საზოგადოება

„მადლობა ბერას!“… ბირჟა მაფიის წევრები თავისუფლები არიან!

 

12 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების სასამართლო გაიმართა. სააპელაციო სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილის შემდეგ, დარბაზიდან ჯგუფის მეორე წევრი გიორგი ქებურიაც გაათავისუფლა.

მოსამართლემ გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ქებურიას 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.  პატიმრობა გირაოთი შეეცვალა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრ მიხეილ მგალობლიშვილს, რომელიც 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

მიხეილ მგალობლიშვილმა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ განაცხადება გააკეთა: „სირცხვილია მათი, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველასი მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ უსამართლობას… ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი“, – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

გიორგი ქებურიას თქმით კი, მან ბრალი იმიტომ აღიარა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.
ნარკოტიკის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ფიზიკურად ნარკოტიკის ჩადება მასთან  მიმართებაში არ ყოფილა, უბრალოდ მოხდა საბუთების გაყალბება.
„მე ნარკოტიკული საშუალება თვალით არ მინახავს. არ მომხდარა ნარკოტიკის ჩადება ჩემთვის ჯიბეში. ეს უბრალოდ საბუთებში გაფორმდა“, – აღნიშნა ქებურიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის წევრების დაკავების გამო თბილისში საპროტესტო აქციაც გაიმართა. სოციალურ ქსელში უამრავი მხარდასაჭერი პოსტი დაიწერა. ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმაც მხარი დაუჭირა დაკავებულებს. გათავისუფლებულმა გიორგი ქებურიამ საზოგადოებას და ბერა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top