ექსკლუზივი

როგორ გახდა ყოფილი სიკვდილმისჯილი ძვირადღირებული იურისტი და ხელისუფლების გავლენიანი პირების მეგობარი?!

europress.ge-მ 2017 წლის 21 მაისს  გამოაქვეყნა  ინფორმაცია: „რატომ მიაჩნია თაღლითობისთვის  დაკავებულ ირაკლი კერესელიძეს ნოდარ ჯავახიშვილი ერთ-ერთ მთავარ  მოწმედ.“ აღნიშნულ მასალას თან ერთვოდა ფოტო,  რომელზეც  ირაკლი კერესელიძე და ნოდარ ჯავახიშვილი  არიან ასახული ორთაჭალის ციხის საკანში. დიახ, ერთ დროს ისინი თანასაკნელები და როგორც კერესელიძე ამტკიცებს,  მეგობრებიც იყვნენ. მონაწილეობდა  თუ არა თაღლითურ სქემაში თავად კერესელიძე და   სჭირდებოდა თუ არა მას ნოდარ ჯავახიშვილის დახმარება უკვე მაშინ, როცა ეს უკანასკნელი  რეგიონალური განვითარების და   ინფრასტრუქტურის  მინისტრი იყო?! მაშ ასე,   კერესელიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში კიდევ უფრო სკანდალური და საინტერესოც შესაძლოა აღმოჩნდეს.  თანამდებობის პირებთან მისი ურთიერთობები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ვინაიდან  კერესელიძის წარსულიც  დიდი კითხვის ნიშნებით არის სავსე. მით უფრო რომ  ირაკლი კერესელიძე   ყოფილი სიკვდილმისჯილიც არის, რომელმაც  ე.წ. ჯოჯოხეთის ჯურღმულში წელიწად-ნახევრისა და 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მაშ, ასე როგორ გახდა ყოფილი სიკვდილმისჯილი  ძვირად ღირებული უდიპლომო იურისტი და ვინ იყოს ის  წარსულში?!

 

გზა  სახელისუფლო ჭაობიდან ჯოჯოხეთის ჯურღმულში…

 

19 წლის ირაკლი კერესელიძე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანაშემწე იყო. 1995 წლის 22 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის პოლიციამ ლოჭინის ხეობაში ორი კაცის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინა, სხეულის დანარჩენ ნაწილებს კი რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მიაგნეს. მალევე ორი ბიზნესმენის განზრახ მკვლელობისა და ცხედრების დანაწევრების გამო ირაკლი კერესელიძე დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს (განაჩენი მას თეა წულუკიანის მამამ გამოუტანა, რომელიც იმხანად მოსამართლე იყო). წელიწად-ნახევრისა და 4 თვის განმავლობაში ის სიკვდილმისჯილთათვის განკუთვნილ ჯურღმულში, ე.წ. „სპეცებში“ იმყოფებოდა. საბედნიეროდ, იმ იღბლიანთა შორის აღმოჩნდა, ვისაც სასჯელის ეს უმაღლესი ზომა 20 წლის თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს (1997 წელს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა და პრეზიდენტის ბრძანებულებით 54 მსჯავრდადებულს სასჯელის უმაღლესი ზომა 20 წლის თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს). 2001 წელს კერესელიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და 2 კაცის მკვლელობა სპეცსამსახურებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და მისტიკურ რიტუალებს დაუკავშირა. საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს გადაცემა „60 წუთი“, სადაც კერესელიძე იმჟამინდელ კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს. სასამართლომ  ასათიანი უდანაშაულოდ ცნო და „60 წუთმა“ პროცესი წააგო. 2002 წელს ირაკლი კერესელიძემ სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნისას შეიძინა გაზის პისტოლეტი, მოიპოვა პოლიციელის ყალბი მოწმობა და სწორედ მაშინ, როცა სასამართლო პროცესზე მიჰყავდათ, თავს დაესხა ბადრაგს, თუმცა გაქცევა ვერ შეძლო. 2006 წელს ამ ფაქტის გამო ისევ გაასამართლეს და სასჯელი დაუმატეს. წლების რაოდენობა გაქცევის მცდელობისა და მკვლელობის სასჯელების ნაწილობრივი შეკრების პრინციპით განისაზღვრა, რამაც 13 წელი და 6 თვე შეადგინა. მოსამართლე დალი მეტრეველმა განაჩენში ჩაწერა, რომ სასჯელის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის დასასრულად უნდა განსაზღვრულიყო 2016 წლის 29 სექტემბერი. თუმცა მან აშკარა არითმეტიკული შეცდომა დაუშვა, 2002-ს მიუმატა 13 და 2015-ის ნაცვლად 2016 მიიღო. კერესელიძე ამ გადაწყვეტილებას კარგა ხანს ასაჩივრებდა და მის ინტერესებს იმხანად მანანა კობახიძე იცავდა, რომელიც შემდეგ „ქართული ოცნების“  მოწინავე სახე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. 2013 წელს კერესელიძე დიდი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. 2014 წელს დოკუმენტის გაყალბების გამო ისევ გაასამართლეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს (ამ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ავრცელებს). ახლა კი მას ბრალი თაღლითური გზით თანხის გამოძალვასა და გაყალბებული დოკუმენტის გამოყენების მცდელობისთვის ედება. თუმცა ის თავს ადრეც უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ახლაც ასე მიიჩნევს (ციხეში მან ონლაინრეჟიმში განათლება მიიღო, შეისწავლა ინგლისური და აიმაღლა კვალიფიკაცია, სხვათა შორის, იმ დღეებშიც აქტიურად მეცადინეობდა, როცა ახალი ამოყვანილი იყო სიკვდილმისჯილთა ჯურღმულიდან).

