ეკონომიკა

მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა – ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ყალბი კუპიურის ამოღება დასტურდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  ადასტურებს, რომ  მიმდინარე  წელს ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე აღძრულია 26 სისხლის სამართლის საქმე. გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია  500 ათას ლარზე მეტი ღირებულების ყალბი კუპიურა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ბანკების ასოციაციის  წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები.  „ნიშანდობლივია, რომ ამ მონაცემებში არ არის შესული სტატისტიკა ყალბი კუპიურების, რომელთა გასაღების ფაქტებზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე,  მათი ამოღება კი ხდება საბანკო და საკრედიტო დაწესებულებიდან, ინკასაციის პროცესში. ეს ეხება არა მხოლოდ ე.წ. ქარხნული წესით დამზადებულ სუპერ ყალბ კუპიურებს, რომელზეც დამცავი  ნიშნების  დიდი  ნაწილია დასმული (მაგ.წყლის ნიშნები, დამცავი ძაფები, ჰოლოგრამები, ულტრაისფერი ნათების ქვეშ გამოსახულებები), არამედ ძირითადად ქსეროკოპირებით გაყალბებულ ბანკნოტებს, სადაც დამცავი ნიშნები გაცილებით დაბალ დონეზეა გაყალბებული. ეს პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ საკრედიტო დაწესბულებების დიდი ნაწილი ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ პრობლემას, როგორც უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს. ძირითადად აქცენტები წყლის ნიშანზე, დამცავ ძაფზე და ულტრაიისფერი ნათების ქვეშ გამოსახულებების ცნობადობაზე კეთდება, არადა ე.წ.ქარხნული წესით დამზადებულ სუპერ ყალბ ბანკნოტებზე, როგორც წესი ყველა ეს ნიშანი დასმულია, პრაქტიკულად არ გამოიყენება გამადიდებელი შუშის (ლუპის)  პრაქტიკა ან თუნდაც კუთხით დახრის ნიშნების ცნობადობა. მიგვაჩნია, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა და პირველ რიგში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საჭიროა გაიარონ ტესტირება ყალბი ფულის პრევენციაში და მისი შედეგების მიხედვით ტრეინინგებიც შესაბამისი ვალუტების მიხედვით, რადგან ყალბი ფულის პრევენცია და სალარო მუშაკების გადამზადება  არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“- აღნიშნავს  საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი,  გიორგი ცუცქირიძე.  ეკონომიკური ექსპერტი  მამუკა ხუციშვილი კი აცხადებს, რომ  დაახლოებით ერთი თვის წინ მის განცხადებას, რომ  ქვეყანაში 50  მილიონი ყალბი ფული  ტრიალებს, არასერიოზული დამოკიდებულება მოჰყვა. არადა, როგორც უკვე ვხედავთ, თანდათან ეს მონაცემები ოფიციალურადაც დასტურდება.

„პირადად, როგორც  ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს  წლის  განმავლობაში  ყალბი კუპიურებით და მონეტებით 25 „ლარი“ დამიგროვდა.  ისინი თავად არ მიძებნია,   ხურდაში მომცეს. ვივარაუდე, რომ  დაახლოებით   სამ მილიონამდე მოქალაქეს  ჩემსავით გაყალბებული კუპიურები  და მონეტები  დაუგროვდა, დაახლოებით 20 ლარის ოდენობით მაინც.   20 კი  სამ მილიონზე  რომ გადავამრავლოთ, 60 მილიონი ლარი გამოდის გაყალბებული. ამ განცხადებას კი    ზოგიერთი არასერიოზული კომენტარი მოჰყვა, თუმცა დღეს უკვე ვხედავთ, რომ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა.  მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით  ყალბი ფულის მიმოქცევა იწვევს ინფლაციას, ფასების გაძვირებას,  უმუშევრობის დონის გაზრდას და ეკონომიკურ კოლაფსსაც კი… “- განაცხადა მამუკა ხუციშვილმა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top