ექსკლუზივი

„სად არის ის ერთი მილიონი?!“ – სკანდალი ნარმანიას მრჩევლის შესახებ, რომელიც როკფელერის ფონდმა უნდა დააფინანსოს

პირველ ივნისს,  europress.ge-მ გამოქვეყნა ინფორმაცია –როკფელერის ფონდი ნარმანიას მრჩეველს ხელფასს მილიონ დოლარს უნიშნავს“, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.  აღნიშნულ სტატიას მერიიდანაც გამოეხმაურნენ და შეგვატყობინეს, რომ  არც ეს „იღბლიანი მრჩეველი“ უნახავს ვინმეს და არც მილიონი დოლარი… ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.

 

არადა,  თავის დროზე სწორედ  თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  როკფელერის  ფონდი  თბილისის მერიას  21- საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევ, რისთვისაც 1 მილიონ დოლარი გადაეცემა უცხოელ ექსპერტ-მრჩეველს. ამ ძალისხმევის  მთავარი მიზანი კი ქალაქისთვის სტრესების და შოკების თავიდან არიდება იქნება.  როდის დაიწყეს მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, რათა თბილისს როკფელერის ფონდის დაფინანსება მიეღო?! რატომ გაჟღერდა ეს საკითხი მოახლებული  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ  და  შეუქმნა  თუ არა აღნიშნული პროექტის განხორციელებას საფრთხე ჯონ დ. როკფელერ III ის გარდაცვალებამ?! ამ და სხვა საინტერესო დეტალებში გასარკვევად,  მერიის ადმინისტრაციაში  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ანი არდალენს ვესაუბრეთ.

 

ანი არდალენი: „კი ამბობენ, რომ თბილისი როკფელერის ფონდის დაფინანსებას მიიღებს, მაგრამ  რეალურად ეს არის ორგანიზაცია „100 მედეგი ქალაქის  პროგრამა“, რომელიც   როკფელერის ფონდის მიერ ფინანსდება. მისი მთავარი მიზანია, რომ  ქალაქი იყოს გამძლე და მდგრადი მოსალოდნელი სტრესების და შოკების მიმართ,  სწორედ ამას გულისხმობს  სიტყვა მედეგიც, რაც  ბევრისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. მაშ ასე,  2015 წელს, „100 მედეგი ქალაქის პროგრამამ“  ქალაქის შერჩევის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა, თბილისის მერიამ აპლიკაცია შეავსო და განცხადება  ამ ორგანიზაციაში შევიტანეთ, რომელიც სწორედ ასი მედეგი ქალაქის სახელით არის ცნობილი.  2016 წლის მაისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შეგვარჩიეს.

_  ფართო აუდიტორიისთვის ეს ამბავი მოგვიანებით ( 2017 წლის პირველ თებერვალს) გახდა ცნობილი.  რამდენადაც ვიცი,  თავად როკფელერის ფონდის დაჟინებული სურვილით მოხდა მერიის მხრიდან  გაცხადება იმისა, რომ მილიონი დოლარი აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის მერის მრჩეველ-ოფიცერს  გამოეყოფოდა თბილისში…

_რა თქმა უნდა,  ფონდს სურს რომ, მათი სახელიც გავრცელდეს, რადგან ასე თუ ისე კარგ საქმეს ემსახურებიან. თუმცა, ფონდს არ   მოსწონს, როცა  ამ ერთ მილიონს ვასახელებთ, იმიტომ რომ ეს თანხა გრანტის სახით არ გადმოეცემა თბილისს. თანაც, შესაძლოა  რეალურად, მილიონზე მეტიც  აღმოჩნდეს საჭირო ან ნაკლებიც.  თითონ მედეგობის ოფიცერზე რომ ვსაუბრობდით, ე.წ. მრჩეველზე, მისი ხელფასიც განსაზღვრული არ არის.

_ თავის დროზე მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სწორედ ასე  იყო  ნათქვამი, რომ მერის, მრჩეველი – ასისტენტი მიიღებდა თანხას  1 მილიონ დოლარს…

_ ციტირებაში არის ნათქვამი, რომ ფონდი ერთი მილიონით გადაუხდის ხელფასს ამ მედეგობის მრჩეველს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  მისი ხელფასი იქნება ამ რაოდენობის. ქალაქის მთავრობა განსაზღვრავს  ამ ხელფასს და „ასი მედეგი ქალაქის პროგრამა“  როცა  დაგვიდასტურებს, რომ ეს მისაღებია  მათთვის, შემდეგ ჩაითვლება  გადაწყვეტილად აღნიშნული საკითხი.

_  და  რატომ ითქვა, რომ   ეს თანხა მრჩეველს გადაეცემა?

_ ეს თანხა არის კვლევებისთვის, ამა თუ იმ  დარგის სპეციალისტებისა და  ექსპერტების დაქირავებისთვის, რომლებიც თბილისის მედეგობის პროგრამაზე იმუშავებენ. სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება თანხაც, რომელიც შესაძლოა მეტიც იყოს ან ნაკლებიც.    ამ დროისთვის  ქალაქის ინტელექტუალური ბაზა 2-3  მილიონადაც კი არის შეფასებული.