მოგვიანებით კერესელიძე აცხადებდა, რომ მას უკავშირდებოდნენ გავლენიანი პირები და იძულებული ხდებოდა, ესა თუ ის ქმედება ჩაედინა ან განცხადება გაეკეთებინა… არაერთხელ შეცვალა ლოჭინის ხეობაში ნაპოვნი ცხედრების შესახებ ჩვენება და თქვა, რომ მისი აღიარებები მხოლოდ წამებასა და შიშს უკავშირდებოდა. მისი დაკითხვების პერიოდში კერესელიძის ბინაში ორჯერ ჩატარდა ჩხრეკა. პოლიციამ იატაკიც კი აყარა, მაგრამ არანაირი სამხილი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ ორჯერ გაჩხრეკილ ბინაში გამოძიებამ კიდევ ერთი ჩხრეკა დანიშნა და ამოიღო სისხლიანი ხერხი, რითაც, გამოძიების ვერსიით, კერესელიძემ გვამები დაანაწევრა. როგორ გაჩნდა ხერხი კერესელიძის ბინაში, სადავო იყო…

ნოდარ ჯავახიშვილი და ირაკლი კერესელიძე ორთაჭალის ციხეში

 

ამჯერად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ირაკლი კერესელიძეს  ნოდარ ჯავახიშვილი ერთ-ერთ მთავარ მოწმედ მიაჩნია. თუ რატომ? ამასთან  დაკავშირებით  europress.ge    მცირედ მოკვლევას გთავაზობთ.

ირაკლი კერესელიძეს ამჯერად ბრალად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების მცდელობა ედება.  განსაკუთრებით საინტერესო  კი ის არის, რომ  ირაკლი კერესელიძე ამ შემთხვევაშიც მის დაკავებას კვლავაც პოლიტიკურ მოვლენებსა და ფიგურებს უკავშირებს. მაშ ასე, რომელ თანამდებობის პირებთან ურთიერთობდა დაკავებამდე კერესელიძე, ვინ ცდილობდა მის გამოყენებას და რას ჰყვება ამჟამად თაღლითობის ბრალდებით დაკავებული?!

 

 

პროკურატურის ინფორმაციით
„2016 წლის 3 თებერვალს მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა გამოაცხადა ორეტაპიანი ტენდერი, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში სხვადასხვა კომპანიასთან ერთად თურქული სამშენებლო კომპანია Genc Inshaat Limited-ი მონაწილეობდა, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში დისკვალიფიკაცია მიიღო.
ირაკლი კერესელიძე თურქული კომპანიის წარმომადგენლებს, როგორც კვალიფიციური ადვოკატი გაეცნო და დაჰპირდა, რომ ტენდერში გაამარჯვებინებდა. მათ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ტენდერში გამარჯვების შემდეგ ირაკლი კერესელიძეს ავანსად უნდა მიეღო 80.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
2016 წლის 2 დეკემბერს კერესელიძემ თურქული სამშენებლო კომპანია Genc Inshaat Limited – ის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი წარუდგინა, რისთვისაც ავანსი 60.000 აშშ დოლარი მიიღო, მაშინ როდესაც სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. გამოძიებით დადგენილია, რომ კერესელიძე არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნია საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება – აცხადებს პროკურატურა.“

 

