პოლიტიკა

„ნარმანიას სახელი გამსახურდიას კი არა, აღმაშენებლის ქუჩის შესახვევს მიენიჭა“

ვის სახელებს ვარქმევთ  საქართველოს ქალაქებში არსებულ  ქუჩებს და რამდენად ექცევა ამ  საკითხს სათანადო ყურადღება?! ამ საკითხს  ზვიად  გამსახურდიას  უფროსი ვაჟი კონსტანტინე ( კოკო ) გამსახურდია ეხმაურება.

 

ჯერ მან სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი განათავსა: – „ამას წინათ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო მისამართი: – „ზუგდიდი, ნარმანიას ქუჩა 10, ყოფილი გამსახურდიას ქუჩა.“ სახელისუფლებო კულისებში მოკალათებული ღვარძლიანი ქონდრისკაცების ხვაშიადი გასაგებია: გამსახურდია უნდათ დააკნინონ, როგორც ეს უკვე მოხდა და დღესაც ხდება… აბა, ხომ უნდა აამონ ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ… მისი სახელობის პატარა ქუჩა მხოლოდ ფონიჭალაშია, სადღაც ძალიან შორს. მაგრამ ვინ ნარმანიას ქუჩაა ეს?! ვინ იყო ასეთი?! რა დამსახურება აქვს ერის, კულტურის და სახელმწიფოს წინაშე?! შედარებით ცნობილი დავით ნარმანიაა, მაგრამ ცოცხალია და ჯერაც თანამდებობაზე მყოფი თბილისის მერის ქუჩა ხომ არ იქნება ეს?!…“ კონსტანტინე გამსახურდიას მაშინვე  გამოუჩდნენ ოპონენტები, რომლებმაც   განუმარტეს,  რომ  აღნიშნული ჩიხი, რომელსაც  პოეტ ზურაბ ნარმანიას სახელი დაერქვა,ზვიად გამსახურდიას სახელობის  სულაც არ იყო და  დავით  აღმაშენებლის  გამზირს ეკუთვნოდა…“ თუმცა  კონსტანტინე გამსახურდიამ  აღნიშნა, რომ მის მიერ გამოთქმული პრეტენზიის დასასაბუთებლად საკმარისი არგუმენტები ჰქონდა.  აღნიშნულთან დაკავშირებით  კონსტანტინე გამსახურდიას   europres.ge-ს ესაუბრა.

კონსტანტინე გამსახურდია: ახლავე მოგახსენებთ, თუ რომელი საბუთით ვხელმძღვანელობდი.  არასამთავრობო ორგანიზაცია `საუდაკ-ს“  ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა მიმართეს. ადრე მისამართი მითითებული იყო,  როგორც  ყოფილი გამსახურდიას ქუჩა, ამჟამად კი არის ნარმანიას ქუჩა. როგორც აღნიშნულმა ორგანიზაციამ გაარკვია, ამ ქუჩას თავიდან ერქვა გამსახურდია, შემდეგ დავით აღმაშენებლის გამზირს მიაკუთვნეს, ამჟამად, კი ზურაბ ნარმანიას  სახელობის არის. ისიც ფაქტია, რომ ზუგდიდში მართლაც არსებობს როგორც ზვიად გამსახურდიას, ისე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩები. მაგრამ ეტყობა მაინც მოხდა რაღაც გადარქმევა-გადმორქმევები, რამაც გაუგებრობები დათესა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასევე  ცნობილია, რომ თბილისში, პეკინის  პროსპექტს 1990 წელს დაერქვა კონსტანტინე გამსახურდიას პროსპექტი, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2006 წელს, იმის გამო რომ მეც კონსტანტინე გამსახურდია ვარ  (ბაბუის სახელს და გვარს  ვატარებ), მას სახელი გადაარქვა და ისევ პეკინი უწოდა, რაც შემდეგი არგუმენტით გაამართლა, – ჩინეთში გვინდა  ღვინო გავყიდოთო (?!). იმ ხანად  აქტიურად  ვიყავი ოპოზიციური საქმიანობით დაკავებული და მომხდარი ჩემ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღვიქვი.  თუმცა ამას მოჰყვა  მორიგი სპეკულაცია და თვალებში ნაცრის შეყრა… თქვეს, რომ  თბილისში უკვე გვაქვს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩა და ასევე, ზვიად გამსახურდიას  სანაპირო. რეალურად, კი ფონიჭალაში, რუსთავთან ძალიან ახლოს არსებობს პატარა ქუჩა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის არის, რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას,  მისი სახელობის  სანაპირო სად არის,  ვერც  ვერავინ მეტყვის, ვერცერთი თბილისელი. თეორიულად ის ბარათაშვილის საპირისპირო მხარეს უნდა იყოს,  მაგრამ იქ ხომ ალიევის სანაპიროა, რომელიც  სად მთავრდება და სად იწყება გამსახურდიას სახელობის სანაპირო, სრულიად გაურკვეველია. თბილისში ტარიელის და ავთანდილის ქუჩებიც კი გვაქვს და  კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიას ქუჩებიც რომ  თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი არ შეიძლება?!

