დედაქალაქი

„გენგეგმის პროექტით მსხვილი დეველოპერების ინტერესების გათვალისწინება ხდება“

„გენგეგმის პროექტით  მსხვილი  დეველოპერების ინტერესების გათვალისწინება ხდება?!“

 

 

„თბილისის ჰამქარის“ წევრი, არქიტექტორი სანდრო სალარიძე  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ავტორებს მსხვილ დეველოპერულ კომპანიებთან კომპრომისების გამო საყვედურობს.

 

„არსებობს რამდენიმე მძლავრი დეველოპერული ორგანიზაცია, რომლებმაც ქალაქი  გავლენის ზონებად  დაჰყვეს,   ახლა კი ახალი ტერიტორიების ათვისება სჭირდებათ. ჩემი აზრით, მათ ამის საშუალებას აძლევს  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც  ყველა მხარის კომპრომისულ ვარიანტს   წარმოადგენს.  ამ  გენგეგმის პროექტის  ავტორები ღიად აცხადებენ, რომ ქალაქის განაშენიანება  შემოგარენში   არ უნდა მოხდეს.  თუმცა რგორც ჩანს, ეს შეზღუდვა მხოლოდ   ლისის ტბის  მიმდებარე  ზონას  და კიდევ ზოგიერთ ტერიტორიას ეხება და არა – სრულიად შემოგარენს.  რამდენადაც ვიცი, მათ მონიშნული აქვთ ზოლები, სადაც შესაძლოა  ქალაქის განაშენიანება გაგრძელდეს.  ეს ტერიტორიები არის დიღმისა და თბილისის ზღვის მიმართულებით.   მათი ხედვით სატრანსპორტო განვითარება  დაშვებულია   მთაწმინდის,  კრწანისის, წავკისის, კოჯრის მიმართულებით… მოგეხსნებათ, ტაბახმელისკენ გზა უკვე გაიჭრა,  განადგურდა მწვანე საფარი და ნარგავები, გაიჩეხა ხეები. ცხადია, როცა  ახალი გზების და ე.წ.  შოსეების გაყვანა ხდება, იქ განაშენიანების  ჩართვა  თანმხლები პროცესია…  ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზემოთ დასახელებული მიმართულებით მსხვილი დეველოპერების ინტერესების გათვალისწინება ხდება.“ – განაცხადა არქიტექტორმა სანდრო სალარიძემ.  თუმცა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტირები მას არ ეთანხმებიან. აღსანიშნავია, რომ პროექტი   ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი­ საქართველომ“ და მისმა 8 პარტნიორმა ორგანიზაციამ შეიმუშავა, რომელიც 5 ივნისს მერიას განსახილველად გადაეცემა.  მისი ერთ-ერთი თანაავტორი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე მერიისთვის  წარსადგენი    პროექტის მთავარ მიმართულებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  გენერალური გეგმის ერთ-ერთი ძირიღადი  მიმართულება სწორედ ის არის, რომ ქალაქი  არ  გაიშალოს.

„პირიქით,  გენგეგმა კომპაქტური ქალაქის იდეას ავითარებს და განაშენიანების კონტურების გარეთ გასვლას ეწინააღმდეგება. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ  ქალაქი ძალიან არ  უნდა გაიშალოს კოჯრის მიმართულებით, ლისის ტბის მიმდებარედ, დიდი დიღმის სიბრტყეებზე, თბილისის ზღვის გარშემო და ა.შ.  აი,   სადაც უკვე განაშენიანება დაწყებულია, სამწუხაროდ, იქ  ვერაფერს ვახერხებთ. მეორე მიმართულება – ქალაქის გამწვანების პრობლემას   უკავშირდება. ჩვენთან კაცზე 4 კვ.მ.  გამწვანების ზოლი მოდის, ევროპული სტანდარტით კი საშუალო მაჩვენებელი 15-18 კვმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ქალაქის გარე განვითარება უნდა შევაჩეროთ, რადგან გარე  ტერიტორიებიდან შემოღწეული ჟანგბადით მაინც  ვისუნთქოთ. გამწვანების ზოლების შექმნას კი წლები დასჭირდება.  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ  ყოფილი  საწარმოების მიტოვებული ტერიტორიები, რომელთა ნახევარი რეკრეაციულ ზონებად შესაძლოა ვაქციოთ.   ქალაქს  აქვს სხვა შიდა რესურსიც,  ეს არის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომელთა დიდი ნაწილი, ასე თუ ისე, მისაღებია და 6,5 მილიონ კვმ ფართობზეა გათვალისწინებული.  ეს ტერიტორიაც  როგორც განაშენიანების, ასევე გამწვანების თვალსაზრისით   შიდა რესურსად შესაძლო მივიჩნიოთ. მესამე  ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის  ქალაქის სატრანსპორტო  განვითარება. ბევრ შემთხვევაში  უპირატესობა ქვეითად მოსიარულეს  უნდა მიენიჭოს, შემდეგ ველოტრანსპორტს, მერე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მსუბუქსა და სატვირთო ავტომობილს. წესების შემოღებით, ამის დარეგულირება შესაძლებელია. ქალაქი რომ განიტვირთოს, რამდენიმე ცენტრი უნდა გააჩნდეს. ამ მიზნით  5 არეალი მოვნიშნეთ.  ასეთებია: გლდანი-თემქა-მუხიანის მონაკვეთი,­ დიდი დიღმისა და სამხედრო გზის კვეთა, საბურთალოს ტერიტორია, სამგორის სადგურის მიმდებარე ადგილი, „ისთ პოინტის“ არეალი. ამ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურაც შესაბამისად უნდა განვითარდეს, ცენტრი მრავალფუნქციური უნდა იყოს. ადამიანს საცხოვრებელთანვე უნდა ჰქონდეს მომსახურების ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო დაწესებულება და ა.შ.  ეს  გარკვეულწილად მობილობას მოაწესრიგებს, რაც თავის მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდება.“- აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.

ეკა ასათიანი

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top