რა მოხდა სინამდვილეში?
კერესელიძემ ამ ხნის მანძილზე რამდენიმე ადვოკატი გამოიცვალა (როგორც შევიტყვეთ, ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი სასურველი ადვოკატის აყვანას ვერ ახერხებდა). თავდაპირველად სასამართლო პროცესს ესწრებოდა შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც კერესელიძის ინტერესს იცავდა.
შალვა ხაჭაპურიძე: მართალია, კერესელიძე ადვოკატი არ იყო, თუმცა არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია, რომ თურქული კომპანიისთვის იურიდიული მომსახურება გაეწია. ასეთი შეზღუდვა მას, როგორც იურიდიული კონსალტინგის ხელმძღვანელს, სისხლის სამართლის საქმეებზე აქვს და არა სამოქალაქოზე… პრობლემა ის გახდა, რომ თურქულ კომპანიას მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით მიუვიდა შეტყობინება, რომ ტენდერი მოიგო. შეტყობინება ირაკლი კერესელიძეს მათთვის არ გაუგზავნია. პირიქით, კერესელიძემ სასამართლოზე წარმოადგინა მის მიერ თურქული მხარისთვის გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც წერდა, – დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით მიიღეთ, ყალბიაო…
_ საქმეში თუ დევს ინფორმაცია, თურქულმა კომპანიამ ვის რამდენი გადაუხადა?
_ არსებობს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ირაკლის ამ კომპანიისთვის უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება და ეს მხოლოდ ტენდერში მათ მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს არ მოიცავდა. თურქულმა კომპანიამ ირაკლის მას შემდეგ მიმართა, რაც დისკვალიფიკაცია მიიღო წითელ ხიდთან დასაგები გზის ტენდერში. მოილაპარაკეს, რომ კერესელიძეს 60 ათას დოლარს გადაუხდიდნენ, ეს უნდა ყოფილიყო ავანსად, თუკი ტენდერს მოიგებდნენ, დამატებით სამ მილიონს მისცემდნენ.
ეს კონტრაქტი ( რომელიც თურქულმა კომპანიამ კერესელიძეს გაუფორმა) მისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის გამო საეჭვოდ არ გეჩვენებათ?
_ რა თქმა უნდა…
_ ალბათ, კერესელიძეს იმედი ჰქონდა, რომ ვიღაც დაეხმარებოდა და დისკვალიფიკაციის მიუხედავად, კომპანიას ტენდერში გაამარჯვებინებდა
_ რაღაც რომ ხდებოდა, ფაქტია, თორემ კერესელიძეს იურიდიული ფაკულტეტი დამთავრებული არა აქვს და ისეთ დიდ ჰონორარს ითხოვდა, სახელიან ადვოკატებსაც კი გვიჭირს მოთხოვნა (?!). მე ვიცი, რომ კერესელიძემ თურქული კომპანიის წარმომადგენელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელ მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს შეახვედრა, რომელიც ასეთ საკითხებზე არავის ხვდებოდა, მით უფრო მაშინ, როცა კომპანიას დისკვალიფიკაცია ჰქონდა მიღებული. ჯავახიშვილმა თურქებს უთხრა, თუ თვლით, რომ კომისიამ დაგჩაგრათ, იდავეთ, თვეების საქმეა, თუ მოიგებთ, გაუქმდება ტენდერის შედეგიო. ამის შემდეგ კერესელიძემ და თურქულმა კომპანიამ დაიწყეს ტენდერის გაუქმებაზე მუშაობა და მიმართეს იმ ორგანოებსა და სტრუქტურებს, ვისზეც ჯავახიშვილმა მიუთითა. ასე რომ, მეც ინტერესით ველოდები, ვის დაასახელებს და გამოძიების მსვლელობას საით მისცემს მიმართულებას თავად კერესელიძე, რომელიც იმდენად განათლებულია, რომ ადვოკატიც არ სჭირდება.

