პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრები აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიებას და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

15 ივნისს,  ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით  დებატები  გაიმართა, რომლის შესახებ სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.

ევროპარლამენტის წევრებმა  აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი  გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ  მოუწოდა.

ევროპარლამენტის წევრმა, ჰაიდი ჰაუტალამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ  პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სწორად აღნიშნა, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, არამედ საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაზეც:

„საქმე ეხება ევროკავშირის პარტნიორობის ორ წევრს – საქართველოსა და  აზერბაიჯანს. საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სწორად აღნიშნა, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, არამედ საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაზეც. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ჩატარდეს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, ხოლო მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი“, – განაცხადა ჰაიდი ჰაუტალამ.

მუხთარლის საქმეზე კომენტარი გააკეთა ვროპარლამენტის წევრმა სორაია პოსტმაც:

„საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუხთარლი. გატაცების მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში. ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ნათლად უნდა განვაცხადოთ შემდეგი, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია. მე ვთხოვ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელიც ვიზიტად შემდეგ ოთხშაბათს ეწვევა ბაქოს, აღნიშნული შეშფოთება დააფიქსიროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ”, – განაცხადა პოსტმა.

ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა კი განაცხადა, რომ „შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის. ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმეების გადახედვა და გამოძიება. ასევე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც“.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს. პროექტის სახელწოდებაა  „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ და  მასში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას  აფგან  მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“,  აღნიშნულს კი  „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“  მიიჩნევს.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top