პოლიტიკა

21-ე საუკუნეში ადამიანებით ვაჭრობა არ უნდა ხდებოდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის  განცხადების თანახმად, „საქართველოს ამოცანა აქვს, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოვება ევროკავშირთან, აღნიშნული მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის. ეს ეხება იმ სფეროებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა დარჩენილი პერიოდისთვის. მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელება“. იანოშ ჰერმანის, ცოტა არ იყოს, კრიტიკაშეპარულ მესიჯს იურისტი ლია მუხაშავრია ეხმაურება.

ლია მუხაშავრია:

_ ბატონი ჰერმანის კომენტარი ჩემთვის გასაგებია. საქართველო  ყოველწლიურად სხვადასხვა ანგარიშებში წერს, რომ შეცვალა კანონმდებლობა, მიიღო ახალი კანონი, მიიღო ცვლილებები, დაუახლოვდა იმ სტანდარტებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს და გვავალებს. სწორი შენიშვნაა,  მარტო კანონის მიღება ან კანონში ცვლილება არ არის საკმარისი, საჭიროა ინსტიტუციონალური და ქმედითი მექანიზმები, რათა  კანონები ქაღალდზე არ დარჩეს. ჩვენი ყოფითი კულტურა,  საზოგადოებრივი ან  სოციალური ურთიერთობები არ არის იმ სტანდარტების შესაბამისი, რომელთაც ვესწრაფვით. ერთია,  როცა კანონმდებლობაა დარღვევის საფუძველი და მეორეა, როდესაც კანონმდებლობის მხრივ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პრაქტიკაშია ხარვეზები. ამიტომ თუ ორივე მხარე არ გამოსწორდა და არ იქნა შესაბამისი სტანდარტი მიღწეული, რა თქმა უნდა, უკეთესობა არ გვექნება. კარგია ეს შენიშვნა, იქნებ ამან მაინც აიძულოს ხელისუფლება, პრაქტიკულად გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც დაგვაახლოვებს ევროპას. მთავრობა კარგად ხატავს ხოლმე ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაფერი არც თუ ისე კარგადაა.

_ მართლა ასე შორს ვართ ევროპული სტანდარტებისგან?

_ ჩემთვის საინტერესო სფეროებია ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულების საკითხები და ამ მხრივ ევროპული სტანდარტებისგან და კანონმდებლობისგან  ძალიან შორს ვართ.  ევროპაში  თუ ვინმე დაგირღვევს უფლებას, მიმართავ სასამართლოს, ის აღგიდგენს უფლებას და  ევროსასამართლოში და გაეროში ჩივილი არ დაგჭირდება. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ არის და შეაბამისად, სანამ პრაქტიკა ასეთია, რომ საჯარო მოხელე არ ისჯება, არაფერი გვეშველება. ერთადერთი იყო ასანიძის საქმე, როდესაც სჭირდებოდათ, რომ აჭარის ყოფილი ხელმძღვანელობა დაესაჯათ და მართლაც დასაჯეს სისხლის სამართლის წესით. შემდგომში ეს პრაქტიკა არ გაგრძელებულა. მიუხედავად იმისა, რომ  საჯარო მოხელეებს მაღალ ხელფასებს ვუხდით, კარგ პირობებში ვამყოფებთ, მათი პასუხისმგებლობა მაინც არ გაიზარდა და არც გაზრდილ ხელფასებს და პრემიებს არ შეესაბამება. მათ არ აქვთ გაცნობიერებული, მეტი პასუხისმგებლობა რომ აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავებს. ბევრს ავიწყდება, რომ ჩვენს სამსახურში არიან და ამისთვის იღებენ ხელფასს. საქართველოში ჯერ არ არის ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ და ინტენსიური მუშაობა მოგვიწევს ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გაისარჯოს.

_ ელჩის მესიჯი ხომ არ განაპირობა საქართველოში   ბოლო დროს  განვითარებულმა მოვლენებმა, ვგულისხმობ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს,  თუნდაც დემირელის კოლეჯის მმართველის შესაძლო ექსტრადიციას?

_ რა თქმა უნდა, ელჩის მესიჯში ეს იგულისხმება. იყო შემთხვევა, როცა ორი ჩეჩენი დაიკარგა თბილისის ცენტრიდან, რომლებიც  სასამართლოს გავათავისუფლებინეთ და მერე ისინი რუსეთში საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ეს ამბავი უკვე მოხდა საქართველოში 2003 წელს და ევროსასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, დადგინდა  ექსტრადიციის უკანონო გადაწყვეტილება და მიუხედავად ამისა, 2017 წელს მსგავსი ფაქტი ხდება, რაც სრულიად დაუშვებელია. ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ისე უნდა შეცვლილიყო ყველაფერი, მათ შორის კანონმდებლობა, რომ მსგავსი დარღვევა აღარ მომხდარიყო. აღსრულება იმას კი არ გულისხმობს, რომ მხოლოდ კომპენსაცია გადაიხადო, ისე უნდა მოაწყო ქვეყანაში რეალობა, მსგავსი არ განმეორდეს. ჟურნალისტის გატაცება და თბილისის ცენტრიდან მისი ასეთი სახით აორთქლება,  არის სრულიად დაუშვებელი ფაქტი და, ბუნებრივია, ეს იწვევს იმ მითითებებსაც, რომლებსაც იღებს ხელისუფლება. საინტერესოა, ჭკუას თუ ისწავლიან და გაკვეთილი თუ იქნება, თორემ 21-ე საუკუნეში ადამიანებით ვაჭრობა არ უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით საქართველოში, რომელიც  ევროკავშირში ინტეგრაციისკენ  მიისწრაფვის.

ნანა ფიცხელაური

 

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top