საზოგადოება

ვის იწუნებს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატებიდან სახალხო დამცველი?! უჩა ნანუაშვილი: „სიაში მოხვდნენ ისინი, ვისი საქმინობაც კითხვის ნიშნებს აჩენს“

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  მიიჩნევს, რომ სპეციალური კომისია, რომელიც ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ქართველ კანდიდატებს ირჩევს, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და ნაკლებად პოლიტიზებული უნდა იყოს.

„ვიტყოდი, რომ  ხუთეულის შერჩევა არ მოხდა პროფესიული ნიშნით. პირველი ორი  – ლადო ჭანტურია და სოფიო ჯაფარიძე მართლაც ღირსეული კანდიდატები არიან  და  მე პირადად, მათ მაღალი ქულები დავუწერე. ჩემთვის გაუგებარია,  რა ნიშნითა და  დამსახურებით  შეირჩა დანარჩენი კანდიდატები. სამწუხაროა, როდესაც რაღაც გადაწყვეტილების უკან კონკრეტული დასაბუთება და ინფორმაცია არ ჩანს. ჩემი აზრით, საკმარისი გამოცდილებისა და  კომპეტენციის მქონე მოსამართლეების ნაცვლად, სიაში მოხვდნენ ისინიც, რომელთა საქმიანობაც  კითხვის ნიშნებს აჩენს.  მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომისიის წევრთა ნაწილი  შეფასებაში ობიექტური არ იყო  და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ კანდიდატებს დაბალი ქულები დაუწერეს. მიმაჩნია, რომ  კომისიის შემადგენლობა უფრო მეტად პროფესიული ნიშნით  უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული და  ნაკლებად – პოლიტიზებული ადამიანებით. კარგი იქნებოდა საზოგადოებას დაენახა და გასაჯაროებული ყოფილიყო, კომისიის რომელმა წევრმა  თითოეულ კანდიდატს რა შეფასება დაუწერა. ფაქტია, რომ რამდენიმე მოსამართლემ, რომელთა გადაწყვეტილებაც დროთა განმავლობაში კრიტიკას ვერ უძლებდა,  მაღალი ქულები მიიღო მათთან შედარებით, ვინც სასამართლო  საქმის კორიფეებად შეიძლება ჩაითვალონ.  როგორც ჩანს,  ხელისუფლებას არ აწყობდა მოსამართლეთა ღირსეული ხუთეული  და ჯგუფი გარკვეული პოლიტიკური ნიშნით შეირჩა. წლებია სასამართლო სისტემას ვაკრიტიკებთ, საზოგადოებას არ აქვს წარმოდგენა, თუ რა დამსახურების გამო ხდება მოსამართლეთა დანიშვნა, არჩევა თუ დაწინაურება. სამწუხაროდ, ეს  გაუგებარი და გაუმჭვირვალე პროცესია,  უზარმაზარი ძალაუფლების  მქონე იუსტიციის საბჭო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს და არ ითვალისწინებს იმას, რომ  საზოგადოების წინაშე ისევეა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული, როგორც სხვა ნებისმიერი  სახელმწიფო სტრუქტურა“,- განაცხადა ომბუდსმენმა..

შეგახსნებთ, რომ იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან: ლადო ჭანტურია – 5, სოფიო ჯაფარიძე – 4.69, შოთა გეწაძე – 3.85, თამარ ალანია – 3.77 და   ირაკლი დონდოლაძე – 3.69. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.

უწყებამ ასევე გამოაქვეყნა სხვა კანდიდატების ქულები: იოსებ ბაჩიაშვილი – 3,46; კონსტანტინე კორკელია – 3,07; ლევან მესხორაძე – 2,46; დავით ჯანდიერი – 2,38; ბესარიონ ბოხაშვილი – 2,30; კონსტანტინე ვარძელაშვილი – 2,07; ერიკ სვანიძე – 2; ირაკლი ადეიშვილი -1,69; ნიკოლოზ ლეგაშვილი – 1,69; სოფიო ჯაფარიძე – 4,69; თამარ ალანია – 3,76; ნინო ბაქაქური – 2,61; ქეთევან მესხიშვილი -2,53; თამარ ალექსიძე – 2,07; ვერა დობორჯგინიძე – 2,07; მაია კვირიკაშვილი – 1,92; თამარ გაბისონია – 1,84; რუსუდან კემულარია -1,69; ლუიზა ხითარიშვილი – 1,30 და ნატალია გელაძე – 1.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top