარცოფული მდინარეა, ისევე როგორც თერგი და გახსოვთ, 2014 წლის ტრაგედია, „დარიალი ჰესის“ გამოისობით ღვარცოფი რომ  ჩამოწვა დარიალის ხეობაში, დევდორაკის გამოსასვლელთან. ეს ტრაგედია მსხვერპლით დამთავრდა და მსგავსი მესტიაში არ  უნდა განმეორდეს. გარემოს შეფასების გათვალისწინებით, მესტიაში ჰესების აშენება, სერიოზული საფრთხის შემცველი იქნება თავად ჰესისთვისაც და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც (მოსახლეობაზე რომ არაფერი ვთქვათ). შეიქმნება მდინარის ეკოსისტემასთან დაკავშირებული პრობლემებიც _  როცა მდინარეში წყლის რაოდენობა მკვეთრად ეცემა, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ იქ თევზის გადარჩენა-არსებობა  ზღაპარია,  როდესაც კასკადური ტიპის ჰესზე ვლაპარაკობთ, ზეგავლენა გაცილებით იზრდება.  ჩვენთან ჰესების დაპროექტება ხდება არა გარემოს დაცვითი საკითხების გათვალისწინებით, არამედ მაქსიმალური ენერგეტიკული და ინვესტორებისთვის ეკონომიკური მოგების ნახვის მიზნით. არც ადგილობრივების დასაქმება ხდება, ვინაიდან ჰესის მშენებლობას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება ( თუ ასაქმებენ, ისიც მიზერულად და დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, დროებით). ამასთან, ჩვენი საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე, ჰესი დიდი ხნის განმავლობაში არ გადაიხდის მოგების გადასახადს, იმიტომ რომ ამ ინვესტიციებს ხარჯებში გაატარებს და მოგებას არ აჩვენებს, არც დღგ-ს, გადაიხდის მხოლოდ ქონების გადასახადს (წელიწადში ერთხელ საბალანსო ღირებულების 1%-ს), ასე რომ, დიდი არაფერი სარგებლის მომტანია. ჰესის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება  უნდა ეფუძნებოდეს დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზს ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ქალქისთვის და ა.შ. უნდა  გაითვალისწინო, ამ ჰესს სარგებელი უფრო მეტი მოაქვს, თუ – ზიანი. დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვევებში,  ასეთი ანალიზი არც ახლა გაკეთებულა. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული პროექტი ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს,  არის ზღაპარი და სისულელე.

 

ნანა ფიცხელაური

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top