საზოგადოება

„ზებრა გადასასვლელზე ბავშვის დაღუპვა უნდა აღიკვეთოს!“…

ახლახან  მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში,  თამარ მეფის გამზირზე, სადაც  მსუბუქი ავტომანქანა  9 წლის ბიჭს სწორედ მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ე.წ. ზებრა ზოლზე გადადიოდა… სამწუხაროდ, ეს მსხვერპლი არც პირველია და არც უკანასკნელი!!! ავტოსაგზაო შემთხვევებს ათასობით სიცოცხლე ეწირება, მათ შორის არიან ბავშვებიც, რომელთა შესახებ სტატისტიკა საგანგაშოა! შეიცვლება თუ არა, უპასუხისმგებლო მძღოლების  უდიერი დამოკიდებულება  სხვის სიცოცხლესთან მიმართებაში?! მით უფრო, რომ 1-ელი ივლისიდან  საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებული წესები  ამოქმედდება, რაც ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით europress.ge-ს „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე“, ექსპერტი  ეკა  ლალიაშვილი ესაუბრა:

 

ეკა ლალიაშვილი: არ მაქვს იმედი, რომ  მსხვერპლით დასრულებული  საგზაო შემთხვევები მთლიანად აღმოიფხვრება,  მაგრამ ავტომობილის მძღოლი  ზებრა გადასასვლელზე  ქვეითს რომ არ უნდა დაეჯახოს, ამის უზრუნველჰყოფა  შესაძლებელია.  უნდა ვაღიაროთ, რომ  სასჯელების მეტად გამკაცრების იმედი გვქონდა, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა, პარლამენტარები არ დაგვეთანხმნენ. თუმცა, ის ცვლილებებიც, რაც პირველი ივლისიდან ამოქმედდება, საკმაოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზებრაზე რომ ბავშვი იღუპება, ეს უნდა აღიკვეთოს! მძღოლის მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს, მან უნდა იცოდეს, გზა ქვეითს როდის  დაუთმოს და  მანქანა გააჩეროს…

_   და თუ ეს არ გააკეთა მძღოლმა, როგორ დაისჯება?

_ასეთ შემთხვევაში მის მართვის მოწმობას 5 ქულა დააკლდება  და  დაეკისრება ჯარიმის გადახდა  40 ლარის ოდენობით.

_ ამ ნორმის აღსრულება როგორ წარმოგიდგენიათ მაშინ, როცა  ყველა ზებრა ზოლთან პატრულს ვერ დავაყენებთ და  ვერც ამდენი სათვალთვალო კამერა გვექნება დამონტაჟებული?

_ როგორც წესი, ასეთი უპასუხისმგებლო  მძღოლი  ერთი და იგივე  დარღვევას რამდენჯერმე იმეორებს სხვადასხვა ადგილზე და  კამერა  სადღაც აუცილებლად  დააფიქსირებს. შესაძლოა, პატრულმაც გააჩეროს.

_ საქართველოს მასშტაბით სამი ათას კამერაზე იყო საუბარი, რომელიც  უნდა დამონტაჟებულიყო. მოესწრო თუ არა პირველ ივლისამდე მათი დამონტაჟება?

_შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეს კამერები უკვე ტესტირების რეჟიმშია.  მოგეხსნებათ, აღნიშნული  ცვლილებების ამოქმედება პირველ ივლისამდე  იმიტომ გადაიდო, რომ შსს-ს მოსამზადებელი პერიოდი სჭირდებოდა…  უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად საჭირო იყო, როგორც სათანადო  ტექნიკური  უზრუნველჰყოფა, ასევე  მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაც.

_ავტოსაგზაო შემთხვევებს ეწირებიან მგზავრი ბავშვებიც, რომელთა   რაოდენობა თავზარდამცემია. პირველი ივლისიდან  ისინი უფრო დაცულები გახდებიან?

_სამწუხაროდ, ამ ცვლილებების  თანახმად, ისინი ისევ დაუცველები დარჩებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით  მეტი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ პარლამენტმა ჩვენი შეხედულებები არ გაითვალისწინა. დიახ, ჩვენი ბავშვები კვლავაც რჩებიან დაუცველებად მგზავრების ამპლუაში. უკვე ეს საკითხი  დამოკიდებულია არა  კანონზე, არამედ, მშობლების თვითშეგნებაზეც, რომლებმაც  სპეციალური სამგზავრო სავარძლები  უნდა შეუძინონ თავიანთ ბავშვებს. მართალია, კანონი ნებას რთავს მშობელს  არ იქონიოს ასეთი სავარძელი და უკან მჯდომმა (ღვედშეკრულმა) მგზავრობისას კალთაში ჩაისვას ბავშვი, თუმცა უნდა იცოდეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას, ბავშვის უსაფრთხოება  მაინც  დაუცველი აღმოჩნდება. სამგზავრო სავარძელი კი  40- 60%-ში ბავშვს იცავს, ეს აღიარებულია მთელ მსოფლიოში,  ჩვენ კი აღნიშნული პრობლემური და მეტად მტკივნეული  საკითხი სათანადოდ ვერ შევაფასეთ.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top