_  ტარიელი და ავთანდილი ხომ  საყვარელი „ვეფხისტყაოსნის“ გმირები არიან და რა უჭირს მათი სახელობის ქუჩებიც თუ გვექნება. მაგალითად,  აშშ-ში  თხილის და კაკლის სახელობის ქუჩებიც კი არსებობს…

_ ხომ, მაგრამ   თხილი და კაკალი  ბუნებაში  მაინც არსებობს. ტარიელი და ავთანდილი კი მითიური პერსონაჟები   არიან. ამ ლოგიკით კომბლეს და წიქარას  ქუჩებიც  უნდა გვქონდეს. ამასთანავე, ძალიან ბევრი ქუჩის სახელი  ქართველი საზოგადოებისთვის  ნაკლებად ცნობილ პერსონებს უკავშირდება.

და მაინც,  ეწოდა თუ არა  ყოფილი ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩას  ნარმანიას სახელი? კომენტარისთვის ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, მაია გუბელაძეს დავუკავშირდით.

_ ქალაქ ზუგდიდში,  დავით აღმაშენებლის პირველ შესახვევს და არა გამსახურდიას ქუჩას, ჯერ კიდევ  2003 წლის 24 ივნისის დადგენილებით პოეტ ზურაბ  ნარმანიას სახელი  ეწოდა.  ცნობისთვის კი ქალაქ ზუგდიდში არსებობს კონსტანტინე გამსახურდიას და ზვიად გამსახურდიას ქუჩები.  მათ შორის ერთ-ერთია  ცენტრალური გამზირი, რომელიც  ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებს.

_კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ   ეს ჩიხი  ადრე ზვიად გამსახურდიას სახელობის იყო, შემდეგ კი დავით აღმაშენებლის გამზირს მიაკუთვნეს…

_ რაც თავი მახსოვს, ეს გამზირი აღმაშენებლის იყო, რომელიც  2 კმ-ზე  იყო გადაჭიმული და  ჰქონდა  თავისი ჩიხები.  სახელი სწორედ  ჩიხებს  გადაერქვა. ლოგიკურად, ორი გამსახურდიას ქუჩა რატომ გვექნებოდა?

_ ზოგჯერ ირღვევა ლოგიკა…

_ არა, ზუგდიდი  ასეთი პარადოქსების  ქალაქი არ არის.

_ თუმცა მაინც გაუგებარია, აღმაშენებლის ქუჩას  რომ ნარმანიას  სახელი დაერქმევა… რა იცით, ზურაბ ნარმანიას შესახებ?

_  ეს იყო პოეტი ნარმანია,  რომელსაც პოეტური საზოგადოება აღიარებს, როგორც ძალიან ცნობილ და კარგ პოეტს და ჩვენ ვამაყობთ ამ ადამიანით, რომელიც ნამდვილად კარგი პოეტი  და საამაყო ზუგდიდელი იყო. შეგიძლიათ, მის შესახებ ინფორმაცია გუგლით მოძებნოთ.

ვინ იყო პოეტი ზურაბ ნარმანია?

პოეტი ზურაბ ნარმანია 1955 წლის 20 იანვარს, ქალაქ თბილისში დაიბადა. ის  45 წლის ასაკში  გარდაიცვალა,  რომლის სახელსაც  რამდენიმე პოეტური  კრებულის გამოცემა უკავშირდება,  კერძოდ, „უსაფეხურო კიბე“ და „მფრინავი ჭიანჭველა“. თანამედროვე პოეტებმა ნიჭიერ  პოეტს, რომელიც  უდროოდ გარდაიცვალა,   არაერთი ლექსი მიუძღვნეს.

 

ეკა ასათიანი

3 Comments

3 Comments

  1. მალხაზ აბულაძე

    ივლისი 16, 2017 at 10:53 pm

    პოეტ ზურაბ ნარმანიას შესაძლოა დღევანდელი თაობა არ იცნობდეს,მაგრამ,მას აქვს კარგი,გულრწფელი ლექსები და მათი მოძიება შეიძლება 80-ანი წლების პერიოდიკაში.გადაღებულია ფილმში ივერია,სიყვარული და…ლიკა ქავჟარაძესთან ერთად.შეყვარებულები.სიმღერა ზღაპარი სიყვარულისა გაიხსენეთ,ლამაზი წყვილი.

  2. 123

    ივლისი 17, 2017 at 10:16 am

    ზვიად გამსახურდიას ყოფილი ვაჟი რას ნიშნავს? ჩამოართვეს შვილის სტატუსი?

  3. Malkhazi

    ივლისი 18, 2017 at 1:32 pm

    Ras nishnavs yofili vaji

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top