მთავარი

რატომ დაბრუნდა მთავარ პროკურატურაში ბადაშვილი და ჩაიფარცხება თუ არა ფარცხალაძის საქმე?!

სწორედ  მაშინ, როდესაც მთავარი აუდიტის ცემის ფაქტი (ყოფილი მთავარი პოკურორის მიერ) მთელ საქართველოს პირზე ეკერა, რატომღაც  ყველას გამორჩა ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის პოსტპროკურორული ფინანსური აღზევება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ის  სახელმწიფოს პოლიტიკური ვერტიკალის ინტერესებთან უნისონში იყო. მას შემდეგ კი, რაც ყოფილ მთავარ პროკურორს საკუთარი ინტერესები   დამოუკიდებლად გაუჩნდა, მავანმა მისი ჩაჩოჩება განიზრახა…  აუდიტის დასკვნებმაც სწორედ მაშინ იჩინა თავი, რაც გამორიცხული არ არის, რომ  ვერტიკალის ზემო ეშელონიდან ვინმეს სურვილიც  და  მითითებაც იყო. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს ბოლომდე გაწირავენ, რადგან მას  პოლიტიკური ვერტიკალის ფინანსურ ინტერესებთან დაკავშირებით  ზედმეტად ბევრი ინფორმაცია აქვს.  თუმცა  გიორგი ბადაშვილის მთავარ პროკურატურაში დაბრუნება აშკარად ფარცხალაძის მოთოკვას ნიშნავს.  ამგვარ მოსაზრებას  ევროპული საქართველოს წევრი  ირმა ნადირაშვილიც ავითარებს.  „გიორგი   ბადაშვილის  მთავარ პროკურატურაში გადაყვანა,  ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს ბიძინა ნამდვილად შემოსწყრა და მას მოუწევს პოზიციების ნელ-ნელა დათმობა. ფარცხალაძე  აკონტროლებდა მთავარ პროკურატურას, ასევე, ფინანსურ სამსახურს ფინანსთა სამინისტროში. ახლა კი  ეს წრე მისთვის ვიწროვდება და ბადაშვილი გადაჰყავთ სწორედ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია.“- აცხადებს ნადირაშვილი.  აღსანიშნავია, რომ ბადაშვილი 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ყოფნამ კი მას  ალბათ საკამარისად  მისცა ინფორმაცია, თუ სად გადის სახელისუფლო ვერტიკალის ინტერესების ზღვარი, რომელიც ფარცხალაძემ გადაჰკვეთა. საინტერესოა, როდის დაიწყო ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლად მოქმედება?!

ფაქტები  ასეთია: 2014 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა შპს „როიალ დეველოფმენთი“, რომლის 40 % -იანი  წილის მფლობელი 2016 წლის 29 ივნისამდე სწორედ  ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გახლდათ.

ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შევსებული აქვს ორჯერ, პირველი – 2013 წლის 5 ივნისს და მეორე – 2014 წლის 28 თებერვალს. 2013 წელს დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ხოლო 2014 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში , როგორც მთავარ პროკურორს. 2013 წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ის არის შპს „ბოდი გარდი” – ს მეწილე, თუმცა არა აქვს მითითებული კომპანიები შპს „მიტერა” და შპს „ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი.“  შპს „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტი” 2006 წლის 17 ივლისს  არის დარეგისტრირებული, რომლის მესაკუთრეც შემდეგ შპს „როიალ დეველოფმენთი“ გახდა. ( აღსანიშნავია, რომ  „როიალ დეველოფმენთი” 2014 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა). რაც შეეხება შპს „მიტერას“, ეს კომპანია 2005 წლის 3 ივნისს არის დარეგისტრირებული, რომლის 75% წილის მფლობელი ქეთევან ცქვიტინიძეა (ოთარ ფარცხალაძის მეუღლე) და 25% წილის მფლობელი კი თავად ოთარ ფარცხალაძეა,   თუმცა ოთარ ფარცხალაძე 25% წილის მფლობელი 2016 წლიდან არის. ასე, რომ თვალსაჩინოა, რომ ფარცხალაძის ფინანსური აღზევება სწორედ მის პოსტპროკურორობის პერიოდიდან დაიწყო.    ხოლო ზემოთ დასახელებული ყველა შპს, სადაც ფარცხალაძისა ან მისი მეუღლის, ქეთევან ცქვიტინიძის სახელი და გვარი ფიგურირებს, წლების განმავლობაში  სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში  წარმატებით მონაწილეობდნენ. საპარტნიორო ფონდი კი  „როიალ დეველოფმენტთან“ ერთად  მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის ნაწილების კომპოზიტური  ქარხნის პროექტთან იყო დაკავშირებული. როცა აღნიშნული ფონდის მოადგილე  უჩა მამაცაშვილია ( ბიძინა ივანიშვილის ნათესავი) რომელიც ხელს უწყობს „როიალ დეველოფმენთს“ ფინანსურ წარმატებაში, ხოლო ამ შპს მეწილე ( რაღაც პერიოდში) ანუ  ფარცხალაძე ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო ფიგურად იყო მიჩნეული, ცხადია, ამ უკანასკნელის  დამოუკიდებელი მოქმედებები  არავის მოეწონა. სავარაუდოდ,  ოთარ ფარცხალაძე თბილისის მერიასთან მოლაპარაკების თუ გარიგების გზით, დიდი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა, რომლის შესახებაც არავინ იცოდა და ცხადია, ეს ამბავი არც დაიმალა და უკმაყოფილების საფუძველიც გახდა. ჩანს, ამ მიწებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ვერტიკალს სხვა გეგმებიც ჰქონდა. რაც შეეხება აუდიტის ყბადაღებულ ხმაურიან დასკვნას ( რაც ზემოთ აღნიშნული მიწების გასხვისების  ფაქტს შეეხებოდა), რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით,  მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას  ცემის ფაქტი მოჰყვა,  საზოგადოება კარგა ხანს  ვეღარ იხილავს, შესაძლოა კი საერთოდაც, ჩაიფარცხოს.  მით უფრო, რომ ასევე, გახმაურებული ინფორმაციის თანახმად, ორი დაუსრულებელი დასკვნა დევს აუდიტის სამსახურში, სადაც ზემოთ ხსენებული  მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით  სხვადასხვაგვარი სამართლებრივი შეფასებაა გადმოცემული. როდის დადებს საბოლოო დასკვნას აუდიტის სამსახური? დრო საკმაოდ  გაიწელა, თუმცაამ დასკვნის დადებას ნაცემი ლაშა თორდია უმოკლეს ვადაში აანონსებდა(?!) აღნიშნულის გასარკვევად  europress.ge აუდიტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. „ ის ინფორმაცია, რაც გასაჯაროვდა, მხოლოდ შუალედური დასკვნა იყო, მუშაობა მიმდინარეობს და  ჯერაც არ დასრულებულა. დასრულებისა და და საბოლოო დასკვნის დადების ( დამტკიცების) შემდეგ  დადგენილია 20 დღიანი ვადა,  რომლის გასვლის შედეგაც მისი გამოქვეყნება  სავალდებულოა.  აი, საბოლოო დასკვნის დასადებად რა დროა საჭირო, ამასთან დაკავშირებით  კანონით   დადგენილი ვადა არ არსებობს და შესაძლოა, პროცესი საკმაოდ გაჭიანურდეს.“ -განაცხადეს „აუდიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. შეიძლება ვივარაუდოთ, პოლიტიკური ვერტიკალი თორდიას  ფარცხალაძესთან ანგარიშსწორების საშუალებას არ აძლევს, მით უფრო, რომ მათმა დაპირისპირებამ ხელისუფლებისთვის მადისკრედიტებელი ხასიათი შეიძინა. ასე რომ,  შეგვიძლია  ვივარაუდოთ, რომ  ფარცხალაძის გაზრდილ მადას    და ამბიციებს სხვაგვარად   მოუვლიან.

ეკა ასათიანი, თამარ როსტიაშვილი

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top