მსოფლიო

ტრამპის პირველი საგარეო ტურნე დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საგარეო ვიზიტები საუდის არაბეთით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ერთად, ერ-რიადში ჩაფრინდა. დაგეგმილ სამიტზე ის სიტყვით 40 ისლამური ქვეყნის ლიდერის წინაშე წარდგება და „ისლამის მშვიდობიან ინტერპრეტაციაზე“ ისაუბრებს – წერს დასავლური მედია.

ერ-რიადის სამიტის დღის წესრიგში ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლისა და რეგიონში ირანის გავლენის ზრდის საკითხი განიხილება. აქამდე ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა თეირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას, რომლითაც ირანს სანქციები შეუმსუბუქდა.

საუდის არაბეთის გარდა , რვადღიანი ტურნეს ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელს, პალესტინას, ბრიუსელსა და ვატიკანს ეწვევა, ასევე, დაესწრება „დიდი შვიდეულის“ სამიტს სიცილიაში. ტრამპის ტურნე პოლიტიკურთან ერთად, რელიგიური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია, რადგან ამ გზით ის 3 მონოთეისტური რელიგიის – ისლამის, იუდეიზმისა და ქრისტიანობის ცენტრებს მოინახულებს.

ცოტა ხნის წინ, მუსლიმების ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის გამო, ტრამპი კრიტიკის ობიექტი გახდა. განკარგულება რომლითაც მან 7 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებს შტატებში შესვლა აუკრძალა, სასამართლოში დღემდე საჩივრდება.

ტრამპის ვიზიტი სკანდალის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც მის მიერ FBI-ის შეფის გადაყენებას მოჰყვა, რომელიც რუსეთთან ტრამპის გუნდის შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top