ექსკლუზივი

13 ივნისი… არასწორი რეკონსტრუქცია და დახარჯული მილიონები?!

შესაძლებელია თუ არა უამინდობის დროს ვერეს ადიდება და ტრაგედიის განმეორება?! 10-11 ივნისს შექმნილ უამინდობას თბილისელები შიშით შეჰყურებდნენ, თუმცა საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ შემთხვევაში  ბუნებას უნდა ვუმადლოდეთ თუ მერიას, რომელმაც ორი წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ვერეს ხეობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები აწარმოა?! ამასთან დაკავშირებით europress.ge-ს  ცნობილი არქიტექტორმა  გიგა ბათიაშვილმა  საკუთარი  მოსაზრება გაუზიარა, რომელმაც 2013 წლის ტრაგედაც გაიხსენა.

გიგა ბათიაშვილი: „ორი წლის წინ  დატრიალდა უზარმაზარი ტრაგედია ვერეს ხეობაში.   მერე ქალაქის მერიამ  ჩაატარა  სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იქ კვლავაც   გვაქვს  მნიშვნელოვანი ქუჩა-მაგისტრალი.  ნამდვილად სჭირდებოდა   ქალაქს ეს ქუჩა,  მაგრამ   როგორი  უნ და ყოფილიყო ის?! საკითხავი, აი ეს არის!  საქმე ის არის, რომ თავის დროზე  აქ გზა არასწორად გაიჭრა.  ამას თბილისის ამჟამინდელი მერს,    ნარმანიას ვერ დავაბრალებ, უფრო ადრე დაედო გზის გაჭრას საფუძველი.   ამ ადგილზე  ჩქაროსნული მაგისტრალის დაპროექტება  იყო უგუნურება. 3 კმ-იანი ზოლი როგორ შეიძლება იყოს  ჩქაროსნული?!  სიჩქარის აკრეფასაც ვერ მოასწრებ, რომ უნდა შეანელო. გზის გაჭრის შედეგად გაიჭრა კლდეები ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი მიწაყრილები და მარჯვენა ფერდი დარჩა  ეროზიული, რომელიც ღვარცოფებისას მუდმივად საფრთხეს ქმნის, რაც იმას ნიშნავს,  რომ ადრე თუ გვიან,  წამოვა  მიწა, ქვა- ღორღი და ჩამოიშლება ყველაფერი!  ამის გარდა,  მდინარე  „ვერე“ ისევ   გვირაბში გავატარეთ… მთელი მსოფლიო იმას ცდილობს, რომ   პატარა მდინარე თუ ხევი მიწის ან ბეტონის ქვეშ კი არ მოაქციოს, არამედ პირიქით,  გახსნას, შეუქმნას სარეკრეაციო ზოლი. ვერეს გვირაბში მოქცევა  არაფრით შიძლება. მოგეხსენებათ, მთელი მდინარე   და  ვერეს მკვებავი ზონა 40 კმ-იან ძაბრს წარმოადგენს, პატარ-პატარა რუების, ნახევრად მშრალი თუ  მშრალი ხევებისგან იქმნება ბოლოს  ეს მდინარე. დიდი წვიმის დროს კი ყველა ხევი იწყებს მუშაობას და მოდის წყალი.  არა მარტო წყალი მოდის, გზად ეს წყალი  ანგრევს, რეცხავს ნიადაგს, მოაქვს ღორღი , ბუჩქები და ხეები,   გვირაბებს ჭედავს. ჩემს ბიოგრაფიაში , როგორც საშინელი ფურცელი, ისე მახსოვს ამ ვერეს პირველი ადიდება, მაშინაც  დაიღუნენ ადამიანები და ცხოველები,  ეს იყო ვარაზის ხევის ამოვსების შემდეგ…   შემდეგ კი, 2015 წლის 13 ივნისს, უფრო დიდი  ტრაგედია დატრიალდა.  ამრიგად , სამომავლოდ ასეთი დიდი უბედურება რომ ავიცილოთ , როგორმე უნდა მოვნახოთ გზა, რათა ეს მდინარე თავისუფლად მივიდეს მტკვრამდე. ჩვენ კი იმის ნაცვლად,  რომ  ის თავისუფლად გაგვეტარებინა, კიდევ ახალი გვირაბები დავუმატეთ არსებულ გვირაბებს, უკვე  ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ გავატარეთ წყალი. დიახ, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით,   ე.წ. ფრანციასთან რომ ჩამოდიხართ,  იქ  დაახურეს ვერეს გვირაბი. ასე, რომ ყოველი ღვრცოფისას საშიშროება წარმოიქმნება. ერთი ეს არის, რომ იქ მერიამ სასიგნალო მოწყობილობა დააყენა, რომელიც საშიშროების მოახლოებისას სიგნალს გამოსცემს… მხოლოდ ამის იმედზე რამდენად უნდა ვიყოთ, ძნელი სათქმელია!..“

p.s. თბილისის მერიის ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ  სარეკონტრუქციო სამუშაოებისთვის 40 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

”სამუშაოების ფარგლებში, მოხდა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება. გარდა ამისა განხორციელდა დიდი პროექტებიც, როგორიცაა გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ვერეს ხეობაში ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე. აღდგენითი სამუშაოები თბილისის მერიას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა”,

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top