_ და თავად მედეგობის ოფიცერს ან მრჩეველს რამდენი ექნება ხელფასი?

_2, 3 ან  4 ათასი. ეს საკითხი და სხვა პირობები   „ასი მედეგი ქალაქის პროგრამასთან“ არის შესათანხმებელი და დასადასტურებელი.   იმაზეც არის საუბარი, რომ  მედეგობის ოფიცერი   შესაძლოა  არა უცხოელი, არამედ ქართველი  იყოს. ასევე, სხვადასხვა ქალაქში მედეგობის ოფიცერს სხვადასხვა პოზიცია უკავია. ის შეიძლება იყოს ქალაქის მერის მრჩეველი, მოადგილე,  მედეგობასთან დაკავშირებული განყოფილების უფროსი, სპეციალისტი და ა.შ. ესეც განსასაზღვრი და შესათანხმებელია.

მოკლედ, შეირჩევა  თბილისისთვის  მოსალოდნელი შოკები და სტრესები და გაიწერება მედეგობის გეგმა,  შეიძლება  როკფელერის ფონდმაც დაგვახმაროს ექსპერტები .

_ და აღნიშნული კვლევები  წყალდიდობას აგვარიდებს, მიწისძრვას თუ რომელიმე  სხვა  ბუნებრივ სტიქიას?

_  მაგალითად, წყალდიდობის შემთხვევაში,  ეს სტრესი რომ  თავიდან ავირიდოთ,  ჩამოვა ექსპერტთა ნაწილი, მოგვცემს რეკომენდაციებს, იტყვის, თუ რა სჭირდება თბილისს.

_ ჩვენც ვიცით, რაც გვჭირდება…  სანიაღვრე სისტემაა გაუმართავი  ქალაქში და მგონი  შესწავლა კი არა,  გამოცვლა და მოწესრიგება  უნდა.  ამისთვის ფულს  არავინ გამოყოფს?

_ ისინი ამისთვის  თანხებს ვერ გამოყოფენ,  უბრალოდ, დაგვეხმარებიან ინტელექტუალურად… სტრესებს თუ დროულად ვერ გავუმკვლავდებით,  შოკები აუცილებლად იქნება.

_ თქვენი აზრით, რა უნდა გამოვიკვლიოთ  საერთოდ,  რომ მიწისძვრა  თავიდან  ავირიდოთ?
_მე არ ვარ ექსპერტი, რომ გიპასუხოთ.

_იაპონიაც კი  ვერ ირიდებს თავიდან  მიწისძვრებს და წყალდიდობებს.

_აქ საუბარია იმაზე, მიწისძვრა რომ მოხდეს,  ქალაქს  თუ აქვს გეგმა, რითაც იხელმძღვანელებს. ყველა დაბნეული არ უნდა იყოს…  როგორც გითხარით, არ ვარ ექსპერტი, ამ რეკომენდაციებს და რჩევებს   მოსახლეობას სპეციალისტები მისცემენ.

_2016 წლის მაისში   თუ  „100 მედეგმა  ქალაქმა“  გადაწყვეტილება მიიღო, რით ვეღარ შეირჩა მედეგობის ოფიცერ-მრჩეველი?

_  ჯერჯერობით არც ხელშეკრულება გაფორმებულა ამასთან დაკავშირებით, არც ვაკანსია გამოცხადებულა.  ვაკანსიის გამოცხადება არც არის აუცილებელი, რადგან  მედეგობის ოფიცერი  არ  გახლავთ საჯარო სამსახურის თანამშრომელი.

_ გასაგებია მაგრამ ოფიციალური საფუძვლით  ხომ უნდა მოხდეს ამ მრჩევლის შერჩევა, ამხელა ამბავი  ვინმეს ხასიათზე ხომ არ უნდა იყოს დამოკიდებული?

_ 100 მედეგი ქალაქის პროგრამის  ხელმძღვანელობა მოგვცემს შესაბამის მიმართულებებს… იანვარში მოვიწვიეთ პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც  დაიწყეს  ანალიზების გაკეთება  ქალაქის მედეგობაზე. ისინი  დაწერენ ამ ყველაფერს, რამდენიმე თვეში  ან კვირაში  გაგვაცნობენ. შემდეგ რიგ პირობებს „ასი მედეგი ქალაქის პროგრამის“ ორგანიზატორებთან შევათანხმებთ და  პროექტის განხორციელებასაც დავიწყებთ.

_ თუ ვერ შეათანხმეთ, პროექტი  განუხორციელებლი დარჩება?

_ არა,  ყველა ვარიანტში განხორციელდება, რადგან უკვე პროგრამის წევრები ვართ.

_ ჯონ დ. როკფელერ III -ის გარდაცვალებამ ასი მედეგი ქალაქის პროგრამის განხორციელების საკითხი ეჭვქვეშ ხომ არ დააყენა?
– არა,  არანაირად…    რამდენადაც ვიცი, ამ პროექტის ორგანიზატორებს როცა ვესაუბრე, ისინი პირიქით, მსოფლიოში მეტ  განვრცობასა და გაფართოებაზე ფიქრობენ.

ეკა ასათიანი

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top