„ქართული მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთს არ გადასცემს“
24 მაისს, დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი და პედაგოგი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაცია FETO-სთან კავშირის გამო ადანაშაულებს და საქართველოს მის გადაცემას სთხოვს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახი და ადვოკატი სოსო ბარათაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველს და პედაგოგს თურქულ მხარეს არ გადასცემს.
„მუსტაფა ემრესთან საქართველოს ხელისუფლებას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, რაც კრიმინალურმა პოლიციამ განახორციელა. ჩვენ გადმოგვცეს მასალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობა დასდო. ამ ტერორისტულ ორგანიზაციად კი FETO არის დასახელებული. თუმცა მთავარი ის არის, რომ მასთან ბატონ ჩაბუქს არავითარი კავშირი არ აქვს. თურქული მხარის მასალების მიხედვით, ბატონი ჩაბუქი იყო დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი პარტნიორის მინდობილი პირი ,რომელსაც აშშ-ში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიისთვის სურდა საკუთარი წილის მიყიდვა. ჩვენი აზრით, ზემოთ აღნიშნული კომპანიის რამე სახის დაკავშირებაც კი FETOS-სთან სრულიად აბსურდულია. რაც შეეხება ჩაბუქს, ის არ არის ინტერპოლით ძებნილი. ე.ი. მას მხოლოდ თურქეთის ხელისუფლება ეძებს. რასაკვირველია, საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას მიველსალმებით. ასევე, ვთვლით, რომ ტერორიზმის მიმართ გატარებული უნდა იყოს ქმედითი ნაბიჯები, მაგრამ უდანაშაულო ადამიანის გადაცემა სახელმწიფოსთვის, როცა მას იქ მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ყოვლად დაუშვებელია. თურქეთმა უკვე ბევრ სახელმწიფოს მიმართა ანალოგიური მოთხოვნით, რათა გადაეცათ მისთვის ესა თუ ის მოქალაქე, რასაც ევროპის ქვეყნები არ დათანხმდნენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამგვარ მოთხოვნას ინდონეზია და საუდის არაბეთი დაეთანხმა და თურქეთს მოქალაქე გადასცა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთს არ გადსცემს “ _ განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა სამი თვის ვადით უკვე შეეფარდა. ჩვენი კანონმდებლობით ამ ვადის 9 თვემდე გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა იუსტიციის მინისტრს აღნიშნული ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ექსტრადიციაზე ან პირიქით, მასზე უარის თქმა. თავად იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება კი შესაძლოა სასამართლო წესით გასაჩივრდეს.