მაშ ასე, რა მიზნით ხვდებოდა კერესელიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს? კომენტარისთვის ამ უკანასკნელსაც დავუკავშირდით.
ნოდარ ჯავახიშვილი: როგორც ვიცი, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზასთან დაკავშირებით ტენდერი დღესაც არ არის გამოცხადებული და ამ თემაზე როგორ ვისაუბროთ?! ( გაუკვირდა ჯავახიშვილს. არადა, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის საიტზევე დევს ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ტენდერის შესახებ…)
_ პროკურატურის ინფორმაციას ვეყრდნობით
_ კერესელიძესთან არაერთი შეხვედრა მქონდა სულ სხვა საკითხზე, რამდენადაც მე ვიხსენებ, საუბარი იყო, ფოთის წყალმომარაგების პროექტის თაობაზე, სადაც თურქულმა კომპანიამ ვერ გაიმარჯვა…
გავრცელებული ინფორმაციით, Genc Inshaat Limited – ის ინტერესებს იცავდა კერესელიძე
_ მაგას გადამოწმება სჭირდება, მე შეიძლება კონტრატორი ვერ გავიხსენო… მაგრამ კერესელიძის გარდა, იმ კომპანიას ჰყავდა სხვა ადვოკატიც, რომელმაც დაწერა, სამინისტრო და მინისტრი ჯავახიშვილი კორუმპირებული არიანო. მაშინ ირაკლიმ მითხრა, მე იმიტომ მოვედი, რომ ვიცი, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებს გიყენებდნენო. მე მაშინ აღშფოთებული ვიყავი და შევხვდი თურქეთის ელჩს საქართველოში და ვუთხარი, იქნებ კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და მითხრან, რა პრეტენზიები აქვთ-თქო.
ის ადვოკატიც იგივე კომპანიის წარმომადგენელი იყო?
_ კი, კი… და მე თურქეთის ელჩს ვთხოვე, მოიწვიეთ იმ კომპანიის ხელმძღვანელობა და ერთად განვიხილავთ, იმსახურებდა თუ არა კომპანია დისკვალიფიკაციას-თქო. რამდენადაც ვიცი, იმ კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა კიდეც თურქეთის ელჩი და მითხრა, შეგხვდებიანო, მაგრამ ცოტა ხნის მერე განმიცხადა, როგორც ჩანს, არგუმენტები არა აქვთ და არ ჩამოდიანო.
– კერესელიძე თქვენთან ვინ დააკავშირა?
– ვის უნდა დაეკავშირებინა?
– თვითონ მოახერხა თქვენთან მოსვლა? მე რამდენადაც ვიცი, მას მიეცით ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ემოქმედა თურქულ კომპანიას, რომ მომავალში ტენდერში მონაწილეობის შანსი მიეღო?
– ყველა კონტრაქტორს, ვინც მოდის ჩვენთან, ვუმარტავთ ქართულ წესებს, როგორ ტარდება ესა თუ ის ტენდერი, ვინ არის დონორი და რას მოითხოვს…
– მაგრამ დისკვალიფიცირებულ კომპანიას რა შანსი ჰქონდა?
– დისკვალიფიკაციის შემთხვევაში საქმე უკან აღარ ბრუნდება, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამონაკლისი, როცა კომპანიას ის უსამართლოდ აქვს მიღებული. ჩვენ თურქულ კომპანიას დავუსაბუთეთ, რის საფუძველზე მიიღეს დისკვალიფიკაცია და ამით დასრულდა საკითხი.
(ჩვენთვის იმ ხანად უცნობი დარჩა, თუ რატომ აურია ორი კომპანია ერთმანეთში ჯავახიშვილმა, ერთი რომელიც ფოთის წყალმომარაგების პროექტის საკითხზე მუშაობდა და მეორე ( კომპანია Genc Inshaat Limited-i) , რომელიც გამოძიების ინფორმაციით, კერესელიძემ გზებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებაში დაარწმუნა… და ასევე უცნობია, რატომ ვერ გაიხსენა მან Genc Inshaat Limited-ის თურქ წარმომადგენლებთან შეხვედრა. მით უფრო რომ მოგვიანებით, ირაკლი კერესელიძემ ციხიდან ასეთი შინარსის წერილი მოიწერა, რაც მისმა მეუღლემ ქეთი ხომერიკმა გაასაჯაროვა.

ირაკლი კერესელიძე: ,,როგორც გავიგე, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს ამნეზია დაემართა და აღარ ახსოვს თუ როგორ შემხვდა 2016 წლის 16 ოქტომბერს, კვირა დღეს მე და თურქ ბიზნესმენებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკუთარ კაბინეტში. იმისათვის, რომ მალე ირაკლი კერესელიძის სახელი და გვარიც არ დაავიწყდეს, იძულებული ვარ შევახსენო, როგორც ჩვენი ერთმანეთის ახლოს გაცნობის, ისე შემდგომი საქმიანი ურთიერთობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ახლოს გავიცანი 2004 წელს, როდესაც ავტოავარიის დროს გერმანიის მოქალაქის მკვლელობის გამო დააპატიმრეს და ჩემთან ერთად ორთაჭალის ციხეში მოუწია რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფნა. იმ დროს დავმეგობრდით და თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩემთან მეგობრობით ბატონმა ჯავახიშვილმა იმ დროს მრავალი სიკეთე მიიღო! შემდგომი ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მას მერე გაგრძელდა, როცა ის უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა, მე კი იურიდიული კომპანია lchl -ის აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს, ხელისუფლების ხიბლში მყოფი ჩემი ყოფილი მეგობარი, ბატონი ნოდარი ივიწყებს თავად როგორ იყო პატიმარი და სისტემის მსხვერპლი!!! ალბათ სახელისუფლებო კაბინეტს ერთგვარი ამნეზიის ეფექტი და ღირსებისა თუ კაცობის კლების ფორმა ახასიათებს! Genc Inshaat Limited-ის წარმომადგენლები ჩემთან ერთად შეხვდნენ ბატონ მინისტრს 2016 წლის 16 ოქტომბერს და ამ ფაქტის დადასტურება მნიშვნელოვანია ჩემი ბრალდების საქმეზე, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. ერთადერთი ჩემი სურვილი ისაა, რომ საქმეზე დადგინდეს სრული სიმართლე და ჩემს მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალდება, რაც შეიძლება მალე გაბათილდეს! თუმცა როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს და მათ შორის ნოდარ ჯავახიშვილსაც მომხდარი ფაქტები ,,აღარ ახსოვთ“… მინდა ყველა ჩემს მეგობარს და გულშემატკივარს გითხრათ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, რასაც ხელს ვერ შეუშლის ის დიდი ზეწოლა,რომელსაც მე და ჩემი მეუღლე და ოჯახის წევრები განვიცდით! მჯერა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია საკუთარი სიმართლის დამტკიცება, თუნდაც მრავალი უსამართლობისა და უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე“
ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძის მეუღლე: _ „ირაკლი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს მის დაკავებას, არ აღიარებს დანაშაულს, კერძოდ, თაღლითობის მუხლს არ ეთანხმება. ამბობს, რომ 60 ათასი დოლარი არის ჰონორარი, რომლის ნაწილიც აღებული აქვს. ამ თანხიდან დაახლოებით 30-35 ათასი დოლარი, რომელიც თურქულმა მხარემ ხელზე მისცა, კონტრაქტის თანახმად ოფიციალურ ანგარიშზე უნდა გადმოერიცხა, მაგრამ მათ დაარღვიეს კონტრაქტი. ირაკლი ამბობს, რომ არ გაუყალბებია მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილი და მისი სახელით არაფერი გაუგზავნია. პირიქით, ის მივიდა მუნიციპალური განვითარების ფონდში და სცადა, გაერკვია, ვინ გაგზავნა თურქულ მხარესთან ცრუ ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ ირაკლისთან თურქული კომპანია თავიდანვე პროვოკაციის მიზნით დააკავშირეს. სავარაუდოდ, იგეგმებოდა პროვოკაციის მოწყობა ნოდარ ჯავახიშვილისთვისაც, მაშინ ერთ-ერთი თურქული კომპანიის ადვოკატი ჯავახიშვილს კორუფციაში ადანაშაულებდა…  შესაძლოა,  ვიღაცას ამ საქმეში ირაკლის გამოყენება სურდა. თუმცა  დეტალები არ ვიცი,  შემდეგ რა მოხდა, ალბათ ირაკლი   თავად იტყვის… “
ჩანს, რომ ამ საქმეს სკანდალური გაგრძელება ექნება. მით უფრო საქმის არსებითი განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. ვინ არის ნოდარ ჯავახიშვილი, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის სამიზნე თუ უბრალოდ, თაღლითობისთვის დაკავებული კერესელიძის „მეგობარი ნოდარი“, რომელიც ადვოკატს დახმარებას სთავაზობდა?! ალბათ ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ, მით უფრო , რომ ამ სკანდალური საქმის არსებითი განხილვა მალე დაიწყება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაუგზავნა თურქულ მხარეს წერილი ტენდერში გამარჯვების შესახებ? ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ ირაკლი კერესელიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული პასუხი „დააფორვარდა“, შინაარსი კი შეცვალა, რაც მარტივად გასაკეთებელია. თუმცა ამას დადასტურება სჭირდება.
პ.ს. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას მოადგილედ დაინიშნა. ლაშა თორდიას გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე უფლებამოსილება 2017 წლის ივლისში ეწურება. მთავარი აუდიტორის პოსტზე   ერთ-ერთ კანდიდატად ნოდარ ჯავახიშვილიც განიხილება, თუმცა როგორც სახელისუფლო კულუარებში აცხადებენ, მისი შანსები  სხვა კანდიდატებთან შედარებით უკვე  მცირეა…

 

ეკა ასათიანი

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top